გონაშვილი მაყვალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაყვალა გონაშვილი

გონაშვილი მაყვალა – (1959), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ არბოშიკში (დედოფლისწყარო). 1976 წელს დაამთავრა თბილისის 77-ე საშუალო სკოლა, 1981 წელს – თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1990 წელს დააფუძნა ახალგაზრდა მწერალთა ასოციაცია „გულანი“. რედაქტორობდა 1995 წელს დაარსებულ ინგლისურენოვან შემეცნებით-გასართობ საყმაწვილო გაზეთს „ჰელოუ, ბეიბი“. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი. 2004 წელს აირჩიეს საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ. მისი პირველი ლექსები და მინიატიურები 1968 წლიდან იბეჭდებოდა საყმაწვილო ჟურნალ-გაზეთებში, გამოქვეყნებული აქვს კრებულები: „ყაყაჩოების კოცონი“ (1985), „მზის ცრემლი“ (1987), „მე თქვენ მიყვარხართ“ (1990), „სალოცავი ჩემი, საფიცარი ჩემი“ (1994), „სახეები და სახელები“ (1999), „ძახილი“ (2001), „გუმბათებიდან მზის მადლი ჟონავს“ (2003), „მართალს ვიტყვი“ (2006), „აქედანა და თქვენამდე“ (2009), „მზე შინა“ (2010) და სხვა.


* * *
არა მარტოდენ მამულის, ანდა,
არა მარტოდენ წინაპრის ვალით
საქართველოში ათგზის ძნელია
იყო პოეტი და იყო ქალი.
ეს იმას ნიშნავს, რომ ცალი ხელით
აკვანს არწევდე, სად სხივი ჩადგა,
ხოლო მეორით კემსავდე ძველი
მეტაფორებით გაცვეთილ ფარდაგს,
იყო ერთგული ცოლი და დედა,
თანაც ფეხდაფეხ სდიო ქარაშოტს,
ეს იმას ნიშნავს, ვით ცეცხლს ფარვანა
სიკვდილს ბავშვივით შეეთამაშო
და სხვა კეკლუცი ქალების დარად
არ შეგისრულდეს ნატვრა აროდეს,
არ იყოს ვინმე სიმარტოვიდან
შენს დასახსნელად მოუხაროდეს
ეს იმას ნიშნავს არ წაიჩოქო,
სანამდის ძალა გიდგას მუხლებში,
ეს იმას ნიშნავს, იყო ქალღმერთი
კაცის და მიწის მძიმე უღელში.
არა მარტოდენ მამულის, ანდა
არა მარტოდენ წინაპრის ვალით,
საქართველოში ათგზის ძნელია
იყო პოეტი და იყო ქალი


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები