გარა (მითოლოგია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გარალაშარის ჯვარის თავხევისბერი, თურმანაულთა წინაპარი, პაპა.

გარაზე ამგვარი ანდრეზია შემორჩენილი: ყმაწვილკაცობაში გარა, მშობლების ნაბოლარა შვილი, დადამბლავებულივით ყოფილა: დაჯდებოდა სახლის დირეზე და გადაჰყურებდა ხოლმე მათურხევს, სადაც დიდი მინდორია. იყურებოდა და თან ეცინებოდა ჭკუანაკლულივით. ერთხელ ძმებმა ჰკითხეს: რა არის, რომ უყურებ, რაზე გეცინებაო, რა გიკვირსო? გარამ თავი აიღო და უპასუხა: ამ მინდორს რომ ხედავთ, იქ ორი ხარი გამოდის ერთმანეთთან საბრძოლველად: ერთი ნისლა ხარი ლაშარის მხრიდან გამოექანება, მეორე წითელი კი – ჩვენი მხრიდან. შეებმებიან რქებით ნისლა და წითელი ხარი, წითელი დაჯაბნის და გამარჯვებული დაბრუნდება უკანო. ძმები მიხვდნენ, რომ წითელი ხარი გარას დავლათი იქნებოდა, ნისლა ხარი კი – ლაშარის ჯვრისა. მიხვდნენ და ძალზე გაუკვირდათ ნაბოლარა ბეჩავი ძმისგან ასეთი ხილვა.

ერთხელ ძმებმა გადაწყვიტეს, გარასთვის ცოლი მოეყვანათ, ბეჩავია, ჩვენს ანაბარა რატომ უნდა დარჩესო. ცაბაურთის სოფლიდან ერთ კაცს ცოლი მოსტაცეს და გარას მიჰგვარეს. ცაბაურთელმა კაცმა ჯავრი ჩაიდო გულში, შეთქმულება მოაწყო გარას ჩასაქოლად. ყველაზე ხელსაყრელ დროს ლაშარობაზე იპოვიდნენ. გარა და მისი ძმებიც იქ იყვნენ. როგორც კი შეთქმულებმა ქვებს სტაცეს ხელი გარას ჩასაქოლად, გარამ ყველას თვალწინ იქვე მიყუდებულ ლაშარის დროშას დასტაცა ხელი, თავქვე დაეშვა და ადიდებული არაგვის ტალღებს მისცა თავი. გაუხარდათ შეთქმულებს, ჩაქოლვა აღარ დაგვჭირდება, არაგვი წაიღებსო. ყველას უკვირდა, რომ გარამ ხელყო მთელი ფშავის სიწმიდე დროშა, რომლის ხელის შეხების უფლება არავის ჰქონდა. მისი ხელმყოფელი უსათუოდ დაისჯებოდა. მაგრამ გარამ მშვიდობით გადალახა არაგვი, ამოვიდა ნაპირზე, დროშა აღმართა და მთელი ხალხის გასაგონად დაიძახა: წამომყევით, ვისაც გული გერჩით, მაისტი (ქისტების სოფელი) უნდა გავტეხო და ცხვარ-ძროხა უნდა წამოვასხაო. ყველას გაუკვირდა აქამდე ბეჩავი გარასგან ასეთი გაბედულება, მაგრამ რაკი ხელში დროშა უნახეს, იფიქრეს, დავლათი სწვევიაო და ზოგიერთი ახალგაზრდა გაყვა კიდეც ქისტეთის დასალაშქრავად. ხანდაზმულებს და მოხუცებს კი ეეჭვებოდათ მისი გამარჯვება. რამდენიმე ხნის მერე, ხეობაში იმდენი ცხვარ-ძროხა გამოჩნდა, რომ კუდი არ უჩანდა. გარამ საუკეთესო ხარები ლაშარის ჯვარს შესწირა და ამის შემდეგ გახდა იგი თავხევისბერი.

გარას წინამძღოლობით ფშაველთა ლაშქარი ყოველთვის იმარჯვებდა. მარცხი არ იცოდა რა იყო. გაივსო ფშავი ქისტეთიდან მორეკილი საქონელით. გარას სიკვდილის შემდეგ ფშავლები სულ მარცხდებოდნენ, ვერა და ვერ გაიმარჯვეს მტერზე. ბოლოს, ლაშარის ჯვარის ქადაგმა ასე უთხრა მათ: ფშავლებო, ვერ გაიმარჯვებთ, სანამ გარას ნაწილს არ ამოთხრით და დროშას არ შეაბამთო. გაუკვირდა ხალხს, რა ნაწილი. ის კაცი უკვე ჩანაცრებული იქნება მიწაშიო. მერე უფიქრიათ და უთქვამთ, მოდი გავთხაროთ, ერთი ძვალი მაინც არ დარჩებოდაო? გათხარეს, ამოიღეს ფერცხალი (ნეკნი), სხვები ამბობენ მარჯვენა ბეჭიო, და შეაბეს ლაშარის დროშას.

წასულან ფშაველები სალაშქროდ ამ დროშით და კიდეც გაუმარჯვნიათ.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები