გრიუმბერგი ჟან-კლოდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟან-კლოდ გრიუმბერგი

გრიუმბერგი ჟან-კლოდ - (ფრ. GRUMBERG JEAN-CLAUDE). ფრანგი დრამატურგი, სცენარისტი და მწერალი.

ბიოგრაფია

ჟან-კლოდ გრიუმბერგი დაიბადა პარიზში 1939 წლის 26 ივლისს. მამა, რუმინელი ებრაელი, დაიღუპა გერმანელთა საკონცენტრაციო ბანაკში. გრიუმბერგის დედა მკერავი იყო და თვითონაც ბავშვობაში ამ ხელობას სწავლობდა. დრამატული კურსების დამთავრების შემდეგ რეჟისორის ასისტენტი და მსახიობი გახდა.

გრიუმბერგის ადრეული პიესები, ფარსები და ტრაგი-კომედიები შექმნილია 1960-იან წლებში, რომლებიც წინასწარმეტყველურად და საჭირბოროტოდ აჟღერდნენ 1968 წლის მაისის რევოლუციის შემდეგ. დრამატურგი მწვავედ სვამს სოციალური უთანასწორობის პრობლემას („მატიე ლეგრო“ – 1964, დაიდგა 1969), ამხელს პოლიტიკურად მიუღებელ ყველა ფორმას - კომუნიზმიდან მოყოლებული რასიზმამდე, რასაც უდანაშაულო ხალხის უაზრო მკვლელობასთან მივყავართ („მიშო“ – 1965, დაიდგა 1967; „შეტაკება“ - 1967, დაიდგა 1968). იგი დასცინის კომფორმიზმს, რომელიც ამართლებს ძალადობას, ბოროტმოქმედებას, ომს. ობივატელები იღუპებიან დაბომბვის დროს ამბოხების ჩახშობისას („ხვალე“, „ფანჯარა ქუჩაზე“ – „Demain une fenêtre sur rue“ - 1966, დაიდგა 1968; მიღებული აქვს პრემია წლის საუკეთესო დაუფასებელი პიესისათვის). გრიუმბერგი გვიჩვენებს, რომ ადამიანებს ეშინიათ სიმართლისათვის თვალის გასწორების; ისინი აგრესიულები ხდებიან მაშინ, როდესაც ვინმე მათი ილუზიების გაქარწყლებას ცდილობს („პიეროსთან“, „Chez Pierrot“ - 1965, დაიდგა 1974). ტრაგიკულ გროტესკში „ამორფ ოტენბურგელი“ (1971) დრამატურგს აბსურდულამდე მიჰყავს მმართველის სისასტიკე, რომელიც სნეულებსა და მოხუცებს კლავს. ავტორს განაჩენი გამოაქვს ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, რომელიც კი ძალადობას ეყრდნობა.

გრიუმბერგის შემდგომი პიესები რეალისტურია. ავტორი მიმართავს ისტორიულ მასალას, რათა ადამიანთა ისტორიებიდან ქვეყნის ბედ-იღბალი დაგვანახოს. სკანდალური წარმატება მოუტანა პიესამ „დრეიფუსი“ („Dreyfus“, 1974), რომელიც ერთხმად აღიარეს სეზონის საუკეთესო პიესად. იყენებდა რა ხერხს თეატრი-თეატრში, დრამატურგი გვიჩვენებდა, თუ როგორ მეორდებოდა დრეიფუსის ტრაგედია მსახიობთა ცხოვრებაში, რომლებიც მონაწილეობდნენ სპექტაკლში, პოლონეთის პატარა რაიონში ჰიტლერელთა შემოჭრის წინ. პიესაში „გამოფენიდან დაბრუნებისას“ („En revenant de l’expo“, 1973) გრიუმბერგი გვიჩვენებს მითის კრახს საყოველთაო მშვიდობისა და აყვავების შესახებ, მითისა, რომლის სიმბოლოსაც წარმოადგენდა პარიზის 1900 წლის მსოფლიო გამოფენა, ის მილიტარისტული ვნებანი, რომელთაც საფრანგეთი შეიპყრო საუკუნის დასაწყისში. საკუთარი დედის მძიმე ბედზე მან შექმნა ავტობიოგრაფიული პიესა „ატელიე“ („Atelier“, 1979), რომელმაც სეზონის საუკეთესო პიესისათვის პრემია დაიმსახურა. ეს სევდიანი კომედია მოგვითხრობს ებრაელთა ჩაგვრისა და თმენის შესახებ, მათ რთულ გზაზე ფრანგულ კულტურაში შესასვლელად, ომისშემდგომი ქვეყნის აღმშენებლობის შესახებ.

სატირულ პამფლეტში „ინდიელი ბაბილონის გოდოლში“ („L’Indien sous Babylone“, 1985) გრიუმბერგი გვიჩვენებს, თუ როგორ თრგუნავს სახელმწიფო ბიუროკრატიული აპარატი მწერალს, რომელსაც მისთვის მუშაობას აიძულებენ. იგი უბრუნდება ადრინდელი პერიოდის პიესების პირობით, გროტესკულ ხელწერას, რაც ტრადიციულ და ექსპერიმენტულ თეატრალურ ფორმებს აერთიანებს და რაც მისი პოეტიკის დამახასიათებელი თვისებაა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები