კლდიაშვილი დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დავით კლდიაშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით კლდიაშვილი

კლდიაშვილი დავით სამსონის ძე - (29.VIII.1862, სოფ. სიმონეთი - 24.VI.1931, თბილისი) - მწერალი.

სარჩევი

ბიოგრაფია

განათლება მიიღო კიევის სამხედრო გიმნაზიასა და მოსკოვის III სამხედრო სასწავლებელში. 1882 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში, ბათუმში. თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან. მონაწილეობდა ბათუმის საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში. 1885 წელს პირველი მხატვრული თარგმანები დაიბეჭდა ჟურნალში „თეატრი“. 1893 წელს ჟურნალ „მოამბეში“ გამოქვეყნდა პირველი მოთხრობა „შერისხვა“, ამ პერიოდში დაწერილი მოთხრობებიდან აღსანიშნავია: „მსხვერპლი“, „სოლომონ მორბელაძე“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ქამუშაძის გაჭირვება“, პიესა - „ირინეს ბედნიერება“. 1901 წელს გამოიცა მოთხრობათა პირველი კრებული. 1903 წელს დაწერა „დარისპანის გასაჭირი“. 1905-1907 წლებში რევოლუციის შემდეგ, როგორც არაკეთილსაიმედო პოდპოლკოვნიკი, აიძულეს, სამხედრო სამსახურიდან გადამდგარიყო. მსახურობდა ჯერ ქუთაისის, შემდეგ კი ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის სამმართველოში. ამ პერიოდში დაიწერა „როსტომ მანველიძე“ და „უბედურება“. 1915 მობილიზაციით გაიწვიეს ოსმალეთის ფრონტზე.

თებერვლის რევოლუციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. 1918-1921 წლებში მწერლის საღამოები იმართებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. 1920 წელს იუბილეების მომწყობი კომისიისა და მწერალთა კავშირის საბჭოს გაერთიანებულ სხდომაზე შემუშავებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფო თეატრში გაიმართა დავით კლდიაშვილის იუბილე. მისი ნაწარმოებების მიხედვით დაიდგა პიესა, რომელიც მის იუბილეს მიეძღვნა. მწერლის 30-წლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობის პატივსაცემად, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში დაიბეჭდა უამრავი მილოცვა და კარიკატურა. გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“, რომელიც იმდროინდელი სახელისუფლებო ბეჭდვითი ორგანო იყო, იუბილეს სპეციალური ნომერი მიეძღვნა. გაზეთში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შიო მღვიმელის და გიორგი ქუჩიშვილის მილოცვები. 1920 წელს დავით კლდიაშვილმა დაწერა თავისი ცნობილი სატირა „ბაკულას ღორები“.


1924-1926 წლებში დაიბეჭდა კლდიაშვილის ახალი მოთხრობები - „შუა ცეცხლის პირას“ და „კიმოთე მეშველიძე“. 1925 წელს გამოქვეყნდა მოგონებები: „ჩემი ცხოვრების გზაზე“. 1930 წელს სამწერლო მოღვაწეობის 40 წლის იუბილეზე რესპუბლიკის სახალხო მწერლის წოდება მიენიჭა. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ეკა ჯავახიშვილი

ლიტერატურა

  • კ. აბაშიძ ე, „ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“ თბ., 1962;
  • ს. კლდიაშვილი, „დავით კლდიაშვილი“, თბ., 1945;
  • ს. ჭილაია, „უახლესი ქართული მწერლობა“, თბ., 1972;
  • მ. ჯოხაძე, „ჩემი დავით კლდიაშვილი“, თბ.,1955;
  • გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, 17 თებერვალი 1920.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

დავით კლდიაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები