გეა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გეა(ბერძნ.) „დედამიწა“. ღვთაება, რომელიც განასახიერებს დედამიწას. ბერძნული მითოსის თანახმად, თავდაპირველად არაფერი არ იყო. ყოველივე გაჩნდა, მათ შორის ქაოსიც-უკიდეგანო და ბნელი სივრცე. ასევე თავისთავად გაჩნდნენ: გეა – ფართომკერდიანი დედამიწა, ტარტაროსი – მიწისქვეშეთი და ეროსი – სიყვარული.

გეამ ისე, რომ არავის შეერთებია სიყვარულით, შვა ურანოსი – ზეცა, რომელიც გარსშემოევლო მას და უკვდავ ღმერთთა უსაფრთხო სავანედ იქცა. შემდეგ გეამ გააჩინა დიდი მთები, რომელთა ტყიან ფერდობებზე და მღვიმეებში დასახლდებიან შემდეგ ნიმფები. გეასგან იშვა აგრეთვე პონტოსი – ვრცელი ზღვა.

გეა, დედა-ღვთაება და ურანოსი, მამრი ღვთაება შეერთდნენ, რის შედეგადაც გეამ ექვსი ვაჟი (ოკეანოსი, კოიოსი, კრიოსი, ჰიპერიონი, იაპეტოსი, კრონოსი) და ექვსი ქალი (თეა, რეა, თემისი, მნემოსინე, ფოიბე, თეტისი) წარმოშვა.

გეას შვილები არიან აგრეთვე კიკლოპები (ბრონტესი, სტეროპესი და არგესი), გოლიათები (კოტოსი, ბრიარეოსი და გიგესი), რომელთაც მხრებზე ასი ხელი ჰქონდათ გამოსხმული, ამიტომ მათ ჰეკატონქეიროსები ანუ ასხელები უწოდეს.

გეას შვილები ძრწოლის მომგვრელნი იყვნენ და ამიტომ ისინი მამამ შეიძულა. დაიბადებოდნენ თუ არა, კრონოსი მათ მიწის წიაღში მალავდა. დამძიმდა გეა, წუხდა ძლიერ, აღარ შეეძლო ურანოსის ამ უმსგავსო საქციელის ატანა და მისი დასჯა განიზრახა. დასახმარებლად უხმო შვილებს. მხოლოდ უმცროსი ვაჟი, კრონოსი ამოუდგა მხარში დედას. გეამ მას ადამანტისაგან (მტკიცე ლითონისაგან) დამზადებული ნამგალი მისცა და სათანადოდ დაარიგა, როგორ უნდა მოქცეულიყო.

როდესაც ცოლისადმი ძლიერი ვნებით ანთებული ურანოსი ყოველი მხრიდან შემოეფინა გეას, კრონოსი სამალავიდან გამოვიდა, მამას ნაყოფიერების ასო მოჰკვეთა და ძლიერად მოისროლა ზურგს უკან.

ურანოსისგან ჩამონადენმა სისხლის წვეთებმა უკანასკნელად გაანაყოფიერეს გეა, რომელმაც ამის შემდეგ დაბადა ერინიები – შურისძიების ქალღმერთები, აგრეთვე ვეებერთელა გიგანტები და ნიმფები.

ურანოსმა გეასგან ნაშობ თავის შვილებს ტიტანები უწოდა და მამაზე ხელის აღმართვის გამო საშინელი მომავალი უწინასწარმეტყველა.

პოსეიდონისაგან გეამ შვა ანტეოსი. ტარტაროსისგან – ექიდნე და ტიფონი. პონტოსისაგანნერევსი, ფორკისი და სხვა ღმერთები. გეა ითვლებოდა ყველა უკვდავისა და მოკვდავის დიად წინაპრად, დიდ დედად.

გეას კულტი გავრცელებული იყო მთელ საბერძნეთში. გადმოცემათა თანახმად, დელფოს უძველესი ტაძარი თავდაპირველად გეას ეკუთვნოდა. მოგვიანებით გეას უკავშირებდნენ დემეტრესა და კიბელეს კულტებს.

ანტიკურ ხელოვნებაში გეას გამოსახულებას იშვიათად ვხვდებით. იგი პერგამონის საკურთხევლის ფრიზზე წარმოდგენილია წელს ზევით (იგულისხმება, რომ ქვედა ნაწილს მიწა ფარავს), მას ხელთ უპყრია სიუხვის რქა.

რომაულ მითოლოგიაში გეას შეესაბამებოდა ტელუსი (Terra Mater, Tellus).


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები