ართმელაძე დავით
ართმელაძე დავით ადამის ძე - (1.II.1865 - 1938) - გენერალი.
სარჩევი |
ბიოგრაფია
დაწყებითი განათლება მიიღო ოზურგეთში. 1885 სამხედრო სამსახური დაიწყო. დაამთავრა თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი (პირველი თანრიგით). გაიგზავნა პოდპორუჩიკად ელიზავეტოპოლის 156-ე ქვეით პოლკში. პორუჩიკი (1892). შტაბსკაპიტანი (1900). კაპიტანი (1901). I მსოფლიო ომის წინ პოდპოლკოვნიკია. გადაყვანილ იქნა 23-ე თურქესტანის ქვეით პოლკში ბატალიონის მეთაურად. პოლკოვნიკი (1915). 1917 წლის იანვარში დაინიშნა თურქესტანის მე-16 პოლკის უფროსად. იმავე წლის ოქტომბერში - 127-ე ქვეითი დივიზიის მეთაურად და მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. დათხოვნილი იქნა თადარიგში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. სტანისლავის მე 3-ხარისხის, წმ. ანას მე-3 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის, წმ. გიორგის მე-4 ხარისხის. დაჯილდოებული იყო იარაღით.
1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. თავდაპირველად იყო ქართული კორპუსის 1-ლი დივიზიის მეთაური. 1920-1921 წლებში სარდლობდა ქართული არმიის პირველ ბრიგადას, რომლის შტაბიც სოხუმში იყო და იცავდა აფხაზეთის მიმართულებას. 1921 წლის თებერვალ-მარტში მეთაურობდა გაგრის მხრიდან შემოჭრილი მე-9 წითელი არმიის წინააღმდეგ მებრძოლ შენაერთებს. გენერალ მაზნიაშვილთან ერთად განდევნა ქემალისტები ბათუმიდან 1921 წლის მარტში.
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მუშაობდა სამხედრო სკოლაში.
- მიხეილ ბახტაძე
ლიტერატურა
- მ. გოგიტიძე, გ. ბეჟიტაშვილი, სამხედრო ფიცის ერთგულნი. თბ., 2015;
- საიტი - Русская армия в Великой войне http://www. grwar. ru;
- М. Гогитидзе. Военная элита кавказа.т. I. 2007.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი