გირგედი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გირგედ-ი (სვ.) – ლახამულელთა და ეცერელთა საფიცარი ხატი. ეცერელთა გირგედი ინახებოდა ფხოტრერის ეკლესიაში, ლახამულელების – ჩამოკიდებული იყო სოფლის მოედანზე მდგარ ცაცხვის ხეზე. ეს უკანასკნელი წარმოადგენდა მრგვალი ფორმის ლითონის საგანს, რომლის გარე ნაპირზე შემოვლებული იყო ლითონისავე ცხრა ცალი რგოლი, რგოლებსშორის სივრცეს კი სამყურა მცენარის მსგავსი ლითონის სამკაული ამშვენებდა. დაახლოებით ასეთივე ყოფილა ეცერელთა გირგედიც.

გადმოცემის თანახმად, გირგედი მდ. ენგურის გადაღმა, ლახამულას პირდაპირ მდებარე მთის მწვერვალიდან ჩამოუტანიათ (ვარიანტი: ლახამულელებს ყარაჩაელები დასხმიან და დიდი ზარალი მიუყენებიათ; მაშინ გირგედი გაპარულა და ჯგრაგ ბოგეშის სალოცავის პირდაპირ რომ მაღალი კლდეა, იქ დამალულა).

გირგედზე შერისხება იმ შემთხვევებში სცოდნიათ, როცა ვინმე ყანას დააზიანებდა, ან საქონელს დაასახიჩრებდა, ან კიდევ მიწათმოქმედებასთან და მესაქონლეობასთან დაკავშირებულ ზარალს გამოიწვევდა. დაზარალებული ოჯახი დანაშაულში ეჭვმიტანილის ან დამნაშავის მცოდნე პირთა გამოსატეხად, მოკილს (სალოცავის კაცს) გირგედს გამოატანინებდა; მოკილი, გირგედით ხელში, შეკრებილი ხალხის წინაშე დამზარალებელს ხმამაღლა შერისხავდა (გირგედის ძალით საქონლის ამოწყვეტით, მოსავლის განადგურებით დაემუქრებოდა და გირგედს პირუკუღმა გადააბრუნებდა), თუ ეს უკანასკნელი დანაშაულს არ აღიარებდა, ან დამნაშავის მცოდნე პირები მას არ დაასახელებდნენ.

ვ. ბარდაველიძე, აანალიზებს რა გირგედსა და მასთან დაკავშირებულ საწესო მოქმედებას, ასკვნის: „საფიქრებელია, რომ წრის სახის „ხატი“ გირგედი ოდესღაც მნათობი მზის ღვთაება ბარბალეს სიმბოლური ნიშანი ანუ ემბლემა უნდა ყოფილიყო“. მკვლევარს ამავე სემანტიკურ წრეში შემოაქვს რაჭულ-ლეჩხუმური „საამკვლოვიარო გვერგვი“ და გურული ჩიჩილაკის კალპი.


ლიტერატურა

ვ. ბარდაველიძე. ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდა (ღვთაება ბარბარ-ბაბარ). თბ., 1941, გვ. 65-76.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები