შარაშიძე დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დავით შარაშიძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით შარაშიძე

შარაშიძე დავით გიორგის ძე - (დ. - 1877, სოფ. ბახვი, ოზურგეთის მაზრა - გ. - 5.XI.1935) - გამოჩენილი სოციალ-დემოკრატი, ცნობილი პოეტის, შალვა შარაშიძის (თაგუნას) და მკვლევარ-ისტორიკოსის, ქრისტინე შარაშიძის, ძმა, ხოლო პარიზის უნივერსიტეტის პროფესორის გიორგი შარაშიძის მამა იყო (ემიგრანტულ პრესაში 1886 წ. არის დაბადების თარიღად მითითებული).

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა ცნობილი პედაგოგების - გიგო შარაშიძის და ნინო ქიქოძის ოჯახში. ასწავლიდნენ ბახვის სკოლაში, რომელიც გაბრიელ ეპისკოპოსს აუგია (ნინო ქიქოძე გაბრიელ ეპისკოპოსის ძმისწული გახლდათ). თავდაპირველად სოფლის სკოლაში სწავლობდა, შემდეგ ქუთაისში და ბოლოს ოდესის რეალურ სასწავლებელში. ახალგაზრდობიდანვე რევოლუციურ მუშაობაში აქტიურად ჩაერთო. 1905 წლის სტუდენტური გამოსვლების შემდეგ დააპატიმრეს. რამდენიმე თვეში გაანთავისუფლეს იმ პირობით, რომ დაუყოვნებლივ დატოვებდა რუსეთის იმპერიის საზღვრებს. გაემგზავრა შვეიცარიაში, სადაც ჟენევის უნივერსიტეტში მიიღო უმაღლესი განათლება. სამშობლოში დაბრუნებულს აქ ცხოვრების უფლება კვლავ არ მისცეს და იძულებული გახდა უცხოეთში გადახვეწილიყო.

მხოლოდ 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. დაარსების დღიდან რედაქტორობდა სოციალ-დემოკრატთა რუსულ ენაზე გამომავალ გაზეთს - „Борьба“. 1918 იყო ეროვნული საბჭოს წევრი. 1919 დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კვლავ აიძულეს ემიგრაციაში წასულიყო. 1925 წლამდე სტამბოლში ცხოვრობდა, შემდეგ კი საფრანგეთში დასახლდა და იქ გააგრძელა პოლიტიკური და ჟურნალისტური მოღვაწეობა. იყო სოციალ-დემოკრატიული მიმართულების გაზეთების - „ბრძოლა“ და „ბრძოლის ხმა“ - რედაქტორი, ასევე, პარიზში გამომავალი ინტერპარტიული ორგანოს - „დამოუკიდებელი საქართველოს“ თანარედაქტორი. მისი პუბლიცისტური წერილები იბეჭდებოდა საზღვარგარეთის ჟურნალ-გაზეთებში. მან ფრანგულ ენაზე დაწერა და გამოაქვეყნა მოზრდილი შრომა (212 გვერდი) ანრი ბარბიუსის საპასუხოდ, სათაურით: „საბჭოები და საქართველო“, რომელსაც ახლავს კ. კაუცკის ვრცელი წინასიტყვაობა. დაკრძალულია ლევილში.

ლელა სარალიძე

ლიტერატურა

  • სცსა,ფ 2124 (დავით გიორგის ძე შარაშიძის ფონდი), აღწ. 1;
  • გ. შარაძე, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. I, თბ., 2001.

იხილე აგრეთვე

ქართველები უცხოეთში

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები