გუდანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუდანი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ხევსურეთში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში.

თქმულება გუდანზე

არაბულთა, ჭინჭარაულთა და გოგოჭურთა წინაპარი ყვარლიდან აფშოში მოსულა, აფშოღან კი გუდანში გადმოსახლებულა.

ერთხელ აფშოდან სანადიროდ წამოსულა ერთ-ერთი იმათგანი და გარეული ვაცი მოუკლავს იმ ადგილებში, სადაც ახლა გუდანია. წაუღია ხორცი სახლში. მოსწონებია მამას და უკითხავს: სად მოკალი ეს ვაცი, იმ ადგილს იპოვნიო? შვილს უთქვამს: კიო, ვიპოვნიო. გაატყავეს ვაცი, გამოიყვანეს გუდა, იმ გუდაში მამამ ერთი პეშვი ხორბლის მარცვალი ჩაუყარა და უთხრა: წადი ახლა და იმ ადგილში დათესე ეს მარცვალიო. წავიდა შვილი, მოთხარა ის ადგილი და დათესა მარცვალი. მოსავლის დრო რომ მოვიდა, უთხრა მამამ: წადი და ნახე ის ადგილი, სადაც ხორბალი დათესე, რა მოვიდაო. წავიდა ვაჟი და ნახა ერთი გუდა ხორბალი მოსულიყო. აიკიდა სავსე გუდა და მიუტანა მამას. მამამ ეს უთხრა:

„ერთმა ვაცისა ქისამა
გუდა შაქნა და ქუდანიო“.

გუდანია და გუდანიო. შვილო, წადი და იქ იცხოვრეთ. წავიდა ვაჟი და დასახლდა გუდანს. სამი შვილი ეყოლა ამ კაცს: არაბა, გოგოჭა და ჭინჭარა. ძმები ერთხელ ცის განხმას დასწრებიან. ცა ერთწამს გაიხევ და გამოჩნდება ნათრიელი (სითეთრე). თუ კაცმა მოასწრო ნატვრა, აუცილებლად აუსრულდება.

გოგოჭას უნატრია: გოგოჭურთა ვალი ნურავის შერჩებაო!

არაბას: ბევრი კაციო!

ჭინჭარას: ჩემი სკამი და ჩემი კითხულიო.

და, მართლაც, ასრულებიათ თითოეულს თავისი ნატვრა: გოგოჭურთა ვალი არავის შერჩენია, არაბულები გამრავლებულან, ჭინჭარაულებში კი ბევრი მებრჭე (სკამზე მჯდომი) და მრჩეველი (კითხული, ვისაც ეკითხებიან) გამოსულა.

წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები