გრიგოლავა ვლადიმერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვლადიმერ გრიგოლავა

გრიგოლავა ვლადიმერ (კოკი) - Grigolava Vladimer, Григолава Владимир, 1920-1987

ფსიქოლოგიის ქართული სკოლის მეორე თაობის წარმომადგენელი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ფსიქოლოგიის სპეციალობით (1944-1949). განათლების მიღება განაგრძო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში, ერთი წლის განმავლობაში უშუალოდ დ. უზნაძის ხელმძღვანელობით სწავლობდა. 1956 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „კონტრასტული ილუზია და ფიქსირებული განწყობა”. იყო დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი, ხოლო 1972-1985 წლებში − ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. კვლევით მუშაობასთან ერთად ვ. გრიგოლავა ნაყოფიერ სამეცნიერო-ორგანიზაციულ საქმიანობასაც ეწეოდა. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის, „მაცნე”-ს რედაქტორის მოადგილე, საბჭოთა კავშირის ფსიქოლოგთა საზოგადოების ცენტრალური საბჭოს წევრი, მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისი სიმპოზიუმის, კონგრესისა და კონფერენციის ორგანიზატორი და მონაწილე, ფსიქოლოგთა IV საკავშირო ყრილობის საორგანიზაციო კომიტეტის თავჯდომარე, რომელიც თბილისში გაიმართა 1971 წელს. ვ. გრიგოლავას ნაშრომები გამოქვეყნებულია უცხოეთში (გერმანია, ჩეხოსლოვაკია, იუგოსლავია, ინგლისი, იაპონია, პოლონეთი, ბულგარეთი).

ვ. გრგოლავას კვლევის ძირითადი მიმართულება განწყობის ექსპერიმენტული ფსიქოლოგია იყო. უკვე თავის სადისერტაციო ნაშრომში მან გამოიყენა განწყობის შესწავლის ორიგინალური ხერხი, ე.წ. ირელევანტური გამღიზიანებლების მეთოდიკა {განწყობის ირელევანტური ფიქსაცია რაოდენობრივ მოდალობაში}. ეს მეთოდიკა უაღრესად პერსპექტიული აღმოჩნდა {ფიქსირებული განწყობის სინთეზური სტანდარტიზებული მეთოდი}, განსაკუთრებით − არაცნობიერის კვლევის მიმართულებით. ამ თემატიკას ვ. გრიგოლავას არაერთი ნაშრომი მიეძღვნა, რომლებიც განზოგადებულია მონოგრაფიაში „კონტრასტული ილუზია, განწყობა და არაცნობიერი” (1987). ვ. გროგოლავას ექსპერიმენტული კვლევის კიდევ ერთი მიმართულებაა აღქმაში მარტივ მიმართებათა წვდომის საკითხი.

ვ. გრიგოლავა დიდ ყურადღებას უთმობდა გამოყენებითი ფსიქოლოგიის პრობლემატიკას. კერძოდ, სპეციალური ნაშრომები მიუძღვნა რეკლამის, შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის სხვადასხვა აქტუალური საკითხის კვლევას. ამ მიმართულებით ა. გრიგოლავას მიერ დაწერილი წიგნების მნიშვნელოვნება უნდა შეფასდეს იმ ჩამორჩენის გათვალისწინებით, რომელიც იმხანად არსებობდა საბჭოთა კავშირში და, შესაბამისად, საქართველოშიც, გამოყენებითი ფსიქოლოგიის განვითარების მხრივ. რამდენიმე გამოკვლევა ვ. გრიგოლავას ფსიქოლოგიის ისტორიაშიც აქვს შესრულებული.

მთავარი ნაშრომები

  • Контрастная иллюзия и некоторые вопросы фиксированной установки // Вопросы психологии, 1963, 3;
  • გამოყენებითი ფსიქოლოგიის ზოგიერთი საკითხი. თბილისი: „მეცნიერება”, 1969;
  • Die wahrnehmung relevanter und irrelevanter reizerrger // Ideen des exacten wissens, № 6, Stuttgart, 1970; რეკლამა და ფსიქოლოგია. თბილისი: „მეცნიერება”, 1972;
  • Über die Wahrnehmung von Merkmalen, die im Bewnßsein nicht repräisentiert sind // „Einstellungs Psychologie”, Volk und Wissen. Volkseigener Verlag. Berlin, 1976;
  • Бессознательное и установка // Бессознательное: природа, функции, методы исследования. Т. IV. Тбилиси: “Мецниереба”, 1985;
  • Контрастная Иллюзия, Установка и Бессознательное. Тбилиси: „Мецниереба”, 1987.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები