მეფე დავითი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დავითი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Mefe daviti.jpg

დავითი - ისრაელის მეორე მეფე, იუდას ტომელი იესეს უმცროსი ვაჟი. იმეფა 40 წელიწადი (დაახლ. ძვ.წ. 1005-965), შვიდი წელი და ექვსი თვე იუდეის მეფე იყო (დედაქალაქი ხებრონით), შემდეგი 33 წელი კი ისრაელისა და იუდეის გაერთიანებული სამეფოსი. ბიბლიის მიხედვით დავითის შთამომავალი უნდა ყოფილიყო მესია, ისრაელის მხსნელი. თვითონ დავითი მოაბელი რუთისა და ბოოსის შთამომავალი იყო იუდას ტომიდან.

ბიბლიის მიხედვით დავითს თეთრი კანი და წითური თმები ჰქონდა მამამისს, იესეს 8 ვაჟი ჰყავდა, რომელთაგან ყველაზე უმცროსი დავითი იყო. ის იყო ლამაზი, ძლიერი და ჭკვიანი შესანიშნავად უკრავდა მუსიკალურ საკრავებზე ახალგაზრდობაში მამამისის ცხვრებს მწყემსავდა. ბიბლიის წიგნებზე დაყრდნობით გამოდის რომ უფალმა ისრაელის პირველი მეფე, საული მეფობის ღირსად არ ჩათვალა და სამუელ წინასწარმეტყველი გაგზავნა დავითის მეფედ საკურთხებლად.

თავდაპირველად დავითი საულის კარზე მსახურობდა დამკვრელად. ის შესანიშნავად უკრავდა და მეფისგან განდევნა ბოროტი სული, რომელიც ისრაელის მმართველს სულს უფორიაქებდა და აწუხებდა (შეიძლება ამ ბიბლიურ ტექსტებში მინიშნებულია რომ დავითი საულს ახალისებდა, როცა ის მოწყენილი იყო, ბოროტ სულში ალბათ დაღვრემილრბა და უხასიათობა იგულისხმება. იმ პერიოდში ისრაელი ფილისტიმელებს ებრძოდა, მეფე საულთან ერთად მოლაშქრე დავითმა ორთაბრძოლაში შურდულითა და ქვით დაამარცხა გოლიათი, ფილისტიმელი გმირი, რის შედეგადაც ებრაელებმა ბრძოლა მოიგეს. მალე უკვე გამოჩენილი და ცნობილი დავითი დაუმეგობრდა საულის ვაჟს იონათანს.

დავითის პოპულარობისა შეეშინდა და შეშურდა საულს და მან ორჯერ სცადა მისი მოკვლა, მაგრამ მომავალი მეფე სიკვდილს გადარჩა საულმა დავითის შეპყრობა ბრძანა, თუმცა ამ უკანასკნელმა თავისი ცოლის, საულის ქალიშვილის, მელქოლას დახმარებით შეძლო გაქცევა სამუელთან. საული დავითს დაედევნა. იესეს ვაჟმა ხელში ჩაიგდო გოლიათის ხმალი მღვდელი ახიმელექისგან და ამის შემდეგ გათს შეაფარა თავი. ამ ქალაქში მან თავი მოიგიჟიანა, რომ ვერ მიმხვდარიყვნენ ვინ იყო და საულისათვის არ გადაეცათ. დავითმა თავისი ოჯახი მოაბის მეფეს შეაფარა და თვითონ იუდას ტომის მიწისკენ გაეშურა. ორჯერ მოხდა ისე, რომ დავითს შეეძლო საულის მოკვლა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა და მეფემაც მისი დევნა გააგრძელა.

დავითი 600 მეომრითა და თავისი ორი ცოლით ფილისტიმელი მეფის, ანხუსუს სამსახურში ჩადგა. ამ პერიოდში მან მოახერხა ამალეკების დამარცხება და დიდძალი ნადავლის ხელში ჩაგდება მალე მეფე საული ფილისტიმელებთან ბრძოლაში დაიღუპა თავის ვაჟებთან ერთად გილბოას (გილბოაყის) მთაზე (გილბოას ბრძოლა). ეს ამბავი დავითს ერთმა სულმოკლე ფილისტიმელმა მიუტანა. დავითმა ინაღვლა ისრაელის პირველი მეფისა და თავისი კეთილი მეგობრის, საულის ვაჟის, იონათანის სიკვდილი. მომავალმა ხელმწიფემ დაღუპულ გმირებს სიმღერა მიუძღვნა, ხოლო ცუდი ამბის მაუწყებელი ფილისტიმელი მოაკვლევინა. ამის შემდეგ ის გაეშურა ხებრონში სადაც იუდეის მეფედ ეკურთხა, მაგრამ საულის სარდალმა აბნერმა ისრაელის მეფის გვირგვინი საულის ვაჟს, იებოშეთს დაადგა ქალაქ მახანაიმში.

საული და დავითი, რემბრანდტი

ხებრონში მეფობის დროს დავითს ექვსი ვაჟი შეეძინა. ისრაელში აბნერი შეედავა მეფე იებოშეთს და დავითოან დაიწყო მოლაპარაკება, რის შედეგადაც იუდეის მეფემ თავისი მახანაიმში მყოფი თავისი ცოლი, მელქოლა მიიღო. აბნერთან მოლაპარაკებას უსისხლოდ არ ჩაუვლია და ეს უკანასკნელი მოკლული იქნა იოაბის მიერ, რომელიც მალე დავითის მარჯვენა ხელი გახდა. ამ ამბიდან არ გასულა დიდი დრო, რომ იებოშეთი თავისივე ჯარისკაცებმა მოკლეს ბენიამინის ტომიდან და მისი თავი დავითს მიართვეს ხებრონში. მეფემ მკვლელები შეაპყრობინა და დაასჯევინა. ისრაელიანმა უხუცესებმა დავითს სამეფო გვირგვინი მოართვეს და იუდეაში შვიდწლიანი მეფობის შემდეგ ის გაერთიანებული ისრაელის ხელმწიფე გახდა.

გახდა თუ არა მეფე, დავითმა მაშინვე იებუსეველების დიდი და ძლიერი ქალაქის, იერუსალიმის აღებისათვის დაიწყო მზადება. მან მოახერხა ძლიერი იერიშით იერუსალიმის გალავნის დაკავება და ქალაქი ხელში ჩაიგდო (იერუსალიმის აღება). იებუსევლებს არ სჯეროდათ, რომ დავითი მათი ძლიერი ქალაქის აღებას მოახერხებდა და ებრაელებს დასცინოდნენ ჩვენი ბრმები და ხეიბრებიც კი დაგამარცხებენ თქვენო. ამის საწინააღმდეგოდ, როდესაც დავითმა იერუსალიმი აიღო ყველა ბრმისა და ხეიბრის ამოხოცვა ბრძანა.

ებრაელებმა იერუსალიმის აღებისთანავე დაიწყეს ამ დიდებული ქალაქის აყვავება. მათ გაამგრეს გალავნები, ერთიორად გაზარდეს ქალაქის მოსახლეობა, ააშენეს ახალი შენობები და მეფის სასახლე. ამ დიდებულ მშენებლობაში დავითს ტიროსის მდიდარი ფინიკიელი მეფე ეხმარებოდა ისრაელის მეფემ დედაქალაქი კულტურულ-რელიგიურ ცენტრად აქცია. მან გადაწყვიტა კირიათ იეყარიმში დასვენებული აღთქმის კიდობანი გადაესვენებინა იერუსალიმში. მართლაც ლევიტელი მღვდლების თანხლებით კიდობანი და ღვთის მოძრავი ტაძარი იერუსალიმში გადაიტანეს, რის შემდეგაც მღვდლები ყოველდღიურ ლოცვა-კურთხევას ატარებდნენ.

დავითს ძალიან უყვარდა მუსიკა და ჰყავდა, მუსიკოსთა ჯგუფი. ის თვითონაც თხზავდა ფსალმუნებს და სიმღერებს და იყო ძალიან კარგი დამკვრელი არფაზე. ამბობენ, რომ ეს საკრავი სწორედ მან გამოიგონა.

დავითი აპირებდა ღმერთისათვის დიდებული ტაძრის აგებას, მაგრამ ბიბლიის მიხედვით უფალმა ისურვა, რომ ეს დავითის ვაჟსა და მემკვიდრეს გაეკეთებინა. ამიტომ დავითის მეფობის პერიოდში უფლის ტაძარი კვლავ კარავად დარჩა.

დავითმა დაიწყო უფლის ტაძრისთვის სამშენებლო მასალების შეგროვება, რომელსაც მისი ვაჟი გამოიყენებდა ასაშენებლად.

როდესაც დავითი მეფე გახდა, ფილისტიმელებმა კვლავ განაახლეს ისრაელის საწინააღმდეგო აქტივობა, მაგრამ იერუსალიმის მახლობლად ორ ბრძოლაში დავითმა ისინი დაამარცხა და განდევნა. ამის შემდეგ კი საბოლოოდ დაიპყრო მოაბვლები, ამონიტელები და ამალეკები, დაამარცხა დამასკოელი სირიელები და ისრაელი მძლავრ მონარქიულ სახელმწიფოდ აქცია. ფილისტიმელები ამის შემდეგ რეგულარულად მსახურობდნენ ისრაელის არმიაში როგორც მძიმე ქვეითი ჯარი. ასევე მათგან წამოიღეს ებრაელებმა საბრძოლო ეტლები.

ამონიტელებთან დავითს თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ მეფე ნაასას სიკვდილისა და მისი ვაჟის, ანონის გამეფების შემდეგ, რომელმაც შეურაცყოფა მიაყენა ებრაელთა ელჩებს, ომი დაიწყო. დავითის ჯარებს იოაბი სარდლობდა. მან მოახერხა არამის მეფის, ჰადადეზერისა და ამონიტელთა სამეფოს კავშირის ჩაშლა, დაამარცხა რა მათი არმიები და დაიკავა ამონიტელების ქალაქები. შემდეგ დავითმა უსარდლა ჯარს და საბოლოოდ დასცა მეფე ანონის ძალაუფლება ამონიტელთა სახელმწიფოში, როცა მათი მთავარი ქალაქი რაბა აიღო. ისრაელის სამეფო არაბეთის უდაბნომდე გადაიჭიმა.

დიდი სამეფოს მართვა ადვილი საქმე არ იყო, ამიტომ დავითმა დანიშნა მოხელეები და მწერლები, რომელთაც ევალებოდათ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილის მართვა-გამგეობა და ყველა ცნობის მეფისთვის მიწოდება. დავითმა დაიწყო მოსახლეობის აღწერაც, მაგრამ ბიბლიის მიხედვით ეს უფლის სურვილის წინააღმდეგ გააკეთა, და ამიტომ აღარ დაასრულა.

დავითის არმიას მთავარი მხედართმთავარი მეთაურობდა, ხოლო ისრაელის სხვადასხვა ტომის ჯარს იქაური სარდალი. არმია 12 ნაწილად იყოფოდა, რომელთაგან თითოეულში მხოლოდ ერთი ტომის მეომრები მსახურობდნენ, მაგალითად ერთ ნაწილში რეუბენელები, მეორეში გადელები და ა.შ. ამას გარდა მეფის გვარდიაში მსახურობდნენ კრეტელი და ფილისტიმელი დაქირავებული მეომრები.

ყველაზე მაღალ მდგომარეობას სახელმწიფოში დავითის ის მეგობრები იკავებდნენ, რომლებიც მას საულის მიერ დევნის დროს ეხმარებოდნენ. მათ შორის გამოირჩეოდა იოაბი, დავითის მხედართმთავარი.

დავითი საულის მემკვიდრეების მიმართ სიძულვილით არ იყო განწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ გაბაონვლებს საულის ნათესავები გადასცა შურის საძიებლად. გაბაონვლებმა ისინი საშინლად აწამეს და დახოცეს (საული ცუდად ეპყრობოდა გაბაონვლებს და სასტიკად სჯიდა მათ, რის გამოც მათ შურისძიება სწყუროდათ და მისი ნათესავები ამოწყვიტეს).

ბიბლიის მიხედვით დავითმა საულის ხეიბარი შვილიშვილის, მეფიბოშეთის მიმართ სითბო და სიყვარული გამოიჩინა და თავის სასახლეში მიიწვია საცხოვრებლად.

მეფეთა წიგნი გვკარნახობს, რომ თავისი ძლიერების მწვერვალზე ასულმა დავითმა ცოდვა ჩაიდინა ამონიტელებთან ომის დროს. მეფეს მოეწონა თავისი მამაცი მეომრის, ურია ხეთელის მშვენიერი ცოლი ბერსაბე. მან ბრძანა ურია ხეთელი ბრძოლაში სახიფათო ადგილას დაეყენებინათ და მტრისათვის მოეკვლევინებინათ. იოაბმა მისი ბრძანება უსიტყვოდ შეასრულა. ურია ხეთელი დაიღუპა, მისი ცოლზე კი დავითმა იქორწინა და შვილიც ეყოლა. ღმერთმა დავითს სამხილებლად წინასწარმეტყველი ნათანი გაუგზავნა, რომელმაც მეფეს იგავ-არაკი მოუყვა, რითაც მოახვედრა რა საშინელი ცოდვა ჰქონდა ჩადენილი. დავითი სინანულში ჩავარდა და ამით გამოისყიდა დანაშაული. ბერსაბემ მას ტახტის მომავალი მემკვიდრე, სოლომონი გაუჩინა.

მოხუცი დავითის ვაჟები და ქალიშვილები სახელმწიფოში ქაოსს იწვევდნენ. დაიღუპა მეფის უფროსი ვაჟი ამნონი, რომელსაც თავისი და, თამარი უყვარდა. შემდეგ ერთ-ერთმა ვაჟმა, აბესალომმა შეთქმულება მოუწყო მოხუც მამას, რომელიც იძულებული გახდა იერუსალიმიდან გაქცეულიყო, ლაშქარი მახანაიმში შეეკრიბა და თავის აჯანყებულ ვაჟს შებმოდა. გადამწყვეტ ბრძოლაში დავითმა ლაშქარს იოაბი უსარდლა და მტერს შეუტია. აბესალომი დამარცხდა და გაქცევისას იოაბმა და მისმა მეომრებმა მოკლეს. დავითმა ლმობიერება გამოიჩინა მტრის მიმართ და მრავალი შეიწყალა.

იყო აჯანყების რამდენიმე კერა, მაგალითად ბენიამინის ტომში, მაგრამ ყველა მათგანი მეფის ჯარმა ჩაახშო.

როდესაც დავითი ისე მოხუცდა, რომ მეფობა უკვე სოლომონისათვის უნდა გადაეცა, უფროსმა ვაჟმა, ადონიამ თავი ხელმწიფედ გამოაცხადა და სოლომონს დაუპირისპირდა. დავითმა მეფობა სოლომონს გადააბარა, რომელმაც ადონიას აჯანყება ჩაახშო.

როდესაც მოხუცმა მეფე დავითმა სიკვდილის მოახლოება იგრძნო, სოლომონი დაიბარა და სთხოვა უფლის სადიდებლად იერუსალიმში ტაძარი აეგო და ღმერთისადმი ურყევი რწმენა შეენახა.

დავითი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა 40 წლიანი მეფობის შემდეგ. ის იერუსალიმში დაკრძალეს.

ახალი აღთქმის“ წიგნებში დავითი მოიხსენიება, როგორც უფლის წინასწარმეტყველი და ისრაელის გმირი. ბიბლიის მიხედვით უფალმა სწორედ დავითის გვარი აირჩია I საუკუნეში, როდესაც იესო ქრისტე მოავლინა ქვეყანაზე.

როგორც ჩანს დავითი ძლიერი მმართველი, თუმცა სასტიკი, სისხლისმსმელი მეფე და მებრძოლი იყო, მაგრამ რომ არა მისი ეს თვისებები, ის ვერ შეძლებდა გაეძლიერებინა ისრაელი, დაემარცხებინა შინა და გარე მტრები და შეექმნა ახალი, ებრაული იმპერია.




წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები