განათლება (ჟურნალი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„განათლება” (1919-1920) - ყოველთვიური სამეცნიერო-პედაგოგიური და სალიტერატურო ჟურნალი. აღმოსავლეთ საქართველოს (1919), შემდეგ კი სრულიად საქართველოს მასწავლებელთა კავშირის ორგანო (1920). გამოცემას ხელს აწერს სარედაქციო კოლეგია - ვ. ბურჯანაძე და პ. ჭანიშვილი. იბეჭდებოდა თბილისში.

ჟურნალი ლ. ბოცვაძის ჟურ. „განათლებიდან“ წარმოიშვა და მისგან განსხვავდება სპეციალური სასკოლო-პედაგოგიური მიმართულებითა და შინაარსით. გამოცემა სანახევროდ საქართველოს ეროვნული საბჭოსა (1919) და შემდეგ განათლების სამინისტროს (1919-1920) ხარჯზე არსებობდა. სულ გამოვიდა შვიდი ნაკვეთი. ჟურნალში ასახულია განათლების სამინისტროს მუშაობა, განათლების მდგომარეობა მაზრებში, სკოლის რეორგანიზაციის პროცესი, ცალკეული თეორიული საკითხები. იბეჭდება მასწავლებელთა ყრილობების ოქმები და რეზოლუციები. წამყვანი ავტორები იყვნენ: ლ. ბოცვაძე, გ. ნათაძე, იპ. ვართაგავა, ვ. ბარნოვი, დ. თურდოსპირელი, მ. ზანდუკელი, ალ. მიქაბერიძე და სხვ.

1919 წლის პირველ ნომერში გამოქვეყნებულ ლ. ბოცვაძის სტატიაში „მეცნიერება და სახალხო განათლება“ საუბარია ცოდნისა და სწავლის მნიშვნელობაზე. იპ. ვართაგავას წერილში „კლასის აღმზრდელთა ინსტიტუტი საშუალო სკოლაში (განათლების სამინისტროს უკანასკნელი ცირკულიარის გამო)“ აღწერილია იმდროინდელი სკოლის მდგომარეობა, ავტორი მსჯელობს მასწავლებლის უფლება-მოვალეობებზე, ასევე, სწავლების პროცესსა და იმ მეთოდებზე, რომლებსაც სკოლის დონე უნდა აემაღლებინა. ჟურნალში გამოქვეყნებულია სასკოლო - საგანმანათლებლო საკანონმდებლო აქტები და პროექტები. მაგ., „წესდება აღმოსავლეთ საქართველოს სახალხო მასწავლებელთა კავშირისა“, „საპენსიო კასის სახალხო სკოლის მასწავლებელთათვის (პროექტი)“, „სრულიად საქართველოს მასწავლებელთა კავშირის წესდება (პროექტი)“ და სხვ.

1920 წლის ზოგიერთი ნომერი იყოფა ოფიციალურ და არაოფიციალურ განყოფილებებად. ოფიციალურ განყოფილებაში გამოქვეყნდა: „დეკრეტი რესპუბლიკის სამოქალაქო დაწესებულებათა მუშა-მოსამსახურეთათვის ჯამაგირების მომატებისა“, „მოხსენება პირველ დაწყებით სკოლებისათვის მასწავლებელთა 6-თვიანი კურსების მოწყობისათვის“, „მოხსენება სკოლის გარეშე სწავლების შემოღების შესახებ“ და სხვ. არაოფიციალურ განყოფილებაში კი დაიბეჭდა: ძილნარევის „ინსტრუქტორები და შკოლა“, სტ. ნიკოლაიშვილის „განახლებული სკოლის გზა“ და რ. ნიკოლაძე-პოლიევქტოვისა და გ. ნიკოლაძის მოხსენება „სასკოლო რეფორმა, ქართული მეცნიერული ენა და ქართული ზეპირი თვლა“.

1920 წლის მეორე ნომერში გამოქვეყნდა შ. ნუცუბიძის სტატია „მეცნიერება და ფილოსოფია“, ხოლო 1920 წლის მესამე ნომერში - მ. ზანდუკელის სტატია „ახალი სკოლის ძირითადი პრინციპები“; ს. დანელიას „საქართველოს სკოლის სისტემის რეორგანიზაციის საკითხი“, ფ.მ-ს „რა მოგვცა ყოფილმა განათლების სამინისტრომ?“ - სამინისტროს მუშაობის შეფასება და სხვა პუბლიკაციები.

განათლების საკითხების განსჯისას უცხოეთის გამოცდილების მკითხველისათვის გაზიარებას ისახავს მიზნად ი. გოგიას წერილი „სოფლის სკოლები ჩრდილოეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში“. 1919 წლის „განათლების“ მეორე ნომრის დიდი ნაწილი მიეძღვნა პედაგოგის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის - ლ. ბოცვაძის ხსოვნას; დაიბეჭდა ი. გოგიას და შ. მღვიმელის ლექსები. გრ. მაჭავარიანის, ს. ფირცხალავას, ალ. მიქაბერიძის, ლ. ზვანელის, შ. კაკაბაძის წერილები, ასევე, სამგლოვიარო დეპეშები და ლ. ბოცვაძის ნაშრომების ბიბლიოგრაფია.

ჟურნალის რუბრიკებია: „ბიბლიოგრაფია“ და „მოწერილი ამბები“. რუბრიკით „მოწერილი ამბები“ გამოქვეყნებულია საქართველოს რეგიონებში განათლების მდგომარეობის ამსახველი წერილები: „განათლების მდგომარეობა თელავის მაზრაში“, „სკოლების მდგომარეობა თიანეთის მაზრაში“ და სხვ., ხოლო „ბიბლიოგრაფიით“ დაბეჭდილ რეცენზიებში შეფასებულია ცალკეული სახელმძღვანელოები და ნაშრომები. მაგ., მეორე ნომერში გამოქვეყნებულ ს. დანელიას რეცენზიაში განხილულია თბილისის უნივერსიტეტის მოამბის №1 ნაკვეთი.

მარი წერეთელი

ლიტერატურა

  • ჟურ. „განათლება”- 1919, №1-2, 1920 №6- 7.
  • გ. ბაქრაძე, ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია, 1819-1945, თბ., 1947.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები