ლაიბნიცი გოტფრიდ ვილჰელმ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლაიბნიცი გოტფრიდ ვილჰელმ

ლაიბნიცი გოტფრიდ ვილჰელმ - Leibniz Gottfried Wilhelm, Лейбниц Готфрид Вильгельм Фон, 1646-1716

გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, თავის დროის ერთერთი ყველაზე უნივერსალური და ნაყოფიერი მეცნიერი. მათემატიკის გარდა (იგი იყო დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვის აღმომჩენი, ი. ნიუტონთან ერთად) ლაიბნიცის კვლევითი და პრაქტიკული ინტერესების სფეროში შედიოდა ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, ლოგიკის, ისტორიის, ენათმეცნიერების, გეოლოგიის, ფიზიკის, ეკონომიკისა და პოლიტიკის საკითხები. ლაიბნიცი იყო ბერლინის აკადემიის დამაარსებელი და პრეზიდენტი. მის ფილოსოფიურ სისტემაში, ე.წ. მონადოლოგიაში (მონადა), სულთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ პრობლემატიკას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

ლაიბნიცმა ჩამოყალიბებული სახე მისცა ფსიქოფიზიკური პარალელიზმის კონცეფციას. სული და სხეული ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ თავიანთი შინაგანი წეს-კანონების მიხედვით. ისინი არ ურთიერთზემოქმედებენ, მაგრამ ღმერთის მიერ დაწესებული წინასწარი ჰარმონიის ძალით, ზუსტად შეესაბამებიან ერთმანეთს.

ჯ. ლოკისაგან განსხვავებით, ლაიბნიცს მიაჩნდა, რომ „სულის აქტიურობა შეგრძნებებშიც არსებობს” . სულის მოვლენები არ ამოიწურება შემეცნებითი (აღქმები, წარმოდგენები) პროცესებით. მათთან ერთად არსებობს აქტიურობის, ნების გამომხატველი მოვლენები, ანუ მისწრაფებები. ფსიქიკის აქტიურობა, მისი მისწრაფებულობა, მართლაც უნივერსალურია და ვრცელდება სულის ყველა შინაარსსა თუ განცდაზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფსიქიკის სხვადასხვა დონეზე არსებობენ. უმაღლესი, ნათელი ცნობიერების დონე არის აპერცეფცია (ტერმინი ლაიბნიცის შემოტანილია). მაგრამ აპერცეფცირებულ განცდებთან ერთად არსებობს ცნობიერების უფრო დაბალი ხარისხები ანუ ნაკლებად შესამჩნევი ან სულაც შეუმჩნეველი ფსიქიკური შინაარსები. მათ ლაიბნიცმა „მცირე განცდები” (მცირე პერცეფციები) უწოდა. ამრიგად, ლაიბნიცმა პირველმა შემოიტანა მეცნიერებაში არაცნობიერის უმნიშვნელოვანესი ცნება. მცირე განცდები უმნიშვნელოვანესია სულის მოქმედებაში. უნებლიე მოქმედებათა უმრავლესობა მათ მიერაა განსაზღვრული. ისინი აპირობებენ ჩვენს გემოვნებას, მათგანვე გამომდინარეობს სურვილები და ვნებები. სულში მუდმივად ხორციელდება გადასვლები ცნობიერებიდან არაცნობიერში და პირიქით. ეს იმიტომ არის შესაძლებელი, რომ არაცნობიერი განცდები თვისებრივად და შინაარსობრივად კი არ განსხვავედება ცნობიერი განცდებისგან, არამედ მხოლოდ რაოდენობრივად, ანუ უფრო სუსტებია (მკრთალებია, ბუნდოვანებია).

ლაიბნიცს ეკუთვნის აგრეთვე ფსიქიკის უნივერსალური თვითაქტიურობის პრინციპი (შდრ. ფუნქციონალური ტენდენცია).

მოძღვრებას არაცნობიერი ფსიქიკურის შესახებ ლაიბნიცი იყენებს ჯ. ლოკთან პოლემიკისას ე.წ. თანდაყოლილი იდეების შესახებ. ეს საკითხი ემპირიზმისა და რაციონალიზმის დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი გახდა. რაციონალისტი ლაიბნიცი არ უარყოფს ემპირიული გამოცდილების მნიშვნელოვნებას. ის აუცილებელია ნამდვილი ცოდნის მისაღწევად, მაგრამ არ არის საკმარისი, ვინაიდან აღქმა გვაძლევს ცოდნას მხოლოდ ცალკეულის, კერძოს, ინდივიდუალურის შესახებ. ლაიბნიცის თქმით, შეგრძნებადი გამოცდილება, არსებითად, მხოლოდ „საბაბია თანდაყოლილი იდეების გამოღვიძებისთვის” , რომელთა ფორმაშიც ზოგადი და საყოველთაო ცოდნაა მოცემული (პოტენციის, პრედისპოზიციის აქტუალიზაცია). ამ მხრივ ლაიბნიცი პლატონის მიმდევარია. ამასთან, იდეების თანდაყოლილობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი იმთავითვე ცნობიერი სახითაა მოცემული. სულში ბევრი გაუცნობიერებელი წარმოდგენა არსებობს, რომელთაც ჩვენი გონება დროთა განმავლობაში აცნობიერებს. ამის შედეგად ჩვენ ვრწმუნდებით, რომ ისინი თანდაყოლილი ყოფილა, რომ სული არ არის „სუფთა დაფა” , როგორც ამას ჯ. ლოკი ამტკიცებდა. ლაიბნიცი სხვა მეტაფორას იყენებს. იგი სულს მარმარილოს ლოდს ადარებს. იდეები და ჭეშმარიტება თანდაყოლილია არამარტო იმის მსგავსად, რომ მარმარილოს ლოდში მომავალი ქანდაკებაა, არამედ უფრო მეტადაც - დიდოსტატი მოქანდაკე ისეთ ლოდს ირჩევს, რომლის შინაგანი „ძარღვები” მომავალი ქანდაკების მოხაზულობას შეესაბამება. ასევე, თანდაყოლილია იდეები, რომლებიც მიდრეკილების ან წინასწარი განწყობის სახითაა მოცემული. ეს იდეები მხოლოდ პოტენციური ცოდნაა, ესკიზია, შესაძლებლობაა, რომლის განხორციელება გონების აქტიური მოქმედების საშუალებით ხდება.

დ. უზნაძემ სპეციალურ გამოკვლევაში გააანალიზა ლაიბნიცის არაცნობიერის კონცეფცია, რომელმაც (ა. ბერგსონისა და ვ. სოლოვიოვის თეორიებთან ერთად), გავლენაც მოახდინა განწყობის თეორიის ჩამოყალიბებაზე. თუმცა დ. უზნაძეს მიაჩნდა, რომ ცნობიერი და არაცნობიერი მოვლენები თვისებრივად განსხვავდება ერთმანეთისაგან - და არა რაოდენობრივად, როგორც ეს ლაიბნიცს მიაჩნდა.

კ.გ. იუნგის სიღრმისეულ ფსიქოლოგიაში სწორედ ამით განსხვავდება არაცნობიერის ზედაპირული ფენა სიღრმისეული ფენებისაგან: ქვეცნობიერი ცნობიერისგან მხოლოდ რაოდენობრივადაა განსხვავებული და ის პოტენციურად გაცნობიერებადია, თანაც - უშუალოდ გაცნობიერებადი; ხოლო არაცნობიერი ცნობიერისაგან თვისებრივადაა განსხვავებული - მისი მხოლოდ გამოვლინება-განხატება შეიძლება გაცნობიერდეს {განწყობის არაგანცდადობა}. გ. ლაიბნიცის ცნობილი ჰუმანისტური აფორიზმია: „ჩვენი სამყარო საუკეთესოა ყველა შესაძლო ნივთიერ სამყაროთა შორის”. ესეც ღვთაებრივ წინასწარ ჰარმონიას ემყარება (შემდეგ ვოლტერმა მწარედ გააკრიტიკა ეს დებულება - ლისაბონი, ერთ-ერთი ყველაზე ღვთისმოსავი ქალაქი, საზარელმა მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა და ათიათასობით უმანკო ქრისტიანი იმსხვერპლა... {სამართლიანი სამყაროს რწმენა}. (ჩანამატის ავტორი ზურაბ ვახანია).


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები