გერგეტის სამება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გერგეტის სამება

გერგეტის სამება − (ინგლ. Gergeti Trinity Church), (XIV ს. 30-ანი წწ.), ტაძარი მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია), ისტორიულ მხარე ხევში, დაბა სტეფანწმინდის მაღალ მთაზე. ზღვის დონიდან 1800 მ-ზე. ტაძარი მოქმედია. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია ეკლესია, სამრეკლო, გალავანი.

სარჩევი

ისტორია

ტაძრის ადგილას, სამების მთაზე, როგორც თეიმურაზ ბაგრატიონის „ივერიის ისტორია“ მოწმობს, მანამდე ჯვარი ყოფილა აღმართული.

გერგეტის სამება

გიორგი ბრწყინვალემ ტაძრის მოვლა-პატრონობა დააკისრა გერგეტელებს, რომლებიც „სამების საყდრისშვილებად“, მის ყმებად ითვლებოდნენ. ამ პატივს გერგეტელებს მომდევნო საუკუნებში საქართველოს სხვა მეფეებიც უმტკიცებდნენ. გერგეტის სამება „მცხეთის სამკაულის“ სახიზარს წარმოადგენდა. ხანგრძლივი დროის მანძილზე იქ ესვენა ქართველი ქრისტიანების ერთ-ერთი უწმინდესი რელიკვია – წმ. ნინოს ჯვარი, რომლის ფლობის პატივს ტაძარი სვეტიცხოველთან და თბილისის სიონთან ერთად ინაწილებდა. გერგეტში იწერებოდა მატიანე „მოსახსენებელი სულთა“ – დოკუმენტების კრებული, რომლებიც საინტერესო ცნობებს შეიცავს ხევისა და მთელი საქართველოს შესახებ.

აღწერილობა

გერგეტის სამების გეგმა

გერგეტის სამების ტაძარი ცენტრალურგუმბათოვანია, გეგმით – სწორკუთხა (11,9 X 15,6მ), ნაგებია თლილი ქვით. გუმბათი შიგნით მთლიანად გამოყვანილია აგურით. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა (ამოქოლილია). ტაძრის შიდა სივრცეს აგვირგვინებს ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი, რომელიც ეყრდნობა საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთის პილონებს. ჯვრის სამი მკლავი ოთკუთხაა, მეოთხე, აღმოსავლეთისა – აფსიდითაა დასრულებული. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია კანკელით (გვიანდელია). საკურთხევლის ცენტრში დგას სწორკუთხა ტრაპეზი. აფსიდის აქეთ-იქით ოთკუთხა სადიაკვნე და სამკვეთლოა. ორივე სათავსში შესასვლელი დარბაზიდანაა. კარი სამკვეთლოსა და საკურთხეველს შორისაცაა. სადიაკვნეს სარკმელი სამხრეთით აქვს, სამკვეთლოს – აღმოსავლეთით. ამ სათავსების თავზე, მეორე სართულზე, სამალავებია. მათში ასასვლელი სადიაკვნეს კამარაში მოწყობილი ხვრელიდანაა. დასავლეთის მკლავი გვერდითი მონაკვეთებისგან გამოყოფილია თითო თაღით. ამ მონაკვეთების თავზეც სამალავებია. მათში მოხვედრა დასავლეთის მკლავის ზედა ნაწილში არსებული ხვრელით შეიძლება. დარბაზის ოთხივე მკლავში თითო სარკმელია გაჭრილი, გუმბათის ყელში ხუთი. კამარები და თაღები ნახევარწრიული ან შეისრულია.

გუმბათის ყელი

აღმპსავლეთის ფასადის სარკმელს ლილვებით შედგენილი სწორკუთხა მოჩარჩოება აქვს. ლილვებითაა შექმნილი ჯვარიც, რომელიც ამავე სარკმლის თავზეა აღმართული და თითქმის მთლიანად ავსებს ფასადის ზედა ნაწილს. ჯვარს შუაზე გასდევს მოჩუქურთმებული ფართო ზოლი. მკლავებს შორის არსებულ კუთხეებში ჩასმულია ოთხკუთხა ქვები, რომლებსაც ორნამენტიანი ჩარჩო აქვს. ფასადის მარჯვენა ნაწილში მოზრდილი სწორკუთხა სარკმელია, ზემოთ, გვერდითა მონაკვეთზე – თითო მცირე სარკმელი. სარკმელებზე მოჩუქურთმებული ფართო არშიაა შემოვლებული. შეწყვილებული ლილვები და მოჩუქურთმებული არშია აქვს დასავლეთის ფასადის მაღალ, თაღოვან სარკმელსაც, რომელსაც თავზე ადგას ლილვებითვე გამოყვანილი სწორკუთხამკლავებიანი მოზრდილი ჯვარი. ეს ჯვარი სიდიდით აღმოსავლეთის ფასადის ჯვარზე ბევრად ნაკლებია. ლილვებშორის არე შევსებულია ჩუქურთმით. სარკმლის ძირის დონეზე, ორივე მხარეს, ჩასმულია დიდი, მოჩუქურთმებული ქვები. შეწყვილებულ ლილვებს შორის მოქცეული არშია აქვს შემოვლებული სწორკუთხა კარსაც. კარის თავზე და გვერდებზე აქაც ჩუქურთმიანი მედალიონებია ჩასმული. სამხრეთის ფასადის კარი ღონიერი ლილვებითაა შემოფარგლული. ლილვებს შორის ორნამენტებია. გვერდებზე ჩასმულია მედალიონები.

სამრეკლოს დასავლეთი სარკმლის საპირე

სამხრეთის კარი სწორკუთხაა და შემოვლებული აქვს მსხვილი ლილვები, რომელთა შორის ორნამენტებია. გვერდებზე აქაც მედალიონებია ჩასმული. ზემოთ, ერთ ღერძზე, თაღოვანი სარკმელი და ჯვარია. სარკმელი შემოფარგლულია არშიით. ჯვარი სწორკუთხამკლავებიანია. ქვემოთ ისევ მედალიონებია. ფასადის მარჯვენა ნაწილში მცირე, მრგვალი და მოჩუქურთმებული სარკმელია.

შედარებით ნაკლებადაა მორთული ჩრდილოეთის ფასადი. მოჩუქურთმებულია აქ მხოლოდ სარკმელი, რომლის გვერდებზე მედალიონებია, თავზე კი – შედარებით მომცრო ჯვარი. ჯვრის ზედა მკლავს ქუდივით ახურავს ლავგარდანი. დაბალი, მასიური გუმბათი ზემოთ ოდნავ ვიწროვდება. გუმბათის ყელი ათწახნაგაა. თითოეულ წახნაგს თაღოვანი მოჩარჩოება აქვს. ათი სარკმლიდან ხუთი ცრუა. სარკმლებს შემოვლებული აქვს მოჩუქურთმებული საპირეები და შეწყვილებული ლილვები.

XV საუკუნის დასასრულს ან XVI ს. I ნახევარში ტაძრის სამხრეთ კარზე მიუშენებიათ თლილი ქვის კამაროვანი სათავსი, რომელიც კარიბჭის როლს ასრულებდა და სამხრეთით ღია იყო. შემდგომ სათავსს სამხრეთით კედელი მიაშენეს და კარი გაჭრეს, ხოლო ტაძრის კარი ამოლუქეს, რის შემდეგაც სათავსი დახურულ საკრებულოდ – „საბჭეოდ“ იქცა.

ეკლესია რამდენჯერმეა რესტავრირებული. აღდგენილია ვიწრო ლავგარდანი და ლილვოვანი სარტყელი სარკმლების ქვემოთ. ბოლო რესტავრაცია (პროექტის ავტორი რ. გვერდწითელი) 1970-1974 წლებში ჩატარდა. აღდგა სახურავისა და ლავგარდნის ნაწილები და გუმბათის ყელი.

სამრეკლო

სამრეკლო. შესასვლელი კარის ჩუქურთმა

ტაძრის სამხრეთით, ათიოდე მეტრზე, დგას XIV ს. II ნახში აგებული ორსართულიანი სამრეკლო, რომლის პირველი სართული (6,07 X 6.9მ) გალავანში შესასვლელი იყო. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში მცირე სარკმლებია. სართული გადახურულია კამარით, რომელიც შუაში და კიდეებში საბჯენ თაღებს ეყრდნობა. სამრეკლოს შიდა კედლები შემოსილია თლილი ქვით. მეორე სართული თაღოვანი ფანჩატურია. ისრული თაღები მაღალი და განიერია. ფანჩატური რვაწახნაგაა, მაგრამ წიბოები ცუდად აქვს ჩამოკვეთილი და ცილინდრულს ჰგავს. თაღებს ზემოთ გასდევს ორ ლილვს შორის მოქცეული მოჩუქურთმებული არშია, რომლის ზემოთ, წიბოებზე, ჩუქურთმიანი კუწუბებია დასმული. მათ ზემოთ გაყოლებულია ორ ლილვს შორის მოქცეული ფრიზი, რომლის თავზეც მარტივი ლავგარდანია.

გერგეტის სამება, სამრეკლო, შესასვლელი კარის ჩუქურთმა

სამრეკლოს ქვედა კორპუსის ფასადებიდან სამხრეთისა შედარებით უფრო საზეიმოა აქედანაა ტაძრის ეზოში შესასვლელი. კარი მოჩუქურთმებულ სწორკუთხა ჩარჩოშია ჩასმული, რომელიც შედგენილია გრეხილ ლილვებს შორის მოქცეული ორნამენტული ზოლისა და შეწყვილებული ლილვებისგან, რომლებიც ბურთულებიან ბაზისებს ეყრდნობა. კარის მარჯნივ ორი ჩუქურთმიანი ქვაა ჩასმული, რომელთაგან ერთზე ყურძნის ორი მტევანი თუ გირჩაა ამოკვეთილი. დასავლეთის ფასადის სარკმელი გრეხილ ლილვებს შორის მოქცეული ჩუქურთმითაა მორთული. სარკმლის თაღზე ორი ხვლიკისებრი ცხოველისა თუ ფრინველის გამოსახულებაა. მათ ზემოთ კი მცირე, სწორკუთხამკლავებიანი ჯვარია. სარკმლის მარჯნივ გამოსახულია მამაკაცის ფიგურა, (შესაძლებელია, იგი კალატოზის იყოს), რომლის ირგლივ ასომთავრულით შესრულებული წარწერაა. ეს რელიეფი ჩასმულია გრეხილი ლილვებით შედგენილ განიერ და მაღალ ჩარჩოში, რომლის ქვემოთ ამოკვეთილია მცირე ჯვარი. ეკლესია და სამრეკლო გადახურულია ლორფინით.

თქმულება გერგეტის სამებაზე

ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმიდა სამების ტაძარი. მაშინ მცხეთაში ერთი ბერიკაცი წამომდგარა და მათთვის მოუხსენებია:

– მეფენო, ფური დაკალით და მისი ბეჭი სოფლის ბოლოს დააგდეთ. მოვა შავი ყორანი და, სადაც გამოხრავს, სამებაც იქ ააშენეთო. მეფეებიც ასე მოქცეულან. ყორანი მართლაც მოფრენილა და წაუღია ეს ბეჭი. მოწმედ ყორანს ხალხიც გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების ნიში აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილზე) დაფრენილა და აქაც ჯვარი აღუმართავთ. ბიდარიდან ყორანი გერგეტში გაფრენილა და ელოგეშის ნიშთან ცოტათი შეუსვენია და შემდეგ სამების წვერზე დაფრენილა. აქ ბეჭი საბოლოოდ გამოუხრავს და ძვლებიც იქვე დაუყრია.

ახლა მეფეებს დავა იმაზე მოსვლიათ, თუ ვის უნდა ჩაეყარა საძირკველი პირველად. წამომდგარა ერთი კეთილი კაცი და უთქვამს:

– წადით ბიდარის მთაზე, სადაც სამების ჯვარია აღმართული, იქიდან ყველანი გამოიქეცით და ვინც სამებაზე პირველად ავა, საძირკველიც იმან გაჭრასო.

ასეც მოქცეულან და ყველანი ცხენით თუ ფეხით, ბიდარის მთიდან გამოქცეულან. მათ შორის ერთი ხურთისელი კოჭლი ბაჩხიძე მთა-მთა მოკლე გზით გადმოსულა, სამების მთაზე ცხენოსნებზე წინ მისულა და სამების საძირკველიც იმას გაუჭრია. ამიტომ ახალწელს გერგეტელები პირველად ამ ხურთისელ ბაჩხიძეს ამწყალობებენ.

ტაძრის ასაგები ქვა დევ-წიქარა ხარებს ყანობ-ხურთისიდან უზიდიათ, კალატოზებისთვის წყალი გერგეტის წყაროდან მეცხვარეს უზიდია. ამ წყაროს დღესაც „კალატოზის წყაროს“ უწოდებენ. ამ მეცხვარეს თავისი სახე სამების სამრეკლოზე გამოუსახავს. მისი ფარა მთაზე უმწყემსოდ ძოვდა თურმე და ნადირი არ ერჩოდა. ამ მეცხვარესაც სამების დეკანოზები ახალწელს პირველად ამწყალობებენ.

წყარო

‏‎ ‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები