გოგიტიძე გერმანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გერმანე გოგიტიძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გერმანე გოგიტიძე

გოგიტიძე გერმანე (დ. - 12.X.1886, ოზურგეთი - გ. - 7.III.1960, თბილისი) - ქართული კინოს პირველი მწარმოებელი და პირველი ქართული მხატვრული ფილმის ავტორი (ა. წუწუნავასთან ერთად).

სარჩევი

ბიოგრაფია

უმაღლესი განათლება მიიღო პარიზში. 1906 წლდან თეატრალურ საზოგადოებაში მოღვაწეობს. 1914 წელს ოზურგეთში თეატრი ააგო, რომელსაც საკუთარი ელექტროსადგურიც ჰქონდა. თეატრს 250-კაციანი დარბაზი და მოძრავი სცენა გააჩნდა. მალე სივრცე კინოთეატრ „ილუზიონად“ გადაკეთდა. სწორედ აქ გაუჩნდა ქართული მხატვრული ფილმის გადაღების იდეა. 5.VII.1915 ჟურ. „თეატრი და ცხოვრება“ ფილმის „ქრისტინე“ გადაღებას იუწყებოდა. სცენარად ე. ნინოშვილის მოთხრობა „ქრისტინე“ გამოიყენა. გადაღებისთვის საჭირო თანხებიც მოიძია. რეჟისორად ა. წუწუნავა, მხატვრად - დ. შევარდნაძე, ოპერატორად ჯერ შუგერმანი, შემდეგ კი ალექსანდრე დიღმელოვი მიიწვია.

1917 წლის ოქტომბერში გადაღებები დასრულდა. 1918 წლის აპრილში ოზურგეთში ოსმალების შესვლისას გ. გოგიტიძის მთელი ქონება და მათ შორის ფირებიც განადგურდა. თბილისში შენახული ნეგატივების მეშვეობით მასალის აღდგენა მოახერხა. 26.V.1919 ფილმის ჩვენება კინოთეატრ „აპოლოში“ გაიმართა. პარალელურად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში დოკუმენტური ფილმებიც გადაიღო: „სახალხო გვარდიის დღე საქართველოს დედაქალაქში, 12 დეკემბერი 1918 წლისა“, „დღესასწაული დამფუძნებელი კრების გახსნის დღეს“. ასევე, მცირემეტრაჟიანი დოკუმენტური სიუჟეტებიც გადაიღო: „აზერბაიჯანის ფრონტი“; „ბათუმის გადმოცემა საქართველოსთვის“; „ბათუმის სიმაგრეები“; „1919 წლის 26 მაისი“; „გორის მიწისძვრა“; „მეორე ინტერნაციონალის ლიდერთა დელეგაცია“; „სახალხო გვარდიის სასოფლო მუშაობა“; „აჭარა“; „სახალხო გვარდიელთა ჯირითი“; „1920 წლის 26 მაისი“; „ბათუმის პროტესტი“; „გორის წისქვილი“.

27.IX.1919 გ. გოგიტიძესა და კოოპერატივთა კავშირს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს პროვინციებში ფილმების ჩვენებას ითვალისწინებდა, შემოსული თანხა კი თანაბრად განაწილდებოდა. ქართული კინო ამ ხელშეკრულების დადებით საზოგადოებრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. 1920 წელს გოგიტიძე რეჟისორ ფრიც ლანგთან შესახვედრად გერმანიაში გაემგზავრა. განიხილეს „ვეფხისტყაოსნის“ ეკრანიზაცია. ფინანსური პრობლემების გამო, შეთანხმება ვერ შედგა.

1921 წლდან საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატთან არსებულ კინოსექციას ხელმძღვანელობდა. 1923 წლიდან იყო „სახკინმრეწვის“ დირექტორ-განმკარგულებელი. მისი ხელმძღვანელობით გადაიღეს ფილმები:

  • „არსენა ჯორჯიაშვილი“;
  • „სურამის ციხე“;
  • „წითელი ეშმაკუნები“;
  • „მამის მკვლელი“.

1928 ფილმის „ჯანყი გურიაში“ მომზადების დროს ბიუჯეტის გადახარჯვის გამო გაათავისუფლეს. 1949 წელს დააკავეს, წამების შემდეგ უცხო ქვეყნის ჯაშუშობა აღიარებინეს და 15 წლით გადაასახლეს. დაპატიმრების მიზეზი იყო მეორე მსოფლიო ომში ტყვედ ჩავარდნილი მისი შვილი, რომელიც საცხოვრებლად პარიზში დარჩა. 1956 წელს გადასახლებიდან ვადაზე ადრე დაბრუნდა. ავტორია წიგნისა „ქართული კინოს წარსულიდან“. საბჭოთა პროპაგანდამ მისი ფილმები გაანადგურა.

სალომე ჭანტურიძე

ლიტერატურა

  • გ. გოგიტიძე, „ქართული კონოს წარსულიდან“, 2013;
  • ი. მახარაძე, „დიადი მუნჯი ქართული კინოს ისტორია“;
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1918, №59;
  • გაზ. „სახალხო საქმე, 1919, №540, №545, 1920, №773.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

გერმანე გოგიტიძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები