გუნებ-განწყობის მსუბუქი აშლილობები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუნებ-განწყობის მსუბუქი აშლილობები - შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომები ხშირად ერთდროულად იჩენს თავს. მართლაც, ძველი სახელმძღვანელოების ავტორებს (იხ. Lewis, 1956) მიაჩნდათ, რომ შფოთვისა და დეპრესიული დარღვევების მკაფიო გამიჯვნა სტაციონირებული პაციენტების შემთხვევაშიც რთული იყო. თუმცა, თანამედროვე ფსიქიატრები თანხმდებიან მოსაზრებაზე, რომ სიმპტომების დიფერენცირება შესაძლებელია უფრო ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი მწვავე პაციენტების შემთხვევაში, ვიდრე პირველადი ჯანდაცვის რგოლში წარმოდგენილი მსუბუქი აფექტური აშლილობების დროს.

კლასიფიკაცია

ICD-10 მოიცავს კატეგორიას - „შერეული შფოთვითი და დეპრესიული აშლილობა“, რომელიც იმ შემთხვევაში გამოიყენება, როცა შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომები არ არის იმდენად ძლიერი, რომ შფოთვითი აშლილობის ან დეპრესიული აშლილობის დიაგნოზი დაისვას და, როცა სიმპტომები მჭიდროდ არ უკავშირდება სტრესულ მოვლენებს ან სერიოზულ ცვლილებებს ცხოვრებაში, რაც აუცილებელი პირობაა მწვავე სტრესული რეაქციების ან ადაპტაციური აშლილობებისთვის.

ICD-10-ის მიხედვით, მსგავსი მდგომარეობის მქონე პირები ხშირად პირველადი დახმარების დაწესებულებებში ხვდებიან, თუმცა, ძალიან ბევრია ისეთი, ვისაც გამოკვლევა საერთოდ არ ჩატარებია. ICD-10-ში ეს დიაგნოზი შფოთვით აშლილობებშია მოქცეული, მაგრამ, ზოგიერთი ფსიქიატრის აზრით, იგი უფრო გუნებ-განწყობის აშლილობებს უკავშირდება; ამ შეხედულებას ასახავს ალტერნატიული ტერმინი „მსუბუქი აფექტური აშლილობები“.

DSM-IV-ის კლასიფიკაციაში ამის შესატყვისი დიაგნოზები მოცემული არაა. კლასიფიკაციის დანართში არის წინასწარი დიაგნოზის ორი ვარიანტი, რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ, როცა გვაქვს შერეული შფოთვითი და დეპრესიული აშლილობა და მსუბუქი დეპრესიული აშლილობა. მიჩნეულია, რომ ფაქტობრივი ინფორმაცია არ არის საკმარისი, რათა რომელიმე მათგანი კლასიფიკაციაში მოვათავსოთ. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა რამ არის ცნობილი ამ მდგომარეობებისა და სხვა დარღვევებთან მათი კავშირის შესახებ, ამ აშლილობის მქონე პაციენტები მაინც მიმართავენ ექიმს. მაშინაც კი, როდესაც დიაგნოზის ზუსტი კრიტერიუმების ჩამოყალიბება თითქმის შეუძლებელია, საჭიროა არსებობდეს მდგომარეობის განმსაზღვრელი შესაბამისი კატეგორია.

კლინიკური სურათი

მსუბუქი აფექტური აშლილობის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო განმარტება მოგვცა გოლდბერგმა და კოლეგებმა (Goldberg et al., 1976), რომელთაც 88 პაციენტი შეისწავლეს ფილადელფიაში. ყველაზე ხშირი სიმპტომები იყო:

  • დაღლილობა
  • დეპრესია
  • გაღიზიანებადობა
  • კონცენტრაციის უნარის დაქვეითება
  • უძილობა
  • სომატური და დისმორფული სიმპტომები.

მსგავსი სიმპტომებია მოცემული National Psychiatric Morbidity Household Survey-Si (Jenkins et al., 1997), რომელიც შეისწავლიდა „ნევროზული“ სიმპტომატიკის სიხშირეს კონკრეტულ თემში (სურათი 1).

რანდომიზებულად გამოკვლეული 10 000 მოზრდილის კლინიკური ინტერვიურებით გამოვლენილი ნევროზული სიმპტომების მაჩვენებლები. ყველა სიმპტომი უფრო ხშირად ვლინდება ქალებში (ღია შეფერილობის მხარე), ვიდრე მამაკაცებში (მუქი შეფერილობის მხარე). ყველაზე გავრცელებული სიმპტომია „ადვილად დაღლის“ შეგრძნება, რომელიც გამოკითხულთა 27%-ს გამოუვლინდა (Jenkins et al., 1997 w.).

მსუბუქი აფექტური აშლილობის მქონე პაციენტები ექიმთან გამოხატული სომატური ჩივილებით მიდიან. ამის მიზეზი გაურკვეველია; ზოგიერთი სიმპტომი ავტომატურად ახლავს თან შფოთვას და, შესაძლოა, პაციენტები უფრო მეტ ყურადღებას სომატურ ჩივილებს უთმობენ, ვიდრე ემოციურ პრობლემებს. მეორე მხრივ, მსუბუქი აფექტური აშლილობა შესაძლოა გახანგრძლივდეს და ზოგიერთ შემთხვევაში გამოიწვიოს პიროვნული და პროფესიული ფუნქციონირების მოშლა. ამგვარად, ტერმინი „მსუბუქი“ არ მოიაზრებს დარღვევის სერიოზულ შედეგებს ინდივიდისათვის. ზოგ შემთხვევაში მსუბუქი აფექტური აშლილობა შესაძლოა იყოს გუნებ-განწყობის მძიმე აშლილობის რეზიდუალური ფორმა (Judd et al., 1998, 2002).

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები