გუშეხეფხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუშეხეფხე (ადიღ. Гуышъэхэпхэ/гущэхэпхэ) – საბავშვო ციკლის ადიღური წეს-ჩვეულება – აკვანში ჩვილის პირველი ჩაკვრის რიტუალი, რომელშიც მხოლოდ ქალები – მოლოგინებულის ნათესავები (დედის გარდა), მეგობრები და მეზობლები მონაწილეობდნენ. ნათესავებს თან მოჰქონდათ ბავშვის ლოგინის მოწყობილობა და საჩუქრები სიძის დედისა და და-ძმებისთვის. რაც შეეხება მეზობლებსა და სხვა ახლობლებს, ხელცარიელნი რომ არ მოსულიყვნენ, ძღვენის სახით ქათამსა და კვერცხებს, დედა-შვილისთვის რაიმე ნივთებს მოიყოლებდნენ. სტუმრები ბავშვის სანახავად რიგრიგობით მიდიოდნენ და დალოცავდნენ, თან მზესა და მთვარეს ადარებდნენ.

ჩერქეზები განსაკუთრებული გულმოდგინებით არჩევდნენ ყოველ საგანს, რომელიც ბავშვთან იყო დაკავშირებული. აკვანი მხოლოდ „ბედნიერი“, „კეთილისმყოფელი“ ხის ჯიშებისგან (კაკლისგან, მუხისგან, ცაცხვისგან, მსხლისგან და სხვ.) კეთდებოდა, მაგრამ უპირატესობა კუნელის მასალას ენიჭებოდა. ლეიბს გაცეხვის შემდეგ დარჩენილი ფეტვის მშრალი ჩენჩოთი ტენიდნენ, რადგან იგი კარგად „სუნთქავდა“ და ნაწოლებსაც არ აჩენდა. ავი თვალისგან დაცვის მიზნით, აკვანში, ლეიბქვეშ ხანჯალს ან რკინის ნაჭერს დებდნენ, სასთუმალთან ჰკიდებდნენ ნიჟარას, რომელსაც ანგინისა და ყელის სხვა დაავადებების სამკურნალოდაც იყენებდნენ (ჩერქეზთა რწმენით, თუ ბავშვი ამ ნიჟარით წყალს დალევდა, ყელის ავადმყოფობა გაუვლიდა).

ჩვილის ჩააწვენამდე, აკვანზე კატას დასვამდნენ, რასაც, ადიღთა შეხედულებით, ბავშვის მშვიდი და ხანგრძლივი ძილისთვის ხელი უნდა შეეწყო. აკვანს თავით სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით დგამდნენ. საწოლში ჩვილის პირველ ჩაკვრას მხოლოდ გამოცდილ, მრავალშვილიან და კეთილ ქალს ანდობდნენ. ახალშობილს პერანგით აწვენდნენ, მაგრამ თუ ბავშვი მამას ჰგავდა, ამ პერანგს გახდიდნენ და საზეიმოდ დაწვავდნენ, სანაცვლოდ სხვას ჩააცმევდნენ. ჩერქეზთა რწმენით, ეს აქტი მამა-შვილის ხანგრძლივ თანაცხოვრებას უზრუნველყოფდა (ამავე მიზნით, მომდევნო წლებში ვაჟს აცმევდნენ მამის გადაკეთებულ პერანგს, რომელსაც გადმობრუნებდნენ და ისე შეკერავდნენ, რომ უკანა ნაწილი წინ, ხოლო ქვედა – ზემოთ მოქცეულიყო). ბავშვის ჩაწვენის რიტუალი ცეკვა-სიმღერით თანხლებული საწესო სუფრით მთავრდებოდა.


ლიტერატურა

Мафедзев С. Х. Адыги. Обычаи, традиции (Адыга хабзэ). Нальчик, 2000.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები