გოგებაშვილი იაკობ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იაკობ გოგებაშვილი

გოგებაშვილი იაკობ – (1840-1912), ქართული მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი. პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

დაიბადა და გაიზარდა სოფელ ვარიანის საეკლესიო მოღვაწის ოჯახში. სწავლობდა გორის, შემდეგ კი - თბილისის სასულიერო სემინარიებში, 1861 წელს ჩაირიცხა კიევის სასულიერო აკადემიაში. 1863 წელს სამშობლოში ბრუნდება და იწყებს ნაყოფიერ სამეცნიერო, პედაგოგიურსა და საზოგადოებრივ საქმიანობას. 1874 წელს იგი, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, თანამდებობიდან მოხსნეს.

ი. გოგებაშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი, სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორი, პედაგოგიკის თეორეტიკოსი, ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელი. მისი აზრით, ერი ეფუძნება ოთხ ბურჯს: ტერიტორიული მთლიანობა, ეროვნული ენა, სკოლა და ეკლესია. ერთ-ერთი ბურჯის გამოცლა ერისათვის დამღუპველი და გაქრობის საწინდარია. ქართველი ერის არსებობისა და განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ პირობად ქართული ეროვნული ლიტერატურის წინსვლა მიაჩნდა. იგი თვლიდა, რომ „ქართველებმა შექმნეს მდიდარი ათასწლიანი ლიტერატურა და კულტურული ერების სიმაღლეებამდე ავიდა“. ამასთანავე, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა რელიგიურ-ფილოსოფიური ლიტერატურის განვითარებას ქართული მწერლობისა და, საერთოდ, კულტურული პროგრესის საქმეში.

აღსანიშნავია მისი სასკოლო სახელმძღვანელოები: „ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის” (1865); „ბუნების კარი” (1868); „დედა ენა” (1876), რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში და რომელთა პრინციპებზეა შედგენილი ქართული სკოლების დაწყებით კლასებში ამჟამად მოქმედი ქართული ენის სახელმძღვანელოები.

გოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია. მის მოთხრობებში დიდაქტიკური ელემენტი ორგანულად ერწყმის მხატვრულ რეალიზმს, მისი მხატვრული შემოქმედების ძირითადი წყაროა ქართული ფოლკლორი. ცნობილია მისი მოთხრობა „იავნანამ რა ჰქმნა” (1890). თავისი საბავშვო მოთხრობებით მწერალმა დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო ჟურნალებს: „ნობათს”, „ჯეჯილსა” და „ნაკადულს”. იაკობ გოგებაშვილი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის. ამის დამადასტურებელია ისიც, რომ სიკვდილის წინ მან მთელი თავისი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა.


იხილე აგრეთვე

ნინო ნაკაშიძე. „მოგონებანი”
ბებურიშვილი ლევან. იაკობ გოგებაშვილი, როგორც ლიტერატურის კრიტიკოსი
თავართქილაძე ნათია. იაკობ გოგებაშვილის მხატვრული და ისტორიული ხასიათის თხზულებები

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები