ლეონიძე გოგლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გიორგი ლეონიძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გოგლა ლეონიძე

ლეონიძე გიორგი (გოგლა) ნიკოლოზის ძე - (დ. - 27.XII.1899, სოფ. პატარძეული, - გ. - 9.VIII.1966, თბილისი) - ქართველი მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახალხო პოეტი (1959), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

სარჩევი

ბიოგრაფია

განათლება მიიღო თბილისის სასულიერო სასწავლებელსა და სემინარიაში. 1911 ჟურნალ-გაზეთებში გამოჩნდა მისი პირველი პუბლიკაციები. რედაქტორობდა ხელნაწერ ჟურნალებს „გვირგვინი“ და „ფანდური“, რომლებიც სემინარიაში გამოდიოდა. 1911 გაზ. „სინათლეში“ გამოაქვეყნა პირველი ლექსი „მცხეთა“. 1912 წელს მისი ლექსები სისტემატურად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში. 1916 მისი რედაქტორობით გამოვიდა ლიტერატურული ალმანახი „საფირონი“.

საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში ეწეოდა აქტიურ შემოქმედებით და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. 1918 წელს დაუახლოვდა სიმბოლისტთა ჯგუფს – „ცისფერყანწელებს“, იყო ორდენის აქტიური წევრი. ამ პერიოდში დაიწერა მისი მოდერნისტული ლექსები. 21 წლის ასაკში გამოაქვეყნა პირველი წერილი გაზეთ „ნაციონალისტში“ - „ძველ პოეზიაზე“. ამავე წელს დაიწერა მისი საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ლექსი „26 მაისი“. 1919 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1920 წელს კომენტარებითა და გამოკვლევებით გამოსცა მამუკა ბარათაშვილის „ჭაშნილი“. ამავე წელს მისი ესეი „მცხეთა“ გამოქვეყნდა გაზეთ „ნაციონალისტში“. 1920 გაზ. „ბარრიკადში“ გამოაქვეყნა სტატია „პარნასი და სინაი“. 1921 წლის 22 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ცნობა, რომ უკვე იყიდებოდა ტიციან ტაბიძისა და გიორგი ლეონიძის რედაქტორობით გამოცემული წიგნი „რევოლუციის პოეტები“.

1922-1923 წლებში რედაქტორობდა „ცისფერყანწელთა“ ყოველკვირეულ სალიტერატურო გაზეთს „ბახტრიონი“. 30-იან წლებში მისი ინიციატივით დაარსდა მთაწმინდის მწერალთა მუზეუმი, რომელიც მოგვიანებით საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმად გადაკეთდა. წლების მანძილზე მუშაობდა ამ მუზეუმის დირექტორად. დააარსა ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში, ალმანახი „ლიტერატურული მემკვიდრეობა“. 1944 წელს აირჩიეს საქართველოს სსრ მეცნიერებეთა აკადემიის ნამდვილ წევრად, 1940-1948 წლებში იყო „ლიტერატურული მატიანის“ რედაქტორი, 1951-1953 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირს, 1957-1966 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს. იყო მშვიდობის დაცვის საბჭოთა კომიტეტის წევრი. კომიტეტის სახელით 1958 ბუქარესტში გააკეთა მოხსენება ქართულ-რუმინულ კულტურათა ურთიერთობაზე. 1959 წელს ქართული პოეზიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, დაბადების 60 წლისთავთან დაკავშირებით, მიენიჭა რესპუბლიკის სახალხო პოეტის საპატიო წოდება. ლექსებისა და პოემების გარდა, მას ეკუთვნის კვლევები სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისას“, იოსებ თბილელის „დიდმოურავიანის“, ვეფხისტყაოსნის, ვახტანგ VI-ის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, საიათნოვას, ანთიმოზ ივერიელის, მ. გურიელის, ა. ყაზბეგის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ვ. ბარნოვის და სხვათა შესახებ. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ეკა ჯავახიშვილი

ლიტერატურა

  • გ. კალანდაძე, „გიორგი ლეონიძის შემოქმედება“ (თბ., 1967);
  • გ. მარგველაშვილი, „ლიტერატურული წერილები“, თბ., 1972;
  • გ. ხერხეულიძე, „გიორგი ლეონიძის პოეზია“, თბ., 1959;
  • გაზ. „ერთობა“, 5 სექტემბერი, 1920;
  • გაზ. „ნაციონალისტი“, 1920, № 4.

იხილე აგრეთვე

გოგლა ლეონიძე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები