გილფორდი ჯოი პოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გილფორდი ჯოი პოლ

გილფორდი ჯოი პოლ - Guilford Joy Paul, Гилфорд Джо Пол, 1897-1987

ამერიკელი ფსიქოლოგი, ინტელექტის მრავალფაქტორიანი მოდელისა და შემოქმედების ფსიქოლოგიის ერთერთი ფუძემდებელი. შეიტანა დიდი წვლილი ფსიქომეტრული მეთოდების სრულყოფის საქმეში.

სწავლობდა ნებრასკისა და კორნელის უნივერსიტეტებში ე. ტიტჩენერისა და კ. კოფკას ხელმძღვანელობით. ასწავლიდა კანზასის, ნებრასკას და სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტებში. იყო ფსიქომეტრული საზოგადოების (1938), დასავლეთის ფსიქოლოგიური ასოციაციის (1946), ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის (1949) პრეზიდენტი.

გილფორდმა უარყო ჩ. სპირმენის ერთფაქტორიანი/ორფაქტორიანი თეორია ინტელექტზე. მან უკუსგდო „გენერალური ფაქტორი” და მხოლოდ სპეციფიკურ ინტელქტუალურ უნარ-თვისებათა არსებობა დაუშვა. თავის რთულ, „სივრცულ”, „კუბურ” მოდელში 150 უჯრედია, თვითეულს გარკვეული ინტელექტუალური უნარ-თვისება შეესაბამება {ინტელექტის სამგანზომილებიანი სტრუქტურის მოდელი}. მათგან 105-ის შესასწავლად გილფორდმა კოლეგებთან ერთად სპეციალური ტესტები შექმნა.

გილფორდს მიაჩნია, რომ ინტელექტის ტესტებით გაზომილი ინტელექტის კოეფიციენტი აფასებს კონვერგენციულ აზროვნებას. ხოლო შემოქმედებითობა უკავშირდება დივერგენციულ აზროვნებას.

გილფორდი ინტელექტის, შემოქმედებისა და პიროვნების კვლევის ფსიქომეტრული მიმართულების ერთერთი ლიდერია. მან შექმნა მრავალი ტესტი, რომლებიც ზომავს დივერგენციულ, შემოქმედებით აზროვნებას, შემოქმედებით პიროვნებათა ინტელექტუალურ უნარებს. ეს მეთოდები ფართოდ გამოიყენება პრაქტიკაში ინჟინრების, მეცნიერ მუშაკებისა თუ ნიჭიერი სტუდენტების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის მიზნით.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები