გვარამაძე თავაზ-ყადირ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გვარამაძე თავაზ-ყადირ მამაც გული ოღლი (დ. - 1849 - გ. - 24.IV.1919, სოფ. ზიკილია, ახალციხის მაზ.) - ქართველი მაჰმადიანი, სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის მენშევიკური ფრთის წევრი. წლების განმავლობაში ქართულ პრესაში აქვეყნებდა სტატიებს ახალციხის სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობისა და მიმდინარე პროცესების შესახებ.

1919 წლის თებერვალში საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის სიით არჩეულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. დამოუკიდებლობის პერიოდში იყო ახალციხის მიწის მუშათა დეპუტატთა საბჭოს წევრი. ახალციხის საკითხთან დაკავშირებით იკავებდა ცალსახად პროქართულ ორიენტაციას. 1919 წელს რედაქტორობდა გაზ. „განახლებული მესხეთი“. ასაკისა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, აქტიურად ეწეოდა პროპაგანდას დემოკრატიული რესპუბლიკის სასარგებლოდ და საჯაროდ კიცხავდა ამბოხებულ ბეგებს. 1919 წლის 20 იანვარს მძიმე ავადმყოფი ყადირ გვარამაძე ურმით მიიყვანეს ახალციხის მიწის მუშათა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე, სადაც მოსახლეობას მოუწოდა, არ აჰყოლოდნენ ბეგების პროპაგანდას და დაეცვათ სამშობლო. ავადმყოფობის შემდეგ სახადით გარდაიცვალა მშობლიურ სოფელში, მუსულმანური ტრადიციის მიხედვით დაკრძალეს იმავე დღეს. 1919 წლის 29 მაისს დამფუძნებელი კრების დელეგაცია ახალციხეში ყადირ გვარამაძისთვის პატივის მისაგებად ეწვია გარდაცვლილის საფლავს, კრების სახელით, საფლავზე რკინის გვირგვინი განათავსეს, ცერემონიალზე დამსწრეებს სიტყვით მიმართა დეპუტატმა თედორე კიკვაძემ.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 2016;
  • გაზ. „ერთობა“ , 1919, №131.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები