გეზელი არნოლდ ლუის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გეზელი არნოლდ ლუის

გეზელი არნოლდ ლუის - Gesel Arnold Lucius, Гезелл Арнолд Лусиус, 1880-1961

ამერიკელი ფსიქოლოგი, ბავშვის ფსიქოლოგიის ერთერთი კლასიკოსი. განათლება მიიღო ვისკონსინის, კლარკის და იელის უნივერსიტეტებში. პედაგოგიკური და სამედიცინო განათლების მქონე გეზელი 30 წელზე მეტ ხანს ხელმძღვანელობდა იელის „ნორმალური ბავშვობის“ კლინიკას, რის საფუძველზე მოგვიანებით შეიქმნა გეზელის ბავშვის განვითარების ცნობილი ინსტიტუტი. შემდგომში ის ფსიქიკური ონტოგენეზის კვლევის აღიარებულ ცენტრად გადაიქცა. გეზელი იყო აშშ-ს მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის წევრი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.

გეზელი უფრო მეტად ადრეული ბავშვობის ხანით იყო დაინტერესებული. მას მიაჩნდა, რომ პირველი სამი წლის განმავლობაში ბავშვი თავისი ფსიქიკური განვითარების უმნიშვნელოვანეს ნაწილს გაივლის. განვითარების ტემპი ამ დროს ყველაზე დიდია და შემდგომში თანდათან იკლებს. ეს დებულება დაედო საფუძვლად მის ასაკობრივ პერიოდიზაციას, რომელშიც სამი პერიოდი გამოიყოფა: დაბადებიდან 1 წლამდე, 1-დან 3 წლამდე და 3 წლიდან 18 წლამდე. შესაბამისად, განვითარების უმაღლესი ტემპი პირველ პერიოდზე მოდის, საშუალო - მეორეზე და შედარებით დაბალი - მესამეზე.

ბავშვის განვითარების კვლევაში გეზელმა ბევრი სიახლე შეიტანა. მან დაამუშავა ბავშვის განვითარების კომპლექსური დიაგნოსტირების პრაქტიკული სისტემა, რომელშიც მოცემულია მოტორული და სენსომოტორული აქტივობის, მეტყველების, შეგუებითი რეაქციების, სოციალური კონტაქტების, პიროვნული,გონებრივი და სხვა მაჩვენებლების ნორმები სხვადასხვა ასაკისთვის 3 თვიდან 6 წლამდე. ამისთვის გამოიყენება ბავშვზე დაკვირვების ობიექტური მეთოდები: ფოტო და კინო გადაღებები, ე.წ. „გეზელის სარკე” - ცალმხრივი ხედვის მინა. გეზელი ცდილობდა, დაკვირვების პირობები ბავშვის ცხოვრების ბუნებრივ პირობებთან მიეახლოებინა. სპეციალურად მოწყობილ ექსპერიმენტულ ოთახში ბავშვს ეძლეოდა საშუალება, თვითონ აერჩია, რისი გაკეთებაც სურდა (ქვიშით ან წყლით თამაში, მოძრავი თამაშები მარტოს ან სხვებთან ერთად და სხვა). მკვლევრები უშუალოდ აკვირდებოდნენ ბავშვის ქცევას და არ იყვნენ დამოკიდებულნი მშობლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე. გეზელმა პირველმა გამოიყენა ფსიქოლოგიაში ლონგიტუდური კვლევა - ერთიდაიმავე ბავშვის შესწავლა დიდი ხნის განმავლობაში, უფრო ხშირად დაბადებიდან მოზარდობამდე. მანვე დაიწყო ტყუპების მეთოდის სისტემატური გამოყენება იმის ნათელსაყოფად, თუ რა კავშირია მომწიფება-განვითარებასა და სწავლებას შორის. კერძოდ, დაასაბუთა, რომ უსწავლელი ტყუპისცალი ძალიან მალე ეწევა განვითარებაში ნასწავლს.

გეზელის აზრით, განვითარება მომწიფების ბუნებრივი პროცესისა და სოციალური ზემოქმედების ერთობლივი ნაყოფია, თუმცა უპირატესობას იგი ანიჭებდა თანდაყოლილ, შინაგან, გენეტიკურად განსაზღვრულ მომწიფების პროცესს. სწორედ გენეტიკური პროგრამა განაპირობებს ბავშვის განვითარების მიმდინარეობას ფიქსირებული თანმიმდევრობით. შეიძლება იცვლებოდეს განვითარების ტემპი და არა განვითარების სტადიების რაგვარობა და რიგითობა. ინდივიდუალური განსხვავებები განვითარების ტემპში, ნაწილობრივ, სოციალური გარემოთიცაა განპირობებული, მაგრამ გადამწყვეტი აქაც ბავშვის ინდივიდუალური გენეტიკური პროგრამაა. ამიტომ არ უნდა ვეცადოთ, ვასწავლოთ ბავშვს რაიმე იმაზე ადრე, ვიდრე ეს მისი მომწიფების ტემპითაა განსაზღვრული. ბავშვი აუცილებლად დაიჭერს თავს, დაჯდება, გაივლის, ალაპარაკდება, როცა ბუნებრივად მზად იქნება სათანადო ფსიქოფიზიკური სისტემები; მაშინ გაუჩნდება ამის შესრულების შესაძლებლობაც და მოტივაციაც. ხოლო მანამდე მისი იძულებითი სწავლება არც ნაყოფიერი იქნება და შეიძლება მრავალი გართულებაც გამოიწვიოს. ამ შეხედულებებს ეთანხმება უკიდურესი კონსტრუქტივიზმი (ჟ. პიაჟე). ამასთანავე, ისიც ცხადია, რომ სწავლება-აღზრდა, ზოგადად სოციალური ზემოქმედება, ყოვლად აუცილებელია განვითარებისთვის. ასოციალურ სივრცეში, ამბობდა გეზელი, პიროვნების სტრუქტურა სულ ვერ ჩამოყალიბდება. მაგრამ ყოველგვარი გარე ზემოქმედება, სოციალიზაცია მაშინ მიმდინარეობს ოპტიმალურად, როდესაც ის დამყარებულია შინაგანი მომწიფების კანონზომიერებაზე და მას ეთანხმება.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები