გეოპოლიტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გეოპოლიტიკა - პოლიტოლოგიური კონცეფცია, რომელიც განიხილავს ლოკალურ, რეგიონულ და გლობალურ საერთაშორისო პროცესებზე სახელმწიფოს მდებარეობის, ტერიტორიულ-სივრცობრივი თავისებურებების ზემოქმედების ხასიათსა და კონკრეტულ-ისტორიულ ფორმებს.

წარმოიშვა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე. განიხილავდა სახელმწიფოებს, როგორც ზებიოლოგიურ ორგანიზმებს. რომელთა არსებობისთვის აუცილებელია „ბუნებრივი საზღვრები” და „სასიცოცხლო სივრცე”. ეს კონცეფცია გამოიყენებოდა გარეშე ექსპანსიების გასამართლებლად, განსაკუთრებით - გერმანიის ფაშიზმის მიერ.

XX საუკუნის მეორე ნახევარმა ცხადყო სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკაზე გეოპოლიტიკური ფაქტორების (ტერიტორიული მდებარეობა, ბუნებრივი რესურსები, ჰავა და სხვა) გავლენის გაძლიერება. ქვეყნის გეოგრაფიულ უპირატესობათა გამოყენება იქცა გრძელვადიანი საგარეო-ეკონომიკური და პოლიტიკური საქმიანობის უმნიშვნელოვანეს წინამძღვრად. შესაბამისად გაიზარდა მისწრაფება, აინაზღაურონ გეოპოლიტიკური არახელსაყრელი მომენტები შინაგანი ტექნიკურ-ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური საშუალებებით (სამხედრო ბლოკების, ბაზების შექმნა, საზღვარგარეთის ქვეყნების მტრული რეჟიმების პოტენციალისთვის ძირგამოთხრა, მეგობრული რეჟიმების მხარდაჭერა და სხვა).

XXI საუკუნის დამდეგს სამხედრო-კოსმოსური და სამხედრო რაკეტმშენებლობის პროგრამების დაგეგმვისას მხედველობაში მიიღება პოტენციური მოწინააღმდეგეების შეიარაღებების გეოპოლიტიკური პროფილი; სახელმწიფოების სივრცობრივ-გეოგრაფიული თავისებურებები გამოხატულებას პოვებს სახმელეთო და სამხედრო-საზღვაო ძალების, სატრანსპორტო-საჰაერო, სამხედრო-საჰაერო და საავიამზიდო ფლოტების პროპორციული განვითარების კონცეფციებში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები