გოგნიაშვილი რევაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რევაზ გოგნიაშვილი

გოგნიაშვილი რევაზ დიმიტრის ძე (26.X.1893, სოფ. ქვემო ხოდაშენი - 20.III.1967, თბილისი) - კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, ლოტბარი, ლიბრეტისტი. სცენაზე დადგმული პირველი ქართული ოპერის „ქრისტინეს“ ავტორი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაწყებითი მუსიკალური განათლება თბილისის სამუსიკო სასწავლებელში მიიღო. ქართულმა საზოგადოებამ 1910 ჟურ. „თეატრი და ცხოვრების“ ფურცლებიდან გაიცნო. იმ დროს მისი რამდენიმე ვოკალური ნაწარმოები ვ. სარაჯიშვილის რეპერტუარში შედიოდა. არის პირველი ქართველი კომპოზიტორი, რომლის საფორტეპიანო ნაწარმოებების კრ. „Arabesques” გამოიცა ევროპაში (პარიზი, 1910). 1913 წელს დაამთავრა პარიზის კონსერვატორია საკომპოზიტორო განხრით. მისი პედაგოგები იყვნენ: პროფ. პენიო, გრავარე დაივადონი. იმავე წელს საქართველოში დაბრუნდა. 1914, ა. წუწუნავას თხოვნით, დაიწყო მუშაობა ოპერაზე „ქრისტინე“, რომლის ლიბრეტოსაც საფუძვლად დაედო ე. ნინოშვილის იმავე სახელწოდების ნაწარმოები. ოპერაზე მუშაობა სამ წელიწადში დაასრულა. ცარიზმის ცენზურის გამო, ლიბრეტო რუსულად დაიწერა. 1918 ვ. გუნიამ ქართულად თარგმნა.

დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, 21.V.1918, ქართული კლუბის სცენაზე (დღევანდელი გრიბოედოვის თეატრი), ქართველ მომღერალ-მუსიკოსთა კავშირის თაოსნობით, „ქრისტინეს“ პრემიერა მოეწყო (რეჟ. კ. ანდრონიკაშვილი, დირიჟორი ნ. ქართველიშვილი; იასონის როლში - ვ. სარაჯიშვილი). წარმოდგენისას, კლასიკურ ინსტრუმენტებთან ერთად, ხალხური საკრავები - დუდუკი და დოლი გამოიყენეს. 17.VI.1918 „ქრისტინე” თბილისის ოპერის თეატრის სცენაზეც დაიდგა


ოპერა განმეორებით გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის დეკემბერშიც დაიდგა. შექმნა კიდევ ორი ოპერა: „მზის ქურუმი“ (ლიბრ. მ. ხერხეულიძის) და „ჯადოსანი“ (სხვა ვერსიით - „კუდიანი“), ქართული ხალხური ზღაპრების მიხედვით. მას ეკუთვნის ასევე რამდენიმე ვოკალური ნაწარმოებიც. 1925-27 წლებში იყო თბილისში დაარსებული პირველი სატირის თეატრის კომპოზიტორი. 1930-იან წლებში - თელავის მუსიკალური სკოლის დირექტორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა პედაგოგად თბილისის, ქუთაისისა და გორის მუსიკალურ სასწავლებლებში. თანამშრომლობდა ქუთაისის, ბათუმის, ოზურგეთისა და თელავის დრამატულ თეატრებთან. ჭიათურის თეატრში ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა პროფესიონალი მუსიკოსებისაგან შემდგარ ორკესტრს. გაფორმებული აქვს 200-ზე მეტი სპექტაკლი. სიცოცხლის ბოლოს მუშაობდა ოპერაზე „გიორგი სააკაძე“.

ზურაბ ლეჟავა

ლიტერატურა

  • რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, „ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, კულტურის სამინისტრო, თბ., 2015;
  • ა. გაჩეჩილაძ ე, „ღვაწლმოსილი ხელოვანი“, ჟურ. „დროშა“, 1967, №17;
  • შ. აბრახამია, „ქართული ოპერის პირველი მერცხალი“, ჟურ., „ისტორიანი“, 2013, №7;
  • „მუსიკა და სახიობა“, ჟურ., „თეატრი და ცხოვრება“, 1918, №9, №14.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

რევაზ გოგნიაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები