დანაოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დანაოსი(ბერძნ.) ეგვიპტის მეფის, ბელოსის ძე, ეგვიპტოსის ტყუპისცალი, 50 დანაიდის მამა.

როდესაც ბელოსმა თავის ვაჟებს სამკვიდრო დაუნაწილა, დანაოსს ლიბია მისცა, ხოლო ეგვიპტოსს – მის აღმოსავლეთით მდებარე მიწა.

ერთხანს ბედნიერად მართავდა დანაოსი ლიბიას. მას 50 მშვენიერი ქალიშვილი ჰყავდა. ძმასთან კი მტრობა ჰქონდა მემკვიდრეობ ის გამო. უბედურება მაშინ დაიწყო, როდესაც ეგვიპტოსმა შერიგების მიზნით დამოყვრება შესთავაზა მას: ეგვიპტოსს 50 ვაჟიშვილი ჰყავდა და სურდა მათთვის დანაიდები შეერთო ცოლად. უარზე იდგა დანაოსი, რადგან ეჭვობდა, რომ ძმას ბოროტი ზრახვები ედო გულში. დელფოს მიმართა. ორაკულმა დაუდასტურა, რომ ეგვიპტოსს მისი ქალიშვილების დაღუპვა სურდა.

დანაოსმა ქალღმერთ ათენას შემწეობით პირველმა ააგო ორმოცდაათნიჩბიანი ხომალდი და თავის ასულებთან ერთად გაეცალა იქაურობას. ბედს მინდობილებმა მიაღწიეს არგოლისის ნაპირებს. ამ მიდამოთა პირველი მეფე იყო ინაქოსი, დანაოსის დიდი წინაპარი. ეს კარგად იცოდა დანაოსმა და ამიტომ სამეფო ტახტზე ასვლა მოიწადინა. იმხანად არგოსს მართავდა მეფე გელანორი, რომელმაც ხალხი შეკრიბა და დანაოსის სურვილი ამცნო. ხალხმა კი ზეგარდმო ნიშნის უწყებით მეფედ დანაოსი აირჩია.

მრავალი რამ შეასწავლა ხალხს დანაოსმა, მათ შორის ჭების გათხრაც. ხალხს ისე შეუყვარდა თავისი მეფე, რომ საბერძნეთის ყველა პელასგი მისი პატივისცემით თავს დანაელს უწოდებდა.

ერთხანს მშვიდად მართავდა არგოლისს დანაოსი, მაგრამ მალე დაერღვა ეს სიმშვიდე. სამეფოში შემოიჭრნენ ეგვიპტიდები და მისი ქალიშვილები მოითხოვეს. დანაოსი იძულებული გახდა თანხმობა განეცხადებინა (დანაიდები), მაგრამ ქორწინების ღამეს თავის ასულებს მოაკვლევინა საქმროები. ერთადერთი ჰიპერმნესტრა არ დაჰყვა მამის ნებას და გადაარჩინა თავისი საქმრო ლინკევსი, რომელმაც მოგვიანებით მოკლა დანაოსი.

დანაიდების მითოსზეა აგებული ესქილეს ტრაგედია „მავედრებელნი“. აღსანიშნავია აგრეთვე როდენის სკულპტურული გამოსახულება ამ თემაზე.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები