დარან ყადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დარან ყად-ი (ოს. Дарæн хъæд – „შესანახი მორი“) – საახალწლო მორი, რომელსაც ოსები მაგარი ჯიშის ხეებისაგან (რცხილა, მუხა, ხილის ხეები) ჯერ კიდევ ადრე გაზაფხულზე ამზადებდნენ და ახალი წლისთვის ინახავდნენ.

ახალიწლისწინა საღამოს, როცა დიასახლისი რიტუალური ღვეზელების დაცხობას მორჩებოდა, ოჯახის უფროსს აღნიშნული მორი სხვა მამაკაცების დახმარებით ხაძარში (საცხოვრებელში) საზეიმოდ შემოჰქონდა (სიდიდის გამო ზოგჯერ ხარით შემოზიდავდნენ). ამ მორით ცეცხლის დანთება ხაძარი ხიცაუს (ოჯახის უფროსის) პრეროგატივა იყო. ოსებს სწამდათ, რაც უფრო დიდი ალი ექნებოდა მორს, მით უფრო მოსავლიანი წელიწადი დაუდგებოდა ოჯახს; ავისმომასწავლებლად ითვლებოდა თუ საახალწლო ცეცხლი ჩაქრებოდა; ამიტომ ხშირად მთელი ღამე ფხიზლობდნენ.

მორის შემოტანის დროისთვის დიასახლისს გამზადებული ჰქონდა სამი ცალი ხაბიზჯინი (დისკოს ფორმის ყველიანი ღვეზელი, რომლის ზედაპირს ცენტრიდან კუთხეებისკენ სხივისმაგვარი ხაზები გასდევდა), ე. წ. „ფაძახსან ქარძინთა“, რომლებსაც მორზე დადებდნენ. ოჯახის უფროსი ლუდით ან არყით სავსე თასით ხელში ღმერთს ლოცვას აღუვლენდა და სთხოვდა, რომ დარან ყადის შემოტანა ოჯახისათვის სასიკეთო ყოფილიყო.

ლოცვის შემდეგ ღვეზელებს იქ მყოფნი დაინაწილებდნენ და მორზე გადახტომას იწყებდნენ, რაშიც ძირითადად ბავშვები აქტიურობდნენ. ბიჭების მორზე გადახტომას წლის მანძილზე ვაჟებისა და მამრობითი სქესის საქონლის გაჩენა უნდა მოჰყოლოდა, გოგონებისას – მდედრობითი სქესის ნამატი. შემდეგ ოჯახის წევრები ცეცხლწაკიდებულ მორს ჯოხების ცემას დაუწყებდნენ ძახილით: „იმდენი სიკეთე და ბედნიერება ჩვენ და ჩვენს პირუტყვს, რამდენიც აქ ნაპერწკალია“. მოგვიანებით მორზე ფიჩხს დააყრიდნენ და როცა ცეცხლი ტკაცუნით აალდებოდა, იტყოდნენ: „ასე დაიწვან ჩვენი მტრები და ყველა ისინი, რომლებსაც ჩვენთვის სიკეთე არ უნდათ“. მორს ბოლომდე არავითარ შემთხვევაში არ დაწვავდნენ. მას მომავალ დღეობამდე – დონისქაფანამდე (წყალკურთხევამდე) ინახავდნენ და მხოლოდ მაშინ ანთებდნენ (ამ დღესასწაულით მთავრდებოდა ახალი წლის ციკლის დღეობები ოსებში).

ზოგჯერ მორის დანახშირებულ ნაწილებს მთელი წლის განმავლობაში სახლში ინახავდნენ, რადგან სწამდათ, რომ მას მაგიური ძალა, სამკურანალო თვისებები ჰქონდა. როგორც ამაზე სათანადო მასალები მიუთითებენ, წარსულში მორის დანთება ოსებს ციპურსის დღესასწაულზე (ემთხვევა შობას) სცოდნიათ (ასეთივე ვითარებაა ევროპის ხალხებში, რომლებშიც აღნიშნულ მორს „საშობაო მორს“ უწოდებენ), რაც სპეციალისტების აზრით, შესაძლოა, იმ პერიოდის გამოძახილია, როცა ოსებში საახალწლო დღესასწაული ციპურსით იწყებოდა. ასეა თუ ისე, ოსებს სწამდათ, რომ საახალწლო მორის დაწვასთან ერთად წვავდნენ ძველ წელიწადს ყველა უკეთურობით. სხვა ხალხების ყოფაში დაცული შესაბამისი მონაცემების გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საახალწლო მორი არის ძველი წლის სიმბოლო, რომელსაც მოგვიანებით ნაყოფიერების მაგიური ძალა მიეწერა.

ოსურ საახალწლო მორთან დაკავშირებული ჩვეულების იდენტურია ქართული ხულის (სვანური), ბებერაის (მთიულური) და „გველის გადაგდების“ (მეგრული) რიტუალები, ასევე ევროპის ხალხებში, მათ შორის სლავებში და რუსებში დადასტურებული შესაბამისი წეს-ჩვეულებები, რომლებიც გენეტიკურად უძველეს ინდოევროპულ (და არამარტო ინდოევროპულ) მითოლოგემას – მსოფლიო ხის ძირში მყოფი გველისა და ჭექა-ქუხილის ღვთაების ბრძოლას – უკავშირდებიან.


ლიტერატურა

  • ნ. ანთელავა. ოსური „დარან ყადის“ რიტუალურ-მითოლოგიური კონტექსტი // II საერთაშორისო კონფერენცია: ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები: „ნართების ეპოსის კვლევის თანამედროვე პრინციპები და მეთოდოლოგია“. 13-15 ოქტომბერი. შრომების კრებული/ თბ., 2016;
  • Чибиров Л. А. Народный земледельческий калкндарь осетин. Цхинвали, 1976;
  • Уарзиати В. Праздничный мир осетин. Владикавказ, 1995;
  • Уарзиати В. С., Чибиров Л. А. Календарная и праздничная обрядность // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები