გეგეჭკორი ევგენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ევგენი გეგეჭკორი

გეგეჭკორი ევგენი პეტრეს ძე (დ. - 20.I.1881, მარტვილი - გ. - 5.VII.1954, პარიზი) - პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, ქართული სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი ლიდერი, იურისტი, პუბლიცისტი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა არისტოკრატულ ოჯახში. 1902 დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1906 წელს. 1903 წელს გაწევრიანდა რსდმპში. 1903-1904 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ მოძრაობაში. სტუდენტობის პერიოდშივე მიიპყრო უნივერსიტეტისა და მოსკოვის ინტელექტუალური საზოგადოების ყურადღება თავისი ნიჭიერებით, მჭევრმეტყველებითა და სიდარბაისლით. ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს უცვლელი თავმჯდომარე იყო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვექილად დაიწყო მუშაობა სენაკის მაზრაში და ერთ-ერთი საუკეთესო ადვოკატის სახელი დაიმკვიდრა. ახალგაზრდა იურისტს არ აკმაყოფილებდა რუსული სასამართლო წარმოება, ქართული ენისა და სამართლებრივი ტრადიციების იგნორირება მის პროტესტს იწვევდა. პარტიაში მომხდარი განხეთქილების დროს ე. გეგეჭკორმა მენშევიკების მხარე დაიკავა. 1907-1912 წლებში იყო III მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ქუთაისის გუბერნიიდან და სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერი, კ. ჩხეიძესთან ერთად. იცავდა პოლონეთისა და ფინეთის სახელმწიფოებრივ უფლებებს, სისტემატურად თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ გამომცემლობებთან.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის პერიოდში ე. გეგეჭკორი დაინიშნა ქუთაისის გუბერნიის დროებითი მთავრობის კომისრად. აგრეთვე, იყო ამიერკავკასიის მენშევიკესერთა პირველი მოწვევის ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარე. 1917 წლის 15 ნოემბრიდან - ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა პირველ მსოფლიო ომში კავკასიის ფრონტიდან გამოქცეული, გაბოლშევიკებული რუსი ჯარისკაცების ევაკუაცია შიდა რუსეთში. იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, 1919 სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრების წევრად. 1918 წლის ნოემბრიდან იყო დამოუკიდებელი საქართველოს კოალიციური მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი. 1919 წლის მარტში ერთპარტიულ სოციალ-დემოკრატიულ მთავრობაში მან ამ თანამდებობასთან ერთად შეითავსა იუსტიციის მინისტრის პოსტიც. იგი თავისი გამჭრიახობით ტაქტიანად ახერხებდა ამიერკავკასიაში, საქართველოს შინაური მშვიდობის დამყარებასა და შესაფერისი რეფორმების ცხოვრებაში გატარებას, მჭიდროდ თანამშრომლობდა ანტანტის ბლოკის დიპლომატებთან. იყო მოთავე კავკასიური (სომხეთ-საქართველო-აზერბაიჯან-მთიელების) კონფერენციებისა. მან არაერთხელ ითამაშა შუამავლის როლი სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის. მიაჩნდა რა, რომ ერთიანი კავკასია იყო დამოუკიდებლობის დაცვის მთავარი პირობა, 1919 წლის შემოდგომაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ზანგეზურში შეტაკებების შეჩერებისათვის და შემდეგ სომხეთ-აზერბაიჯანის ხელშეკრულების დადებაში, რისთვისაც კავკასიაში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოღვაწეობის უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო საქართველოს იურიდიული ცნობა ანტანტის თუ სხვა სახელმწიფოების მიერ. ამ მიზნით, 1918 წლის ბოლოდან მოყოლებული, ე. გეგეჭკორი ჯერ დენიკინთან - მოლაპარაკებებს, შემდეგ, 1920 წლის იანვრიდან, საბჭოთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ გ. ჩიჩერინთან მიმოწერას აწარმოებდა. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო საბჭოთა რუსეთთან 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დასადებად გაწეულ მოსამზადებელ მუშაობაში და მიესალმა კიდეც ამ ისტორიული დოკუმენტის გაფორმებას.

1920 წლის სექტემბრიდან იგი გაემგზავრა დასავლეთ ევროპაში. იმყოფებოდა იტალიაში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში. შეხვედრები გამართა ჩამოთვლილ ქვეყანათა უმაღლეს ხელისუფლებებთან, გააცნო მათ საქართველოს მაშინდელი მდგომარეობა და მოითხოვა ყველასგან საქართველოს იურიდიული ცნობა.

მათიკო გეგეჭკორი-სტურუა და მიხეილ სტურუა ევგენი გეგეჭკორის საფლავზე ლევილში

1921 წლის 27 იანვარს, როცა ევგენი გეგეჭკორი ჯერ კიდევ პარიზში იმყოფებოდა, მან საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ არისტიდ ბრიანისგან, მოკავშირე სახელმწიფოთა (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ბელგია, იტალია და იაპონია) უმაღლესი საბჭოს დავალებით, მიიღო წერილი-ნოტა, რომლითაც ატყობინებდნენ საქართველოს დე იურედ ცნობას.

1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ე. გეგეჭკორმა მთავრობასთან ერთად დატოვა საქართველო, დასახლდა პარიზში და განაგრძო ბრძოლა თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისათვის. დიპლომატიური მიზნებით ბევრს მოგზაურობდა (იტალია, შვეიცარია). იყო „პრომეთეისტული“ მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი. თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან - „ბრძოლა”, „დამოუკიდებელი საქართველო“, „ჩვენი დროშა“, „მებრძოლი საქართველო“ და სხვ.

1924 წელს ჟენევაში შეიქმნა საქართველოს დამხმარე ინტერნაციონალური კომიტეტი, რომელმაც ტრადიციად გაიხადა თითქმის ყოველ გაზაფხულზე ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკური მოღვაწის მიწვევა, 1927 წლის მაისისთვის ჟენევაში მიწვეული იყო ევგენი გეგეჭკორი. კომიტეტის მიერ შედგენილი პროგრამით, მას უნდა წაეკითხა სახალხო ლექცია ჟენევის უნივერსიტეტისსააქტო დარბაზში სათაურით „საქართველოს მომავალი”. ჟენევაში მაშინ იმყოფებოდა საბჭოთა დელეგაცია ეკონომიკურ კონფერენციაზე. პოლიცია შიშობდა, რომ ე. გეგეჭკორის საჯარო გამოსვლა გადაიქცეოდა მრისხანე სახალხო პოლიტიკურ მანიფესტაციად რუსი ბოლშევიკების წინააღმდეგ და, დიპლომატიური ურთიერთობის გართულების შიშით, უნივერსიტეტში დანიშნული საჯარო ლექცია გაუქმდა. თვით მოხსენება ცალკე ბროშურად იქნა გამოცემული ფრანგულ ენაზე, ჟენევაში, 1927, კომიტეტის თავმჯდომარის ჟან მარტენის წინასიტყვაობით.

ევგენი გეგეჭკორი განისვენებს ლევილის ქართულ სასაფლაოზე. დაკრძალვის მთელი პროცესიის დროს ე. გეგეჭკორს საქართველოდან ჩატანილი ეროვნული დროშა ეფარა. მისმა შვილიშვილმა რუსუდანმა საფლავში ჩააყოლა ერთი პეშვი სამშობლოს მიწა, რის გამოც იბრძოდა მთელი ცხოვრების მანძილზე. დარჩა მეუღლე ოლღა და ქალიშვილები. მისი ერთადერთი ვაჟი, სოსიკო, გარდაიცვალა 16 წლის ასაკში, პარიზში. (დოდო ჭუმბურიძე)


ლიტერატურა

  • უ. სიდამონიძე, გეგეჭკორი ევგენი პეტრეს ძე, ენც. „საქართველო“. თბ., 1997;
  • გ. შარაძე, უცხოეთის ცის ქვეშ. ტ. III. თბ., 1993;
  • რ. დაუშვილი, გ. კალანდაძე, რ. კობახიძე, გ. ჯაფარიძე, თ. ტარტარაშვილი, ქართველები უცხოეთში: წ. I. თბ., 2012.


იხილეთ აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები