განძის ანგელოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

განძის ანგელოზი – ხევსურული ჯვარ-ხატების ვერცხლის რიტუალური სასმისების, ე. წ. თას-განძის, მფარველი სული. დღეობების დროს ჯვარის ხუცესი სადიდებელთაჲს წარმოთქმისას მას ეპითეტით მოიხსენიებდა: „ლაღო განძის ანგელოზო“. გარდა ამისა, განძის ანგელოზი იფარვიდა კისტნის ღვთისმშობლის ჯვარში დაცულ ძვირფას თვალს, რომელსაც საგანგებო პირი ემსახურებოდა – კლდეში ინახავდა და მხოლოდ დღეობების დროს გამოაბრძანებდა. ამ თვალისა და მასთან დაკავშირებული რიტუალის შესახებ ვ. ბარდაველიძეს ადგილობრივი მთხრობელისაგან შემდეგი რამ ჩაუწერია: თვალის მცველი „ღამით გამააბრძანებდ იმას. ის არც ვის არ უნდ ენახ. კლდეჩი სადმე ხქონდ ერთკან, რო მივიდოდით დარბასში, იმაში გამოვიდოდეს ხატის ხალხი, დასტურ-ჴელოსნები, ხუცესები. გამაიყვანდ ისიც. დასტურის უკან გადმაჩინდებოდ. ხალხ ორთ დაყუდებულები საკლავით ჴელჩი, მუჴლმაყრილები, ქუდმაჴდილები. თეთრ ფარჩას გადაიფენდ ჴელზე. მემრ კოლოფას რასამ გასჴსნიდად შიგით გამავიდოდ იმაჩი. დიდ ხან ვერ უაზრებდ კაცი, რაჴელც მზეს ვერ უაზრებს. მინახავ მიაც. ახლოს-კი გვქონდ [მისვლის] ნებაი – მივიდიდით. ხატის ხალხ კი იმის გვერდი იყვნეს. ისენ განათლულები, თითო საკლავს დახკვლენ. უყურებდით. „წყალობა განძის ანგელოზისა (თვალს ეძახს) მეზღვნე-მესანთლესავ, გწყალობდასთავ განძის ანგელოზივ“. მემრ დაიჭერდ ჴელჩი. სრუ იძროდ ის, როგორც სულდგმული, ისე იჩუჩებოდ ის თვალი, – სხივს იყოლებდ. ყველასაც ეეგრ გვეჩვენებოდ. კვერცხივით ლულუტ (მოგრძო) კი იყვ ისი. თამარ მეფეს დასცილებიყვავ წყაროზედავ, იმის პირჩი ნადებიავ, იციან. მემრ დავჴოცდით საკლავებს. ხთისო (თვალის მსახურის სახელი) იდგ ეგრ, ჴელჩი ხყვანდ. საკლავებს დახჴოცდეს განძის ანგელოზისად. სხვაკნით მადიოდეს. ი სისხლსაც ცოტას უწევდეს იმას საკლავისას. მემრ დააბრუნებდ უკენ“.


ლიტერატურა

ვ. ბარდაველიძე. ქართველი ხალხის რელიგიური აზროვნების ისტორიიდან (მრავალსულიანობის კონცეფცია) // მიმომხილველი. თბ., 1949, გვ. 124-125.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები