გიორგაძე გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრიგოლ გიორგაძე

გიორგაძე გრიგოლ ტიმოთეს ძე (დ. - 20.XI.1879, ქუთაისი - გ. - 18.VIII.1937, ყაზახეთი) - პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი, იურისტი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა ტარტუსა და ოდესის უნივერსიტეტებში. 1909 დაამთავრა ხარკოვის უნივერისტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1905-1920 წლებში იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1909-1910 წლებში - გაზეთი „ფონის“ რედაქტორ-გამომცემელი (ქუთაისი).

1918 წლის აპრილში დაინიშნა ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრად. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაინიშნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრად. გენერალი გ. კვინიტაძე უარყოფითად აფასებდა სამხედრო უწყების სათავეში სამოქალაქო პირის (გრიგოლ გიორგაძის) ყოფნას და მას სამხედრო საქმის სრულ უცოდინარობაში სდებდა ბრალს. 1919 წლის მარტში, როდესაც გიორგაძე სამხედრო მინისტრის თანამდებობაზე ნოე რამიშვილმა ჩაანაცვლა, 52-მა გენერალმა, შტაბისა და ობეროფიცერმა გამოსამშვიდობებელ წერილში მინისტრის მუყაითობას, საქმის სიყვარულს, მოვალეობის შეგნებას, დინჯ მუშაობას, თავაზიანობას გაუსვეს ხაზი. 1920 წელს დაინიშნა ბათუმის ოლქში მთავრობის წარმომადგენლად. 1920-1921 წლებში ყოფილი მინისტრი სოციალ-დემოკრატიულ პარტიას გამოეთიშა და დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის - „ახალი სხივის“ - ლიდერი და სხიველების ფრაქციის თავმჯდომარე გახდა. იყო ეროვნული საბჭოს და დამფუძნებელი კრების წევრი.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1922-1937 წლებში, ეწეოდა საადვოკატო მოღვაწეობას. 1921 გამოსცა ბროშურა „საქართველო, ანტანტა და რუსეთი“, მასში რუსეთ-საქართველოს ურთიერთოებები საკმაოდ იდეალიზებულადაა წარმოჩენილი, მაგრამ მისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა წმინდა საქმე იყო. ერთხანს მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, იკვლევდა საქართველოს ფეოდალური და ახალი პერიოდის ისტორიის საკითხებს.

1930 დააპატიმრეს, 1933 გადაასახლეს ყაზახეთში, სადაც მუშაობდა იურისკონსულტად სხვადასხვა ორგანიზაციებში. 1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს. რეაბილიტირებულია ყაზახეთის და საქართველოს უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით.

დიმიტრი სილაქაძე

თხზულებები

  • გ. გიორგაძე , ფეოდალური ურთიერთობა საქართველოში, ტფ., 1926;
  • საზოგადოებრივი ურთიერთობა საქართველოში ბატონყმობის გადავარდნიდან პირველ რევოლუციამდე (1864-1905), ტფ., 1928.

ლიტერატურა

  • დ. სილაქაძე , „გრიგოლ გიორგაძე - საქართველოს პირველი სამხედრო მინისტრი“, ჟურნალი „ისტორიანი“, 2015, N11;
  • ლ. ურუშაძე , გიორგაძე გრიგოლ ტიმოთეს ძე, ენც. „საქართველო“ ტ. II, თბ., 2012.

იხილეთ აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები