გორიჯვრობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გორიჯვრობა – იგივე გიორგობა (23 აპრ./6 მაისი; 10/23 ნოემბ.). წმ. გიორგის დღესასწაული.

გორიჯვრობა

გადმოცემით, გორთან ახლოს (3 კმ.), მტკვრის მარჯვენა ნაპირას მდებარე მთაზე, წარმართული კერპის ადგილას, ქართლის მოქცევის ჟამს ჯვარი აღუმართავთ და ამის შემდეგ იწოდა ეს ადგილი გორიჯვრად. წმ. ნინოს მოღვაწეობით, მცხეთაში, თხოთის მთაზე და უჯარმაში სასწაულმოქმედი ჯვრების აღმართვის შემდეგ, მათი ხის მონარჩენი ნაჭრებიდან შეიქმნა გორიჯვრის ჯვარი IV ს. I ნახ-ში; „კვალად ამ ხის ნარჩომიდან შექმნეს სამნი წვრილი ჯვრები: ერთი ახლა თელავის ჯვარპატიოსანში ასვენია და სხვანი კი არა ჩანს. გორისჯვარსაც იყო ამ ხიდამ ერთი მომცრო ჯვარი“. (იოანე ბაგრატიონი).

ხალხური თქმულება ტაძრის აშენებას თამარ მეფეს მიაწერს. უფრო სარწმუნოა, რომ ტაძარი აქ უკვე IV ს-იდან, ქართლის გაქრისტიანების დროიდან, არსებულიყო. რადგან ძველ ნაკერპავთა ადგილას საგანგებოდ, წარმართობაზე ქრისტიანობის გამარჯვების ნიშნად აგებდნენ ტაძრებს, უმეტესად წმ. გიორგის სახელზე: „არა არიან ბორცუნი და მაღალნი გორანი, სადა არ იყო შენნი ეკლესიანი წმიდისა გიორგისანი“. (ვახუშტი ბატონიშვილი). რადგან წმ. გიორგიმ მოწამეთა შორის ყველაზე მეტი ტანჯვა-წამება დაითმინა ქრისტესთვის, მოწამეთა მთავრად (მთავარმოწამე) დაადგინა იგი უფალმა და აღუთქვა ძლევა ყოველგვარ ბოროტებაზე, რაც წმინდანის ხალხურ ეპითეტებშიცაა ასახული: „დევ-კერპთა დამამსხვრეველი“, „მაგარი ციხის დამჭერი“, „რჯულის გულისთვინა ალმასის თვლებზე დაკრული, დაკუწვილი, სამას სამოცდასამ ადგილას კოჭმოკიდებული“. ქართვ. ხალხის, მისი სარწმუნოების მფარველობა წმ. გიორგის ჰქონდა ჩაბარებული. გადმოცემით, ტაძრის საკურთხეველში აღმართული ჯვრის ქვეშ წმ. გიორგის თავის ქალა იყო დაკრძალული. წმ. ნაწილები ჯვარშიც იყო ჩატანებული: „წედისის ჩრდილოეთ და გორის პირისპირ არს ეკლესია წმიდისა გიორგისა, მაღალ გორასა ზედა ნაშენი, სასწაულმოქმედი. თავი წმიდისა გიორგისა მდებარებს ჯვარსა შინა. უწოდებენ გორიჯვარს“. (ვახუშტი).

ჯვარი, წმ. გიორგის ნაწილებით, ვახტანგ გორგასლის დროს შეუქმნიათ და დიდი ომების დროს ჯარის წინ მოჰქონდათ, როგორც ყოველგვარ მტერზე ძლევის იარაღი; „ოთხი ჯვარიც კიდევ ვახტანგ გორგასლან მეფემან გააკეთებინა და თითო თავის აღშენებულს ეკლესიებში დაასვენა, და დღესასწაულობაც განუწესა, ვითარცა აწ არს გორის-ჯვარში ხალხის მისვლა. გარნა სამი იგი ჯვარი აღარსადა ჩანს და ერთი იგი, აწ რომელიც გორის ჯვარს ასვენია, იგი არს. იტყვიან, ოდეს დიდი ლაშქრობა იქნებოდა და ძლიერი მტერი მოვიდოდა, ამ ოთხს ჯვარს გაასვენებდნენ, ჯვარის მტვირთველნი ლაშქარნი ამას შეუდგებოდნენ. და ამის სასოებით ძლევას შეიმოსდენ ყოველთვის“ (იოანე ბატონიშვილი).

საკურთხევლის დიდი ჯვარი ალექსანდრე I დიდის დროს (1412-1442) 17 მოოქრული ვერცხლის ფირფიტით შეუმკიათ. (იხ. გორიჯვრის საკურთხევლისწინა ჯვარი) ამ ჯვარს სასწაულმოქმედის სახელი ჰქონდა. ქართველი მეფეები მას სთხოვდნენ „თავდებობას“ და მეოხებას. „გორიჯვრის მადლმა“ – მთელ ქართლში საფიცარი გამოთქმა იყო. მას შესთხოვდნენ ვაჟიანობას, ოჯახის კეთიდღეობას, ჯანმრთელობას, მხედველობის სისაღეს, სულიერ დაავადებათა განკურნებას, „ავი ჰაერისაგან“ (სეტყვა, გრიგალი) დახსნას და შეწევნას ყოველგვარი შეჭირვებისას. მთელი შიდა ქართლიდან მოდიოდა აქ მლოცველი:

„გორიჯვრის წმინდა გიორგი,
გადმომცქერალი მტკვრისაო,
მლოცავი ბევრი წამოვა,
ქარელისა და სკრისაო“. (ხალხ.)

უშვილოები და გასათხოვრები ბამბის ძაფებს ახვევდნენ ტაძარს გარშემო. მორწმუნეები, რომელთაც შეთქმული ჰქონდათ, სალოცავის დიდ, რკინის ჯაჭვს კისერზე იდებდნენ, მთელ ტანზე შემოიხვევდნენ და ეკლესიას გარს უვლიდნენ წმ. გიორგისადმი თავშეწირული მსახურების, ხატისგან „დაჭერილობის“ ნიშნად. სწამდათ, რომ ამის შემდეგ სათხოვარი აუცილებლად შეუსრულდებოდათ. ანალოგიური რიტუალები ჯაჭვით, იმართებოდა ლომისში, გერისთავში, ერთაწმინდაში, ძელიცხოველში (დიდი ლიახვის ხეობა), სარკის წმ. გიორგიში (ძამის ხეობა), ატოცში.

გორიჯვრობას დიდი ლხინი იცოდნენ. მთელი წელი ემზადებოდნენ სტუმრების დასახვედრად, რომელთა სიმრავლის გამო ოჯახებში ტევა აღარ იყო. იმართებოდა სამამაცო თამაშობები, ფერხულები. შუა საუკუნეებში გორიჯვარი ციხე-სიმაგრის კომპლექსში შედიოდა, ციხის ეკლესია („ჯვარი“) იყო. გორიჯვრის ისტორორიული ტაძარი 1920 წ. გორის დამანგრეველმა მიწისძვრამ შეიწირა. ამჟამინდელი XX ს. 80-იან წლებშია აგებული.

გ. ჩინჩალაძე


წყაროები და ლიტერატურა

  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტ. 4, თბ.,1973,
  • იოანე ბატონიშვილი, კალმასობა, ტ. 1, ტფ.,1935.
  • აბრამიშვილი ვ., გორიჯვარი, გორი, 1994;
  • ახვლედიანი გ., XVIII-XIX სს. ქართველი ისტორიკოსები ტრადიციების შესახებ, თბ; 1984,
  • მეტრეველი რ., საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, თბ., 1982.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები