ლასხიშვილი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გიორგი ლასხიშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი ლასხიშვილი

ლასხიშვილი გიორგი მიხეილის ძე (ფსევდ. ლალი) (25.XII.1865, ქუთაისი, - 15.V.1931, თბილისი) - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ლიდერი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1885 დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და შევიდა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. აქტიურ მონაწილეობას იღებდა სტუდენტთა მღელვარებაში. შედიოდა სტუდენტთა ხალხოსნური ორგანიზაციის „ახალგაზრდა ნაროდნაია ვოლიას“ („ნაროდნაია ვოლიას ახალგაზრდა პარტია“) სამხრეთ რუსეთის ჯგუფში. 1887 წელს გარიცხეს უნივერსიტეტიდან, დააპატიმრეს და ჯერ სამშობლოში გადმოასახლეს პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ, ხოლო 1888 წელს ხუთი წლით გადაასახლეს ციმბირში, ჯერ უსტ-კამენოგორსკში, შემდეგ პეტროპავლოვსკში. 1895 წელს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ი. ჭავჭავაძემ მიიღო გაზეთ „ივერიის“ რედაქციაში სამუშაოდ. გაზეთის ახალი თაობის წარმომადგენლებთან ერთად, მან საფუძველი ჩაუყარა „ახალგაზრდა ივერიელების“ ეროვნულ-რადიკალურ მიმდინარეობას. 1901 წლიდან ათავეში ედგა საინიციატივო ჯგუფს, ე. წ. მთავარ კომიტეტს, რომლის მიზანიც იყო საქართველოს ავტონომიისათვის მებრძოლი პოლიტიკური პარტიის დაარსება, რომელიც გააერთიანებდა ეროვნულ ძალებს. იგი წერდა: „დღეს დროთა ვითარების გამო, ჩვენ ყველანი შევადგენთ ერთ პარტიას, ერთი აზრით განმსჭვალულს“.

1904 გახდა ახალდაარსებული საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, იყო პარტიული გაზ. „ცნობის ფურცლის“ და სხვა ორგანოების არაოფიციალური ფაქტობრივი რედაქტორი და პარტიის თავმჯდომარე. ხშირად აქვეყნებდა პუბლიცისტურ-კრიტიკულ წერილებს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ-კულტურულ პრობლემებზე. გარდა ეროვნულ-პოლიტიკური მოღვაწეობისა, აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ-კულტურულ დაწესებულებათა ხელმძღვანელ ორგანოებში, იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის, დრამატული საზოგადოების გამგეობის, თბილისის საადგილმამულო ბანკის გამგეობის, თბილისის სასოფლო-სამეურნეო ბანკის და სხვათა წევრი. 1910 წელს ხელისუფლების მიერ სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ხელმძღვანელი ორგანოების დარბევა-ლიკვიდაციის დროს შვიდი თვით დააპატიმრეს მეტეხის ციხეში, ხოლო შემდეგ, ადმინისტრაციული სასჯელის პირობების მიხედვით, ხუთი წლით აუკრძალეს კავკასიაში ცხოვრება და ხარკოვში იმყოფებოდა. 1913 წელს ლასხიშვილი გიორგის შეეეხო ამნისტია და ორი წლით ადრე დაბრუნდა სამშობლოში.

რუსეთის მონარქიის დამხობის შემდეგ ეროვნული ინტერპარტიული კრებების მონაწილე და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა. პირველმა ეროვნულმა ყრილობამ აირჩია ეროვნული საბჭოს წევრად, ხოლო მოგვიანებით გახდა ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის ამხანაგი (მოადგილე). საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს იმყოფებოდა ეროვნული საბჭოს სხდომის პრეზიდიუმში და დამოუკიდებლობის აქტს რიგით მეოთხემ მოაწერა ხელი. იგი შევიდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ე.წ. დროებითი კოალიციური მთავრობის შემადგენლობაში და რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის პოსტი ჩაიბარა. განახორციელა რიგი რეფორმები განათლების სფეროში; მისი ხელმძღვანელობით მოხდა ქართული სკოლის ნაციონალიზაცია-„გაეროვნება“; მასწავლებელთა მოსამზადებელი კურსების შექმნა ქართულ ენაზე სწავლებისათვის და სხვ. 1919 წლის მარტში აირჩიეს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - დამფუძნებელი კრების წევრად, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიიდან და შედიოდა საკონსტიტუციო კომისიის ახალ გადახალისებულ შემადგენლობაში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გ. ლასხიშვილი იყო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის მთავარი კომიტეტის თავმჯდომარე.

1921 წლის მარტში, როცა მიმდინარეობდა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობა, გ. ლასხიშვილი ბათუმში ჩავიდა, მონაწილეობა მიიღო დამფუძნებელი კრების უკანასკნელ სხდომაში და თავისი ოჯახით ემიგრაციაში გახიზვნას აპირებდა, მაგრამ ბოლო წუთს გადაიფიქრა და სამშობლოში დარჩენა გადაწყვიტა. საბჭოთა ხელისუფლების პირობებში ცხადია, ჩამოსცილდა პოლიტიკურ საქმიანობას. ერთხანს მუშაობდა საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისარიატში, კოოპერატიულ ბანკში. მის მიმართ მუდმივ ინტერესს იჩენდნენ საბჭოთა სპეცსამსახურები: საგანგებო კომისია, პოლიტსამმართველო და, ალბათ ვერც გადაურჩებოდა 30-იანი წლების რეპრესიებს, მაგრამ, უფრო ადრე, ავადმყოფობით გარდაიცვალა. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში, არჩილ ჯორჯაძის გვერდით.

დიმიტრი შველიძე

თხზულებები

გიორგი ლასხიშვილი, მემუარები, პირველი გამოცემა, ტფ., 1934, მეორე გამოცემა, თბ., 1992, უ. სიდამონიძის წინასიტყვაობით.

ლიტერატურა

  • დ. შველიძე, განათლების მინისტრი - გიორგი ლასხიშვილი, გაზ. „სახალხო განათლება“, 24 მაისი, 1990;
  • დ. შველიძე, გიორგი ლასხიშვილი-ჩვენ ყველანი შევადგენთ ერთ პარტიას, თბ., 2018.

იხილე აგრეთვე

გიორგი ლასხიშვილი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები