ონიაშვილი დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დავით ონიაშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით ონიაშვილი

ონიაშვილი დავით ეფრემის ძე - (22.XII.1883, სოფ. ხიდისთავი, გორის მაზ. - 14.VII.1937, თბილისი) - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედების მინისტრი, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, სოციალ-დემოკრატი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა გლეხის ოჯახში. თავდაპირველად საშუალო განათლება მიიღო გორის სასულიერო სასწავლებელში, შემდგომში სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. უმაღლესი იურიდიული განათლება მიიღო იურიევის (ტარტუს) და ლაიფციგის უნივერსიტეტებში. 1904 წელს შეურთდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. ეწეოდა აქტიურ პუბლიცისტურ საქმიანობას პარტიულ პრესაში. 1906 წელს მეფის რეჟიმმა დააპატიმრა რამდენიმე თვით. 1918 წლის თებერვალ-მაისში იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი, სოციალ-დემოკრატების ფრაქციის სახელით 1918 წლის 22 აპრილს ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადების საჭიროების შესახებ განცხადება სეიმის სხდომაზე სწორედ მან გააკეთა.

1917 საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით. ხელი მოაწერა 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტს. ეროვნულ საბჭოში ასრულებდა მდივნის მოვალეობას. ეწეოდა აქტიურ საკანონმდებლო საქმიანობას, იყო არაერთი კანონის ინიციატორი. 1919 წლის თებერვალში აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა კრების იურიდიულ კომისიას, ასევე იყო თვითმმართველობისა და საფინანსო კომისიის წევრი. 1920 წლის 3 დეკემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედების მინისტრად დაინიშნა. ამ პოსტზე მან ნოე ხომერიკი შეცვალა.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. აქტიურად მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. იყო სოციალ-დემოკრატების არალეგალური ცენტრალური კომიტეტის წევრი. მონაწილეობდა დამოუკიდებლობის კომიტეტის საქმიანობაში და ჩართული იყო აჯანყების მომზადების პროცესში. 1924 წელს დააპატიმრეს, თუმცა ფსიქიური აშლილობის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც გაქცევა მოახერხა. 1925 წელს კვლავ დააპატიმრეს თურქეთის საზღვრის ყალბი პასპორტით გადაკვეთის მცდელობისას. ფსიქიური მდგომარეობის გამო კვლავ არ მიუსაჯეს პატიმრობა. შემდგომში წლების განმავლობაში მუშაობდა გერმანულიდან მარქსის „კაპიტალის“ (მალაქია ტოროშელიძესთან ერთად) და გოეთეს „ფაუსტის“ ქართულად თარგმანზე. ეს უკანასკნელი მხოლოდ 1962 წელს გამოიცა. 1937 კვლავ დააპატიმრეს და რამდენიმე თვეში დახვრიტეს.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 2016;
  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 107,108, 109;
  • გაზ. „ერთობა“, 1920, №279.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

დავით ონიაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები