გიდელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიდელი

გიდელიკალათივით მოწნული ვიწრო ძირიანი ყურძნის საკრეფი:

1. წნული ჭურჭელის სახეობა, კალათივით მოწნული ვიწრო ძირიანი ყურძნის საკრეფი.

წვნა კაცობრიობის კულტურის უძველესი მონაპოვარი იყო. იგი ქსოვას წინ უსწრებდა, რომელიც მისგან განვითარდა. წვნასთან იყო დაკავშირებული კაცობრიობის კულტურის ისეთი მონაპოვარიც, როგორიცაა მეთუნეობა. მეთუნეობა ყველგან ალბათ იმის შედეგად გაჩნდა, რომ დაწნულ ანდა ხის ჭურჭელს თიხით ლესავდნენ, რათა ცეცხლგამძლე გაეხადათ. ძველ ქართულ წერილობით ძეგლებში „წვნის” აღმნიშვნელი ტერმინია − „თხზვა”. ეს ტერმინი დღეისათვის მხოლოდ აჭარულ დიალექტშია შემონახული.

აჭარაში, ისე როგორც საქართველოს სხვა კუთხეში — გურიაში, სამეგრელოში, ქვემო იმერეთსა და ლეჩხუმში, ზოგადად გიდელი ტირიფის წნელისგან მოწნული კონუსისებური კალათი იყო. ტირიფის გარდა წნული ჭურჭლის დასამზადებლად, უპირატესად, ტირიფის სახესხვაობას − ძეწნას, მდგნალს, წნორს, მანეულს, აგრეთვე, თხილს, შვინდს, უზანს, სიმინდის ფუჩეჩსა და პურის ნამჯასაც იყენებდნენ. ამდენად, მის დასამზადებლად აქაც საკმარისი იყო წნელი და ტკეჩი. აჭარაში, მსგავსად საქართველოს სხვა კუთხეებისა, წნული ჭურჭლებიდან ფორმითა და ფუნქციით ასევე საყურადღებო იყო მოგრძო, ძირწაწვეტებული უყურო გოდორი — გიდელი, რომელიც მაღლარი ვენახისა და ხილის საკრეფი ჭურჭელი იყო. ასეთ გიდელსაც წნელისა და ტკეჩისგან ამზადებდნენ. ეს ფორმაც უპირატესად გავრცელებული იყო აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში, ლეჩხუმში, ქვემო იმერეთსა და სხვაგან.

აჭარაში გიდელს „კუნჭულოც” ერქვა, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა ტერმინი შეესატყვისებოდა, მაგალითად, გურიაში — კუშტული, სამეგრელოში — კურსული, ლეჩხუმში — მუჯურო. გიდელის მთავარი საყრდენი წაბლის, მუხის ანდა ქორაფის ღერო იყო, რომელსაც ცეცხლზე ათბობდნენ და ოთხივე მხრიდან ტკეჩებს ათლიდნენ. ღეროს შუაში დარჩენილ ხის გულს ჭრიდნენ და მის ქვედა ნაწილს გიდელის ფსკერად ტოვებდნენ. გიდელის საწნავი ტკეჩი კი ასე მზადდებოდა: მას საშუალო სისქის დანით ჩაჭრიდნენ, მუხლზე მოხრიდნენ და მარჯვენა ხელის შუა თითის დახმარებით თანდათან ზოლებად დაშლიდნენ. გიდელის წვნა ფსკერიდან იწყებოდა. გიდელის საყრდენს წვრილი ტკეჩი ჯვარედინად გადაეწვნებოდა. წვნა მარჯვნიდან მარცხნივ ხორციელდებოდა. გიდელი შუა ნაწილში ოდნავ ფართოვდებოდა, რისთვისაც მსხვილ ტკეჩს უმატებდნენ. გიდელის თავსაც მსხვილი ტკეჩით შემოწნავდნენ, თავზე თოკის სახელურს უკეთებდნენ, რომლის ტოტზე გიდელის ჩამოსაკიდებლად ხის კავი, „ღვან-ღვალი” მაგრდებოდა. ხეზე ყურძნის კრეფისას სამ-ოთხ მკრეფავს ერთი მეგიდლე ემსახურებოდა, რომელსაც ძირში გიდელები უნდა ჩაეცალა.

საქართველოს ამა თუ იმ კუთხეში გიდელს ზოგჯერ ქვევრშიც დგამდნენ, სადაც ღვინოსთან ერთად ჭაჭა იყო მოთავსებული, გიდელში სუფთა ღვინო შედიოდა და მას იქიდან ორშიმოთი იღებდნენ. თედო სახოკია: „გიდელი — ყურძნის საკრეფი კალათია, შაქრის თავის მსგავსი, ხეზე გააქვთ დასავლეთ საქართველოში, საცა მაღლარია. ყურძნის საკრეფად ყველგან გიდელს ხმარობენ”;

2. კალათივით დაწნული მრგვალი, ფსკერიანი, ზურგზე მოსაკიდი გოდორი, ზოგჯერ მას სახედარსაც აჰკიდებდნენ. ამრიგად, გიდელი ყურძნის საკრეფი წნული ჭურჭლის სახეობა იყო, ისე როგორც გოდორი — თავფართო და ბოლო ვიწრო, ასევე, მაღლარი ყურძნის საკრეფი გრძელი — მოგრძო, მრგვალი, პირგანიერი და ბოლო ვიწრო – ძირწვრილი კალათი.


ლიტერატურა

სახოკია, 1985:225; ჟღენტი, 1936; შამილაძე, 1969:58; ნოღაიდელი, 2015; ხაზარაძე, 2008; უნივერსალური... 2006; ქართული მატერიალური კულტურის... 2011:86-87; ვაზი... 2015:52.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები