გულისაშვილი ზაქარია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გულისაშვილი ზაქარია − (1857, სოფ. ჯიმიღის მაზრა, თბილისის გუბერნია (ახლანდელი გურჯაანის მუნიციპალიტეტი), 24.01.1914, ქ. თბილისი), მღვდელი.

მღვდელი ზაქარია გულისაშვილი

დაიბადა მღვდელ მიხეილ გულისაშვილის ოჯახში. პირველ-დაწყებითი განათლება ოჯახში, მამის მეთვალყურეობით მიიღო. დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი და შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც მხოლოდ ოთხი კლასი დაამთავრა. სემინარიიდან წამოსულმა ჩააბარა სამასწავლებლო გამოცდები და 17 წლის განმავლობაში თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლებში ასწავლიდა. ბოლოს იყო საგარეჯოს ორკლასიანი სკოლის პედაგოგი. იქ მოღვაწეობის დროს გულისაშვილმა შეადგინა დამწყები მოწაფეებისთვის სახელმძღვანელო ამისთანავე „პირველ-საკითხავი“ წიგნი. გაზეთი „ივერია“ ამის შესახებ წერდა: „გ-ნ ალ. ნათაძის გარდა, რომელიც ტფილისის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებელია, და რომელმაც ამას წინად შეადგინა პირველ-საკითხავი და სახელმძღვანელო, წიგნი შეუდგენია აგრეთვე გ-ნ ზ. გულისაშვილსაც, სოფ. საგარეჯოს სკოლის მასწავლებელს. ორივეს თავიანთი სახელმძღვანელონი კარგა ხანია წარუდგენია კავკასიის სწავლა-განათლების სამზრუნველოში და ეხლა იმას უცდიან, თუ რას იტყვის სამზრუნველო: მოიწონებს, თუ დაიწუნებს მათ მიერ შედგენილს პირველ-საკითხავს წიგნებს“.

ქართველი მწერალი, მთარგმნელი, ეთნოგრაფი და ლექსიკოგრაფი თ. სახოკია თავის მოგონებებში გულისაშვილზე წერდა: „მე რომ სემინარიაში ჩამოვედი 1884 წ. შაქრო გულისაშვილს სემინარია უკვე დიდი ხნის დამთავრებული ჰქონდა. მხოლოდ სემინარიაში ჩემი ყოფნის მეორე წელიწადს ვხედავდი შაქროს მაღალ კლასების მოწაფეებს შორის ჩამდგარს და მუსაიფში გართულს. თემა ლაპარაკისა ყოფილა, როგორც მერე გვიამბობდნენ მოწაფეები, მოვალეობა ყოველი სოციალისტისა. შორიდან ვუყურებდით ქერა, უფრო მწითურ, მაღალ ყმაწვილ კაცს, მოწაფეთა შორის ჩამდგარს და ეშხით მოლაპარაკეს. ყველა აქებდა: მეტისმეტად ნაკითხია და ხალხოსანიაო. ამბობდა თურმე: ვისაც უნდა ხალხს ემსახუროს, ვინც ნამდვილი სოციალისტია, ამ ხალხში უნდა ტრიალებდეს, მისი ჭირ-ვარამი ყველაფერში უშუალოდ გაიგოს და შეეცადოს დაუამოს ტკივილიო. ხალხის მდგომარეობის შესწავლამ იმ აზრამდე მიმიყვანა, რომ დღეს, მართალია, მასწავლებელი ვარ სოფლისა და ამ ხალხში ვტრიალებ და თითქო ვემსახურები, მაგრამ მასწავლებლობას მღვდლობა სჯობია; მღვდელს უფრო მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლია ამ ხალხისთვის, ვიდრე მასწავლებელსაო; მდაბიო გლეხი მღვდელს უფრო ენდობა, იმას უფრო გადაუშლის გულსა და თავის ჭირ-ვარამს გაუზიარებსო. ასე რომ, მე გადაწყვეტილი მაქვს, ანაფორა ჩავიცვა და ისე ვემსახურო ხალხსაო. ჩვენ, ახლად გამოჩეკილ „სოციალისტებს“, სასულიერო წოდებისადმი უარყოფითად განწყობილებს, ბარემ გვეხამუშებოდა, შაქროს ნათქვამი რომ გვესმოდა, მაგრამ იმდენად დიდი იყო მისი ავტორიტეტი, რომ ქედს ვიხრიდით მისი ნათქვამის წინაშე“.

1893 წ. აგვისტოში ეგზარქოსმა ვლადიმირმა (ბოგოიავლენსკი) დიაკვნად აკურთხა, ერთი კვირის შემდეგ მღვდლად დაასხა ხელი და თელავის მაზრის სოფელ აწყურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დანიშნა. იქ მსახურების დროს აირჩიეს თელავის სასულიერო სასწავლებლის სასწავლო კომიტეტის წევრად, მუშაობდა თელავის ეპარქიალური სანთლის ქარხანაში ზედამხედველად. თავისი პატიოსანი და უმწიკვლო სამსახურით მან დიდი ავტორიტეტი მოიპოვა მთელ სოფელში. მოსახლეობამ მთელი გულით შეიყვარა დაუზარელი და მუდამ ხალხზე მოფიქრალი მოძღვარი და როდესაც იგი სხვა სამრევლოში გადაიყვანეს, გაზეთ „ივერიაში“ ვრცელი წერილი მიუძღვნეს მის მოღვაწეობას.

1898 წ. დიდი გომარეთის წმ. გიორგის ტაძარში გადაიყვანეს. იქ გულისაშვილმა დააარსა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, სადაც თავადვე ასწავლიდა საღვთო სჯულს. საქართველოს სამხრეთი, ერთდროს ქართველებით დასახლებული, იმჟამად ბერძნების სამოსახლოდ გამხდარიყო და აქა-იქ იყო დარჩენილი ქართული სოფლები. გულისაშვილისთვის ამ გარემოებას გული არ გაუტეხია და შეუდგა ნასოფლარებისა და იმ მხარის მცხოვრებ ქართველთა აღწერას. მისი ნარკვევები „თრიალეთზე“, „გარდაბნისა და გაჩიანის საერისთაონი და მათნი ნაშთნი: წალკა, ქარვასლის ხეობა, ხრამში არსებული ისტორიული ნაშთნი, ხრამგაღმა მთავაკე სამშვილდე-ახბულახითურთ“ დაიბეჭდა 1906 წ. გაზ. „ივერიაში“.

ეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი სამსახურისთვის იგი დაჯილდოვდა: საგვერდულით (1899 წ. 13 აგვისტო), სკუფიითა (1903) და კამილავკით (1911 წ. 6 მაისი). 1904 წ. 14 აპრილს საგარეჯოს წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძარში განაწესეს. 1906 წ. თბილისის წმ. მარინეს ტაძარში გადაიყვანეს. ქალაქში მსახურების დროს გულისაშვილი თბილისის ეპარქიალური სასწავლებლის სასწავლო კომიტეტის წევრად აირჩიეს.

გულისაშვილი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. 28 იანვარს მისი ნეშტი წმ. მარინეს ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. ამ დღეს ეკლესიაში წირვა აღასრულა გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე), არქიმანდრიტ პიროსის (ოქროპირიძე) თანამწირველობით. განიცადეზე სიტყვა წარმოთქვა დეკანოზმა გიორგი ასათიანმა, ხოლო პანაშვიდზე – ეპისკოპოსმა ანტონმა. მიცვალებული ეკლესიიდან გამოასვენეს და ლიტანიით ეკლესიას შემოატარეს. საფლავთან სიტყვა წარმოთქვეს მღვდლებმა: ვასილ კარბელაშვილმა და ისააკ ჩეკურიშვილმა, ასევე წმ. მარინეს ტაძართან არსებული სკოლის მოწაფე ქალმა თარალაშვილმა. დაკრძალვას დიდძალი ხალხი დაესწრო, მათ შორის, მასწავლებელ-მოსწავლენი ბრმების სასწავლებლისა, სადაც განსვენებული საღვთო სჯულს ასწავლიდა.

მის გარდაცვალებას იმჟამად გამომავალ ქართულ ჟურნალ-გაზეთებში მრავალი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის, ახალგაზრდა პოეტი გ. ლეონიძე, რომელიც გაზ. „სახალხო ფურცელში“ წერდა: „ულმობელმა სიკვდილმა კიდევ გამოგვტაცა ერთი საზოგადო მოღვაწე... 24 იანვარს გარდაიცვალა მღვდელი ზაქარია (შაქრო) გულისაშვილი, რომელიც გუშინ მიაბარეს მიწას! განსვენებული აღსანიშნავია არა მარტო როგორც კეთილი მწყემსი, არამედ როგორც საუკეთესო განძის შემტანი ჩვენს ღარიბ ლიტერატურაში.

იგი იყო მეოთხმოცე წლების ერთი მოღვაწეთაგანი. მისი ლიტერატურული შრომა ჩვენს მწერლობაში, მართლაც, მართლაც, რომ აღსანიშნავია.

სემინარიიდან გამოსვლის შემდეგ სოფლად მასწავლებლობდა, შეიყვარა დაჩაგრული დაბეჩავებულთა ბინა, ჩასწვდა მათ გულის ნადებს, მიჰხვდა მათ კვნესა-სიხარულს და გაჰხდა მათი თანაზიარი და მესაიდუმლე ... და საკვირველი არ არის, რომ ბელეტრისტულ ნაწარმოებში თემად აქვს აღებული სოფელი და, უმთავრეს გმირად გლეხი... გლეხთა აღწერაში მას ისეთივე ადგილი უჭირავს პროზაში, როგორც დავითაშვილს – პოეზიაში. მისი „მარტიაანთ პაპა“ და „მეტივე ბაციკა“ შეუდარებელი ტიპებია ჩვენს მწერლობაში“... სოფლის მასწავლებლობის დროს მან შეადგინა „საანბანო წიგნი“. ეს წიგნი გავრცელდა ჩვენს სკოლებში, სანამ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ არ გაიდგამდა ფესვებს... ამავე დროს დასწერა და გამოსცა „ქართველი მეფეები“, საკითხავი სოფლის სკოლებში ადვილი და გასაგები ენით. ბოლო დროს იგი სწერდა ვრცელ თხზულებას „ქართველი წმინდანები“, მაგრამ საბოლოო დათავება აღარ დააცალა ულმობელმა სიკვდილმა. უკანასკნელ ხანში მან შეაგროვა თავისი ბელეტრისტული ნაწერები და ჰსურდა გამოეცა, მაგრამ ვეღარ მოახერხა.

კარგი იქნება, თუ რომელიმე ჩვენი გამომცემელთა ამხანაგობა შეიძენს მის თხზულებათა კრებულს და გამოსცემს, რათა არ დაიკარგოს. საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, ნეტარო მხცოვანო!..“ 1897 წ. გამოქვეყნდა გ-ის თხზულება „ორიოდე სურათი მოთხრობიდან“. მასვე ეკუთვნის მოთხრობები: „მარტიაანთ პაპა“ (1879), „მეტივე ბაციკა“ (1881), „ბედნიერი კუნძული“ (1881); ნარკვევები: „მგზავრის შენიშვნები“ (1882), „აწინდელ კახეთზე და ქართლზე“ (1884); ისტორიულ-ეთნოგრაფიული წერილები: „გარდაბანისა და გაჩიანის საერისთაონი და მათი ნაშთი“ (1900), „ჩვენი ხალხის ზნე-ჩვეულებანი“, „ქორწილი ქვემო ქართლში“. ავტორია აგრეთვე წიგნებისა: „ანბანი მშობლიურ ენის“ და „საქართველოს ძველი დროის მეფეებზედ“ (1886); 1903 წ. მისი წინასიტყვა- ობით გამოიცა პ. ლარაძის თხზულება „დილარიანი“.

გულისაშვილის მხატვრული და ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნაწერები 1953 წ. გ. ლეონიძის რედაქციითა და წინასიტყვაობით გამოიცა.

დიაკ. გ. მაჩურიშვილი


თხზულებები

მოთხრობები, ნარკვევები, თბ., 1953. № 131;

წყაროები და ლიტერატურა

  • გაზ. „ივერია“, 1890, 1898, №110; სცსა, ფ. 489,
  • журн., Духовный вестник Грузинского Экзархата, 1893, №19; 1899, №19-20; 1903, №9; 1904, №9;
  • жypн., Becтник Грузинского Экзархата, 1911, №10; 1914, №5.
  • ზანდუკელი მ., ახალი ქართული ლიტერატურა, ტ. 3, თბ., 1955;
  • მისივე., თხზულებანი, ტ. 3, თბ., 1978;
  • მაჩურიშვილი გ., ტოგონიძე ლ., XVIII-XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 2012;
  • ცაიშვილი ს., რამდენიმე შტრიხი მოგონებათა ავტორის ცხოვრებიდან, „ჩემი საუკუნის ადამიანები“, თედო სახოკია, თბ., 1984.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები