განიღბვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

განიღბვა - (ფრანგული demasquer - გამომჟღავნება), შენიღბვის დარღვევა, რომელიც მოწინააღმდეგეს საშუალებას აძლევს განიღბვის ნიშნების ანალიზით გამოავლინოს ჯარების (ძალების) არსებობა, მათი დაჯგუფება, საბრძოლო მოქმედებისთვის მზადება, ცეცხლის სისტემა, ადგილმდებარეობის საინჟინრო მოწყობის ხასიათი და ა.შ.

განიღბვის ნიშნებს შეიარაღებული ძალების ყოველ სახეობასა და ჯარების თითოეულ გვარეობაში აქვთ დამახასიათებელი თავისებურებები.

სარჩევი

განიღბვის ძირითადი ნიშნები

განიღბვის ძირითადი ნიშნებია:

  • შეიარაღების, საბრძოლო ტექნიკისა და ტრანსპორტის ხასიათი და რაოდენობა;
  • ჯარების განლაგების რაიონების და პოზიციების რაოდენობა, სიდიდე და მდებარეობა ადგილზე, მათი დაშორება მოწინააღმდეგისა და ერთმანეთისგან;
  • კოლონების სიგრძე და შემადგენლობა, მათი გადაადგილების მიმართულება;
  • დაზვერვის და ცეცხლის წარმოების რეჟიმი;
  • რადიოელექტრონული საშუალებების მდებარეობა, მუშაობის ხასიათი და ინტენსივობა;
  • ჩასასვლელების, ახალი გზების, ბილიკების გაჩენა;
  • სამზარეულოების, კოცონების, ღუმლების კვამლი, ფარების, ფარნების შუქი;
  • სხვადასხვაგვარი ხმაური გადაადგილების და სამუშაოების შესრულების დროს.
  • თავდაცვითი ბრძოლისთვის მზადება შეიძლება დადგინდეს არტილერიის საცეცხლე პოზიციების და საყრდენი პუნქტების განლაგების, წინა ხაზთან საინჟინრო ღობურების მოწყობის მიხედვით;
  • ზურგში ჯარის ნაწილების გაყვანის და ეშელონების დაწყობის მიხედვით;
  • ავიაციის უფრო დაშორებულ აეროდრომებზე გადაყვანით და სხვა.
შეტევისთვის მზადების განიღბვის ნიშნები

შეტევისთვის (კონტრშეტევისთვის) მზადების განიღბვის ნიშნები შეიძლება იყოს

  • დაზვერვის და რეკოგნოსცირების ჯგუფების მოქმედების გააქტიურება;
  • ჯარების (ძალების) თავმოყრა გარკვეულ მიმართულებებზე და რაიონებში;
  • ავიაციის გადაყვანა მეწინავე აეროდრომებზე;
  • დამატებითი გზების მოწყობა, მატერიალური საშუალებების მიწოდება;
  • ღობურებში გადასასვლელების გაყვანა;
  • ლოდინის პოზიციების მოწყობა და ტანკების წაწევა თავდაცვის წინა ხაზისკენ;
  • ჯარების გადაჯგუფება და შეცვლა.
სარაკეტოც ნაწილების გასაშვებად მზადების მაჩვენებელი განიღბვა

სარაკეტო ნაწილების (ქვედანაყოფების) გასაშვებად მზადების მაჩვენებელი განიღბვის ნიშნები შეიძლება იყოს:

  • საბრძოლო მართვის სიგნალების გადაცემა;
  • მორიგე ცვლების შემადგენლობის გაძლიერება;
  • ძირითად სასტარტო პოზიციებზე მოძრავი სარაკეტო კომპლექსების გაყვანა.
საბრძოლო მოქმედებისთვის ავიაციის მზადების ნიშნები

საბრძოლო მოქმედებისთვის ავიაციის მზადების ნიშნებია:

  • საჰაერო დაზვერვის აქტივობის ამაღლება;
  • საავიაციო ნაწილების გაშლა და გადაყვანა ოპერატიულ აეროდრომებზე;
  • აეროდრომებზე მატერიალური საშუალებების მომეტებული მარაგის შექმნა;
  • რადიოგაცვლის გაძლიერება;
  • აეროდრომების დიდი ნაწილიდან თვითმფრინავების ერთდროული აფრენა.
საბრძოლო მოქმედებისთვის საზღვაო ძალების მზადების ნიშნები

საბრძოლო მოქმედებისთვის საზღვაო ძალების მზადებაზე შეიძლება ვიმსჯელოთ საბრძოლო უზრუნველყოფის გაძლიერების, ხომალდებზე და ბაზებში მატერიალური საშუალებების შევსების, ზღვაში ხომალდების გასვლის, წყალქვეშა ნავსაწინააღმდეგო ძალების საქმიანობის გაძლიერების მიხედვით და სხვა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები