დადიანი ბედან (II)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბედიან/ბედან (II) დადიანი - ჯუანშერის ძე, რუსუდან მეფისა და დავით ნარინის თანამედროვე; ოდიშის ერისთავი და მანდატურთუხუცესი. დაახლ. 1240-1260-იანი წწ. ჰყავდა თანამეცხედრე ქართლის ერისთავ ბეგას ასული, დიოფალთ-დიოფალი ხუაშაქი. 1242 წ., როდესაც რუსუდანი მონღოლებთან დაზავების მიზნით ქუთაისიდან თბილისსში გადმოვიდა, დასავლეთ საქართველოს სხვა დიდებულებთან ერთად იგი რუსუდან მეფის ამალაში იყო. ჟამთააღმწერელი მას ახასიათებს, როგორც ზნითა და გონებით წარმატებულ კაცს, რომელსაც წესრიგი დაუმყარებია ოდიშში, „რომელ მპარავი და ძვირის მოქმედი არა იპოვებოდა“. ბედიანი იხსენიება კოხტასთავის შეთქმულების მონაწილეთა შორისაც, თუმცა დაპატიმრებას გადაურჩა. 1260/1261 წ. მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყების შემდეგ დავით ლაშას ძემ დასავლეთ საქართველოში დავით ნარინთან შეაფარა თავი. დაახლოებით ერთის წლის შემდეგ დავით ულუს მომხრეებმა განიზრახეს ნარინის ტახტიდან ჩამოგდება და ამ გზით ერთმეფობის აღდგენა. შეთქმულთა გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალეს დავით ნარინის მომხრეებმა, რომელთა შორის ყველაზე ძლიერი ფიგურა იყო ბედიან (II) ოდიშის ერისთავი და მანდატურთუხუცესი. დავით ნარინმა ტახტი შეინარჩუნა, ხოლო დავით ლაშას ძე აღმოსავლეთ საქართველოში დაბრუნდა. როგორც ჩანს, ამ მხარდაჭერის სანაცვლოდ დაასაჩუქრა დავით ნარინმა ბედან დადიანი უძვირფასესი ქრისტიანული რელიქვიებით, რომელთა შორის ყოფილა თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი. ეს ჯვარი შემდგომში შერგილ დადიანის კუთვნილება გამხდარა, ხოლო სხვა რელიქვიები, უპირატესად მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები, მოგვიანებით ხობის, მარტვილისა და წალენჯიხის ტაძრებში მოხვედრილა. ამ ხატების მფლობელთა მიერ სხვადასხვა დროს შესრულებულ მემორიალურ წარწერებს შემოუნახავთ ბედან ოდიშის ერისთავისა და მანდატურთუხუცესის ოჯახის წევრთა სახელები. ბედანი დაქორწინებული ყოფილა ქართლის ერისთავ ბეგა სურამელის ასულ ხვაშაქზე, მათ ჰყოლიათ შვილები: ერაშაჰრი, გიორგი და ივანე.

ბედანი აღარ იხსენიება XIII ს-ის 60-იანი წლების შემდგომ. მისი გარდაცვალების დროისათვის როგორც ჩანს, გარდაცვლილი ყოფილა მისი უფროსი ვაჟი ერაშაჰრიც, რის გამოც ოდიშის ერისთავი და მანდატურთუხუცესი ხდება ბედანის მომდევნო ვაჟი გიორგი.



წყაროები და ლიტერატურა

  • ჟამთაღმწერელი 1959: 195, 243;
  • თაყაიშვილი 1914: 49, 139, 227;
  • ბერაძე 1999: 136-137;
  • ბახტაძე 2003: 238-239.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები