შფოთვითი აშლილობა გენერალიზებული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შფოთვითი აშლილობა, გენერალიზებული - (F41.1), (anxiety disotder, generalized), გენერალიზებული და მყარი შფოთვა, რომელიც გარე მდგომარეობას არ უკავშირდება და რომელსაც ვერ უწოდებ მისთვის დამახასიათებელ ე.წ. „თავისუფლად მოძრავ“ შფოთვას. მაგრამ დამახასიათებელი სიმპტომები განსხვავებულია;

ძირითადი ჩივილებია:

  • მუდმივი ნევროზული მდგომარეობა;
  • ტრემორი;
  • კუნთების დაჭიმულობა;
  • ოფლიანობა;
  • თავში სიცარიელის შეგრძნება;
  • გულისცემის აჩქარება;
  • თავბრუსხვევა;
  • ეპიგასტრალურ მიდამოში დისკომფორტი.

ხშირად აღინიშნება ახლო მომავალში შესაძლო უბედური შემთხვევის, ან პაციენტის ან მისი ნათესავების შესაძლო ავადმყოფობის შიში. (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)

სარჩევი

კლინიკური სურათი

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის სიმპტომები პერსისტენტულია და, ფობიკურ-შფოთვითი აშლილობებისაგან განსხვავებით, მათი გამოვლენა ან ინტენსიფიკაცია არ არის ასოცირებული რაიმე კონკრეტულ ვითარებასთან. გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დროს პაციენტს შეიძლება ნებისმიერი შფოთვითი სიმპტომი აღენიშნებოდეს, მაგრამ მისთვის დამახასიათებელია პატერნი, რომელიც შემდეგ ნიშან-თვისებებს მოიცავს:

წუხილი და ცუდი წინათგრძნობა

რომელიც უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ეს ჯანმრთელი ადამიანისთვის არის დამახასიათებელი. წუხილს ყოვლისმომცველი ხასიათი აქვს და არ არის ფოკუსირებული რაიმე კონკრეტულ საკითხზე, როგორც ეს პანიკური აშლილობის (პანიკის შეტევა), სოციალური ფობიის (სირცხვილის განცდა) ან ობსესიურ-კომპულსური აშლილობის (დაბინძურება) დროს ხდება. პიროვნება გრძნობს, რომ ეს ყოვლისმომცველი წუხილი ძნელი გასაკონტროლებელია.

ფსიქოლოგიური აგზნება

რომელიც შეიძლება გამოიხატებოდეს გაღიზიანებადობაში, სუსტ კონცენტრაციასა და ხმაურის მიმართ სენსიტიურობაში. ზოგიერთი პაციენტი მეხსიერების გაუარესებას უჩივის, რაც სინამდვილეში ყურადღების სუსტი კონცენტრაციით არის განპირობებული. თუ მეხსიერების გაუარესებას რეალურად აქვს ადგილი, აუცილებელია მისი გამომწვევი მიზეზების (შფოთვისგან განსხვავებული მიზეზების) გულდასმით გამოკვლევა.

ვეგეტატური ჰიპერაქტიურობა

რომლის ყველაზე უფრო ხშირი სომატური სიმპტომებია ოფლიანობა, გულის ცემის აჩქარება, პირის სიმშრალე, ეპიგასტრული დისკომფორტი და თავბრუსხვევა. თუმცა, პაციენტი შეიძლება აქ ჩამოთვლილ ნებისმიერ სიმპტომს უჩიოდეს. ზოგიერთი პაციენტი, რომელიც ამ სიმპტომების არსებობისას ექიმს მიმართავს, დამოუკიდებლად ვერ იხსენებს შფოთვის ფსიქოლოგიურ სიმპტომებს.

კუნთების დაძაბულობა

რომელიც შეიძლება განიცდებოდეს, როგორც მოუსვენრობა, კანკალი, მოდუნების უუნარობა და, ასევე, მხრების, ზურგისა და თავის ტკივილი (ჩვეულებრივ ბილატერულ და ფრონტალურ ან ოსიპიტალურ ნაწილში).

ჰიპერვენტილაცია

რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნება და (რაც არ უნდა პარადოქსული იყოს) სუნთქვის გაძნელების ანუ ქოშინის შეგრძნება.

ძილის დარღვევები

რომლებიც მოიცავს ჩაძინებასთან დაკავშირებულ პრობლემებს და პერსისტენტულ შემაწუხებელ ფიქრებს. ძილს ხშირად წყვეტილი, არაჯანსაღი ხასიათი აქვს და უსიამოვნო სიზმრები სდევს თან. ზოგიერთ პაციენტებს აწუხებს ღამის შიშები, რომელთა დროსაც მათ უეცრად, ძლიერი შფოთვის შეგრძნებით ეღვიძებათ. დილით ადრე გაღვიძება არ არის დამახასიათებელი გენერალიზებული შფოთვითი აშლილობისათვის და უფრო დეპრესიულ აშლილობაზე მიუთითებს.

სხვა ნიშან-თვისებები

სხვა ნიშან-თვისებებს განეკუთვნება დაღლილობა, დეპრესიული სიმპტომები, ობსესიური სიმპტომები და დეპერსონალიზაცია. ისინი არ წარმოადგენს გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის ყველაზე უფრო მკვეთრად გამოხატულ სიმპტომებს. თუ ისინი მკვეთრად არის გამოხატული, მაშინ უნდა განვიხილოთ სხვა დაავადების არსებობის შესაძლებლობა.

კლინიკური ნიშნები

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დროს ადამიანს სახე დაძაბული აქვს, შუბლი შეჭმუხნული და მთლიანად პოზაც დაძაბულია. ადამიანი მოუსვენრად გრძნობს თავს და შეიძლება კანკალებდეს. დამახასიათებელია კანის სიფერმკრთალე და ოფლიანობა (განსაკუთრებით ხელების, ფეხებისა და იღლიების). ცრემლიანობა, რომელიც თავდაპირველად შეიძლება დეპრესიას მივაწეროთ, ზოგადად ცუდი წინათგრძნობის გამომხატველია.

დიაგნოსტიკური კრიტერიუმები

არ არსებობს მკვეთრი განსხვავება გენერალიზებულ შფოთვით აშლილობასა და ჩვეულებრივ შფოთვით აშლილობას შორის. ისინი განსხვავდებიან, როგორც სიმპტომების რაოდენობის, ასევე მათი ხანგრძლივობის მიხედვით. რაოდენობისა და ხანგრძლივობის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები არ არის მკაცრად განსაზღვრული და DSM-IV-სა და ICD-10-ში რამდენიმე ნიშნით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. რაც შეეხება სიმპტომების რაოდენობას, როგორც DSM-IV-ის, ისე ICD-10-ის საკვლევი ვერსიის მიხედვით, აუცილებელია, რომ პაციენტს არსებული ჩამონათვალიდან მინიმალური რაოდენობის სიმპტომები აღენიშნებოდეს. თუმცა, ICD-10-ის ჩამონათვალი შეიცავს შფოთვის 22 ფიზიკურ სიმპტომს, მაშინ როცა DSM-IV-ისა - მხოლოდ ექვსს. გარდა ამისა, ICD-საგან განსხვავებით, DSM-ში ძირითად სიმპტომს ღელვა (ნერვიულობა) წარმოადგენს.

რაც შეეხება სიმტომების ხანგრძლივობას, როგორც DSM IV-ის, ისე ICD-10-ის საკვლევი ვერსიის მიხედვით, პაციენტს სიმპტომები მინიმუმ ექვსი თვის მანძილზე უნდა აღენიშნებოდეს. თუმცა ICD-10-ის კრიტერიუმები კლინიკური პრაქტიკისათვის უფრო მოქნილია: სიმპტომები უნდა აღინიშნებოდეს „თითქმის ყოველ დღე, სულ ცოტა რამდენიმე კვირის, ჩვეულებრივ კი, რამდენიმე თვის განმავლობაში.”

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის სიმპტომები
  • წუხილი და ცუდი წინათგრძნობა
  • კუნთური დაძაბულობა
  • ვეგეტატიური ჰიპერაქტიურობა
  • ფსიქოლოგიური აგზნება
  • ძილის დარღვევა
სხვა მახასიათებლები
  • დეპრესია
  • ობსესიები
  • დეპერსონალიზაცია

პროგნოზი

DSM-IV-ის ერთ-ერთი კრიტერიუმის მიხედვით, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის სიმპტომები პაციენტს ექვსი თვის მანძილზე უნდა აღენიშნებოდეს. ამ კრიტერიუმის ერთ-ერთ საფუძველს ის წარმოადგენს, რომ შფოთვით აშლილობებს, რომლებიც ექვს თვეზე დიდხანს გრძელდება, ცუდი პროგნოზი უკავშირდება. მაგ., ერთ-ერთი გამოკვლევის მიხედვით, ასეთი პაციენტების 80%-ს შფოთვითი აშლილობა სამი წლის შემდეგაც აღენიშნებოდათ (Abelson et al., 1991). ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება სამი წლის შემდეგ, თუმცა, შფოთვითი აშლილობის მქონე პაციენტების შესწავლამ აჩვენა, რომ ექვსი წლის განმავლობაში მათი ორი მესამედი განიკურნა ან მათი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა (Yonkers et al., 1996).

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის (ისევე, როგორც სხვა სახის შფოთვითი აშლილობის) მქონე პაციენტებში გაზრდილია დიდი დეპრესიის განვითარების რისკი (Bittner et al., 2004), თუმცა, შიზოფრენიისა და ბიპოლარული აშლილობის სიხშირე არ არის გაზრდილი (Kerr, 1974).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები