გოშაძე სოლომონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გოშაძე სოლომონ – (1880 – 1908), ქართველი პოეტი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე. დაიბადა თელავში. 1897 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი „კვალში”; 1905-1907 წლებში რევოლუციის პერიოდში მიიქცია ყურადღება სამოქალაქო და პოლიტიკური ხასიათის ლექსებით, რომლებსაც აქვეყნებდა ფსევდონიმებით: „სოლ. გ-ძე” და „ს. განწირული”; წერდა პიესებსაც; მისი პიესა „კიდევ ბნელა” (1901) ცენზურამ აკრძალა; 1900 წელს ჩამოაყალიბა დრამატული დასი, რომელიც კახეთის რეგიონში სპექტაკლებს დგამდა; ასევე მართავდა ლიტერატურულ საღამოებს, ხოლო შემოსავალს საქველმოქმედო საქმეს ახმარდა.


* * *
შეკრთა სუსხი.... შავი ნისლი
უფსკრულისკენ მისრიალებს...
ჰა, დრომ დაჰკრა სანეტარომ
და ზამთარიც ხუჭავს თვალებს!
ცას შეხედე, იქ კიდურზედ
მზე, მნათობი მძლავრი სხივით,
მთის მწვერვალზედ დიდსა დროშას
აელვარებს ალმასივით.
რა კარგია! გაზაფხული
თოვლ-ყინულის ბორკილს ამტვრევს,
განახლებას ჰგრძნობს ბუნება
და სიხარულს მით ჩვენც გვამცნევს!...
თავისუფლად სიო დაჰქრის
მინდორ-ველის მახარობლად;
სხივ-ნატყორცნი იის ბუჩქიც
ვარდს შესცინის ცრემლ-ქვეშ ობლად.
არე-მარე რომ ბიბინებს, _
ეს სიცოცხლის ნიშანია,
მჩაგვრელ ნისლის დამარცხება
მისი ნატვრის მიზანია.
ამიტომაც შავი ნისლი
უფსკრულისკენ მისრიალებს,
ზამთარი თრთის სულთ-მობრძავი,
სამუდამოდ ხუჭავს თვალებს.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები