გრინსბორო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრინსბორო

გრინსბორო - (Greensboro). ამერიკული ადრეულა ატმის ჯიშია. ადრევე იყო შემოტანილი საქართველოს რაიონებში, რასაც ადასტურებს ის, რომ იგი გვხვდება ძველი სანერგეების კატალოგებში (ძმ. ავსარქისოვების), მაგრამ არ გავრცელდა ისე ფართოდ, როგორც ამსდენი. ამჟამად უფრო გვხვდება ქართლის რაიონებში ცალკე ხეების სახით, ისიც ძველ ნარგავებში. ამ ჯიშს ხშირად „მინიონის“ სახელით ავრცელებდნენ.

ამ ჯიშის დადებით მხარედ უნდა ჩაითვალოს ხის ძლიერი ზრდა, უხვი მოსავლიანობა, ამასთან ერთად ხე ადრე შედის მსხმოიარობაში. შედარებით ყინვების ამტანია. ნაყოფის სიმწიფის დრო მოსდევს ამსდენის სიმწიფეს. ნაყოფი საშუალო ზომისაა, ლამაზად შეფერილი, მხოლოდ გემოთი მდარეა, ცუდად იტანს ტრანსპორტს.

ამ თვისებების გამო ჯიშს მხოლოდ მეორე ადგილი შეუძლია დაიჭიროს ადრეულა ატმებს შორის სამრეწველო ასორტიმენტში.

ხე ხასიათდება გადაშლილი, დაკიდებული ვარჯით, საშუალო სიხშირის დატოტვით. ერთწლიანი ყლორტები ოდნავ მოხრილია, მწვანე ფერისაა. კვირტები მსხვილი აქვს. საყვავილე კვირტები ჩასახულია როგორც ერთწლიან ყლორტებზე, ისე მოკლე საყვავილე ტოტებზე – უხვად მოფენილ ძველ მერქანზე.

ფოთოლი ლანცეტისებრი ფორმისაა, შეკეცილი, ღია–მწვანე ფერის. ყვავილი მსხვილია, ვარდისფერი გვირგვინის ფურცლებით. ყვავილობის პერიოდი საშუალოა.

ნაყოფი საშუალო სიმსხოა (5,4X5,3X5,4 სმ). ოვალური ფორმის. გვერდებიდან შებრტყელებული. ზურგის მოპირდაპირე მხარეზე საშუალო სიღრმის ღარი ემჩნევა. ნაყოფი ვიწრო და ღრმა ღრუთი ბოლოვდება. ნაყოფის კანი თხელია, არ არის მკვრივი, ადვილად სცილდება მწიფე ნაყოფს. ნაყოფის კანი ბაცი მოყვითალო–მოთეთრი ფერისაა, მზის მხარეზე ალისფრად შეფერილი. შებუსვა ძლიერი და ხშირი აქვს.

ნაყოფის ხორცი თეთრია, რბილი, ნაზი, ძლიერ წვნიანი. კარგად გამოხატული მჟავეობით, ნაკლებად ტკბილი, სიმწკლარტე ოდნავ გადაჰკრავს. ხორცი კურკას მთლად სცილდება.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები