გორის მუნიციპალიტეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გორის მუნიციპალიტეტი, ყოფილი გორის რაიონი - ადმინისტრაციული რაიონი შიდა ქართლის მხარეში. მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე შედიოდა ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში, 1917 წლიდან 1930 წლამდე – გორის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულია.

სარჩევი

გეოგრაფიული მდებარეობა

რაიონის ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილს წარმოადგენს გორის ვაკე (ტერიტორიის დაახლოებით 39,7%, ზღვის დონიდან 745 მ.) და შუა მტკვრის ხეობის ძირის ვრცელი ტერასული ვაკეები, სამხრეთ ნაწილს – თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთა; კვერნაქის ქედი (უმაღლესი წერტილის სიმაღლე ზღვის დონიდან 879 მ.) და თრიალეთის ქედის მთისწინეთის ნაწილი.

მუნიციპალიტეტში შედის 1 ქალაქი (გორი), 21 სასოფლო თემი (ატენი, ახალუბანი, ბერბუკი, ბოშური, დიცი, ვარიანი, ზეღდულეთი, კარალეთი, მერეთი, მეჯვრისხევი, მღებრიანი, ნიქოზი, საყავრე, სკრა, ტინისხიდი, ტირძნისი, ტყვიავი, ქვახვრელი, შავშვები, შინდისი, ძევერა) და ერთი სათავო სოფელი (ხიდისთავი).

მთავარი მდინარეებია: მტკვარი, ლიახვი, ტანა, პატარა ლიახვი, მეჯუდა, თეძამი.

ჰავა

ჰავა გარდამავალია ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიოზე. ზამთარი ზომიერად ცივია, ზაფხული – ცხელი. ჰაერის საშუალო ტემპერატურა: წლიური – ვაკეზე 10-10,90C, მთიან ზონაში 7,70C; იანვრისა – ვაკეზე – 1,2-1,70C, მთიან ზონაში – 3,20C; აგვისტოსი – ვაკეზე 22,50C, დაბალმთიან ზონაში 18,60C. ნალექების წლიური რაოდენობა: ვაკეზე 585 მმ, დაბალმთიან ზონაში 608 მმ. რაიონში მთელი წლის განმავლობაში ქრის დასავლეთის და აღმოსავლეთის ქარები (ჭარბობს დასავლეთის ქარი), მთიან სამხრეთ ნაწილში იცის მთა-ხეობათა ქარები.

ნიადაგი

გავრცელებულია ალუვიური (ძველი ალუვიური), მდელოს კარბონატული და ალუვიური ყავისფერი კარბონატული, ტყის ყავისფერი და ყომრალი, გაეწრებული ტყის ყომრალი, კორდიანი და კორდიან-ტორფიანი ნიადაგები; გვხვდება სხვადასხვა ტიპის, ზოგან ძლიერ ჩამორეცხილი, მცირე სისქის სუსტად განვითარებული ნიადაგები.

რაიონის მთელი ფართობის 42,3% ტყე და ბუჩქნარია, 49% (68 ათ. ჰა) სავარგულებს უკავია.

მოსახლეობა

2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტში (ქ. გორის გარეშე) მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ ქართველები (96,9%), ცხოვრობენ აგრეთვე ოსები (1,5%), სომხები (0,6%) და სხვ. (1,0%). ქალაქ გორშიც ცხოვრობენ ქართველები (95,6%), სომხები (1,7%), ოსები (1,2%) და სხვ. (1,5%).[10]

მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებლური ქრისტიანობის მიმდევარია (ქ. გორში 97,7%, სოფლებში 97,1%), შემდეგ მოდიან იეჰოვას მოწმეები (0,9% და 1,2%) და სხვ. (1,4% და 1,7%)

სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგები

სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგებია: მეხილეობა, მებოსტნეობა-მებაღჩეობა. გავრცელებულია ვაზის საშამპანურე ადგილობრივი ჯიშები, ხილ-კენკრის მრავალნაირი ასორტიმენტი. მარცვლეული კულტურებიდან – საშემოდგომო ხორბალი და სიმინდი. განვითარებულია მეცხოველეობა.

ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები

გორის რაიონში ისტორიისა და კულტურის მრავალი ძეგლია. განსაკუთრებით აღსანიშნავია კლდეში ნაკვეთი ნაქალაქარი უფლისციხე (ანტიკური ხანა – გვიანდელი ფეოდალური ხანა), ატენის სიონის ტაძარი (VII ს.) და სხვ.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები