გიგანტები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიგანტები(ბერძნ.) ბუმბერაზები, რომლებიც დედამიწის უკიდურეს დასავლეთში არიან დავანებულნი. გიგანტები წარმოიშვნენ მაშინ, როდესაც ურანოსისგან ჩამონადენმა სისხლის წვეთებმა უკანასაკნელად გაანაყოფიერეს დედამიწა – გეა.

ასე რომ, ეს ბუმბერაზები გეასა და ურანოსის შვილებად ითვლებიან. ხშირად მათ ურევდნენ ტიტანებში, რომლებიც ასევე გეასა და ურანოსის შვილები არიან. რომ განვასხვავოთ ისინი ერთმანეთისაგან უნდა გვახსოვდეს, რომ ურანოსმა ტიტანები უწოდა თავის იმ შვილებს, რომლებმაც ხელი აღმართეს მასზე (ე.ი. ყველას, გიგანტებისა და ერინიების გარდა, რადგან ისინი მოგვიანებით გაჩნდნენ).

გიგანტები ჩრდილოეთ საბერძნეთში მდებარე ფლეგრეში, პალენეს ნახევარკუნძულზე იშვნენ. გარეგნობით ზოგი მათგანი არ განსხვავდებოდა ოლიმპიელი ღმერთებისაგან. ზოგს ტანი ადამიანის ჰქონდა, ფეხების ნაცვლად კი გველის ვეებერთელა კუდი ება. ხოლო ზოგი ადამიანისა და რომელიმე მხეცის ნაჯვარის სახით იყო წარმოდგენილი. საოცარ ძალას ფლობდნენ გიგანტები, ღმერთებისაგან განსხვავდებოდნენ მხოლოდ იმით, რომ არ იყვნენ უკვდავები.

მითოსის თანახმად, გეა ეხმარებოდა ზევსს კრონოსის დამარცხებაში. მაგრამ განრისხდა, როდესაც ზევსმა ტიტანები ტარტაროსში ჩაამწყვდია. ამიტომ მან ოლიმპიელ ღმერთთა წინააღმდეგ აამხედრა თავისი შვილები, გიგანტები. ეს ბრძოლა მითოლოგიაში გიგანტომაქიის სახელით არის ცნობილი. სასტიკი ომი გიგანტების დამარცხებით დამთავრდა.

თანამედროვე მეტყველებაში „გიგანტი“ ნიშნავს უზარმაზარს, გოლიათს, ხოლო გამოთქმა „გიგანტური ძალა“ უდიდეს ძალად მოიაზრება.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები