გორის საოსტატო სემინარია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გორის საოსტატო სემინარია

გორის საოსტატო სემინარია - ამიერკავკასიის სამასწავლებლო სემინარია, ისტორიული ძეგლი მდებარეობდა ქალაქის ცენტრში (ახლანდ. სტალინის პრ. 327 ამჟამად აქ მოთავსებულია გორის №9 საშ. სკოლა). საოსტატო სემინარია ამზადებდა დაწყებითი სკოლის მასწავლებლებს.

სკოლის წარმოშობის ისტორია იწყება ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც 1875 წლის 8 იანვარს დადებითად გადაწყდა ამიერკავკასიაში სამასწავლებლო სემინარიის გახსნა. სემინარიის დაარსებისთვის შესაფერის ადგილად შეირჩა ქალაქი გორი, კერძოდ კი ამჟამინდელი მე-9 საჯარო სკოლის ტერიტორია.

1876 წლის 10 აპრილს, კავკასიის სასწავლო ოლქის მაშინდელი მზრუნველი ი. ნევეროვი მეფისნაცვალს ატყობინებდა, რომ, ქ. გორში სემინარიის ბინისათვის 10 წლის ვადით დაქირავებულია სახლი კაპიტან ზუბალაშვილისა და თხოულობდა ნებართვას მასწავლებლების დანიშვნის შესახებ. თავდაპირველად სემინარიის განკარგულებაში იყო ერთი ქვის ორსართულიანი სახლი - 11 ოთახით, ერთი ქვის ორსართულიანი ფლიგელი - 4 ოთახით და აშენების პროცესში მყოფი ერთსართულიანი სახლი - 8 ოთახით.

პირველი გაკვეთილი სემინარიაში ჩატარდა 1876 წლის 12 სექტემბერს. ამ დროს სემინარიაში მხოლოდ ორი ქართველი მასწავლებელი მუშაობდა. სემინარიის პირველ დირექტორად კი დაინიშნა სპირიდონ დიმიტრის ძე დივარი.

სწავლება სამწლიანი იყო. სწავლა ძირითადად მიმდინარეობდა რუსულ ენაზე ცალკე საგნებად ისწავლებოდა ქართლი, რუსული და აზერბაიჯანული ენები. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა ილია ჭავჭავაძემ დაწერა წერილი „ვიცინოთ თუ ვიტიროთ?”, რომელშიც წერდა: „გორში არსებობს შარშანდელს აქეთ საოსტატო სემინარია, ესე იგი იმისთანა სასწავლებელი, რომელმაც უნდა მოამზადოს ოსტატები, მასწავლებელნი ჩვენის სახალხო სასწავლებლისათვის. რასაკვირველია, თქვენ იფიქრებთ, რომ აქ ქართულს ენას პირველი ადგილი ენიჭება სხვათა შორის, მაგრამ ეგ ეგრე არ არის. სემინარიის გულისხმიერს გამგეობას გადაუწყვეტია, რომ ქართველთა ბავშვების ოსტატს ქართულის ცოდნა გულს აუსუყებსო. ამის გამო იმ სემინარიაში ქართულს ენას არ ასწავლიან, ასე რომ ქართულის სახსენებელიც გაუქრიათ. როგორ მოგწონთ? შუაგულს ქართლში მთავრობამ სემინარია გახსნა, მერე იმისთვის, რომ ქართულის სოფლის ბავშვებისათვის ოსტატები გამოსწურთნოს და მაინც კიდევ ქართულს არ ასწავლიან. ვიცინოთ ამაზედ თუ ვიტიროთ?”

1878 წლის ზაფხულში სამასწავლებლო სემინარიის დირექტორად დივარის ნაცვლად დაინიშნა დიმიტრი დიმიტრის ძე სემიონოვი. მისმა გულმოდგინე ზრუნვამ გორის სამასწავლებლო სემინარიის კეთილდღეობისა და განვითარებისათვის შესანიშნავი ნაყოფი გამოიღო. სემიონოვის დირექტორობის დროს, 1979 წლის სექტემბრიდან სემინარიაში შემოღებული იქნა ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ენების სწავლება. უფრო მეტიც, გაიხსნა ქართული, სომხური, და თათრული დაწყებითი სასწავლებლები. შესაბამისადორი საცხოვრებელი პანსიონი-ქრისტიანი და მუსულმანი მოსწავლეებისათვის. საოსტატო სემინარიაში სხვადასხვა დროს სწავლობდნენ ვაჟა-ფშაველა, ნიკო და თედო რაზიკაშვილები, ნიკო ჯანაშია, ლადო აღნიაშვილი, ჰ. ჰაჯიბეკოვი, ნ. ნარიმანოვი და სხვ. გორის სამასწავლებლო სემინარიამ 42 წელი იარსება.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები