გაჩეჩილაძე დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით გაჩეჩილაძე

გაჩეჩილაძე დავით – (1902 – 1974), ქართველი პოეტი, დრამატურგი და მთარგმნელი. დაიბადა სოფელ ღორეშაში (ხარაგაული). დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. პირველი ლექსები 1919 წელს ჟურნალ „წინსვლის ემბლემაში” გამოაქვეყნა. პირველი პოეტური კრებული – 1941 წელს. 20-იან წლებში „ფუტურისტ-ლეფელების” ლიტერატურული დაჯგუფების აქტიური წევრი იყო. პოეტმა ფორმალისტურ ძიებებს მალე დააღწია თავი. შემოქმედების ლაიტმოტივია პატრიოტიზმი; მის ლექსებში აისახა ჩვენი ხალხის გმირული წარსული და დიადი აწმყო. ეკუთვნის ტრაგედიები: „ბახტრიონი” – ვაჟა-ფშაველას ამავე სახელწოდების პოემის მიხედვით, „ამირანი“ და თარგმანები: სოფოკლეს, კალდერონის, მიხაილ ლერმონტოვის, კარელ ჩაპეკის და ნაზიმ ჰიქმეთის პოეტური ნაწარმოებები.

რარიგ სხვა იყო
რარიგ სხვა იყო, სანამ დავწერდი...
განცდა თოფდაკრულ ხარ- ირემივით
გამექცა, ქაღალდს გადარბენილი,
სისხლიღა დარჩა ჩამონაწვეთი...
რარიგ სხვა იყო, სანამ დავწერდი...
მე მზის ამოსვლა მსურდა სიტყვაში,
მაგრამ კალმის ქვეშ ჩაქრა რიჟრაჟი,
ვერ გამოვხატე მეათასედი...
რარიგ სხვა იყო, სანამ დავწერდი...
აპრილის რტოთა უმანკოებით
სულში ჰყვაოდნენ ეს სტრიქონები,
ოცნების შუქზე მიმონარწევი...
და რომ დავწერე... და რომ მივენდე
ქაღალდს თუ თოვლსა ახალმოთოვილს,
არც ცვარი შერჩათ და არც ფოთოლი...
ვერ შევუნახე ლექსებს სინედლე....
ეჰ, სულ სხვა იყო, სანამ დავწერდი...

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები