ჩუბინაშვილი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გიორგი ჩუბინაშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი ჩუბინაშვილი

ჩუბინაშვილი გიორგი - (დ. - 21.XI.1885, პეტერბურგი - გ. - 14.I.1973, თბილისი) - მეცნიერი, აკადემიკოსი, ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ფუძემდებელი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1895-1905 წლებში სწავლობდა პეტერბურგის გერმანულ „რეფორმატულ“ სასწავლებელში. 1906 წელს საქართველოში ჩამოვიდა. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მიახდინა ამ დროს ილია ჭავჭავაძის გაცნობამ. 1907 წელს ჩააბარა ლაიპციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. პარალელურად ისმენდა ლექციებს ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე „ციმბირელ შამანთა ფუნქციები“. 1914 წელს მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორისა და თავისუფალ ხელოვნებათა მაგისტრის წოდება.

1914 წლის გაზაფხულზე იყო საქართველოში და იმოგზაურა სვანეთში. 1915 ნიკო მარმა ანისის (სომხეთის ძველი დედაქალაქის) გათხრებზე გაგზავნა. 1916 ანისის გათხრებს ხელმძღვანელობდა. გამოაქვეყნა კვლევა საორბისის 1152 წლის ეკლესიის შესახებ. 1916 დაბრუნდა პეტერბურგში. საბოლოოდ გადაწყვიტა ქართული ხელოვნების შესწავლა. ჩაირიცხა პეტერბურგში გრაფ ზუბოვის დაარსებულ ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში, სადაც ბიზანტიური ხელოვნების მკვლევრის, დიმიტრი აინალოვის ლექციებს ისმენდა. თავისუფალ მსმენელად სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ქართულ-სომხურ-სპარსულ განყოფილებაში. მისი ხელმძღვანელები იყვნენ: ნიკო მარი, ივანე ჯავახიშვილი და იაკობ სმირნოვი. 1917 წელს საბოლოოდ გადმოვიდა თბილისში.

1918 წლის ბოლოს მიიწვიეს ახლად დაარსებული ქართული უნივერსიტეტის პროფესორად. სათავეში ჩაუდგა მის მიერ შემქნილ ხელოვნების ისტორის კათედრას. ჰყავდა ერთი თანამშრომელი - ნიკოლოზ სევეროვი. უნივერსიტეტში შექმნა „ხელოვნების მეცნიერების კაბინეტი“, რომელიც ქართული ხელოვნების დარგში პირველი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი იყო. ამ დროიდან დაიწყო სახელოვნებათმცოდნეო ექსპედიციებიც.

1922 წელს სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. აგრძელებდა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას უნივერსიტეტსა და სამხატვრო აკადემიაში. 1930 წლიდან მოაწყო ქართული ხელოვნების გამოფენები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. იყო საქართველოს მუზეუმის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე და დირექტორის მოადგილე. ხელოვნების მუზეუმის „მეტეხის“ ხუროთმოძღვრების განყოფილების გამგე, არაერთი საბჭოსა თუ სამეცნიერო საზოგადოების წევრი. 1941 წელს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პირველ შემადგენლობაში აირჩიეს. 1941 წლის 1 აპრილს ახლად შექმნილი ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა და 32 წელი იყო ამ თანამდებობაზე. გიორგი ჩუბინაშვილის ინტერესის სფეროს შუა საუკუნეების ქართული ხელოვნება შეადგენდა. იკვლევდა ქართული ხუროთმოძღვრების გენეზისს და ლითონმქანდაკებლობის ძირითად თავისებურებებს. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში. დღეს მისი სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევითი ცენტრი არსებობს.

სალომე ჭანტურიძე

ლიტერატურა

ვ. ბერიძე, გიორგი ჩუბინაშივილი, ბიობიბლიოგრაფია, 1977.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები