დარასელი ვანიონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვანიონ დარასელი

დარასელი ვანიონ – (1909 – 1954), ქართველი მწერალი, პოეტი და დრამატურგი. დაიბადა სოფელ კახათში (ზუგდიდი). პირველდაწყებითი განათლება მიიღო მისივე სოფლის არასრულ საშუალო სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1923 წელს, შედის ბათუმის ჰუმანიტარულ ტექნიკუმში, რომელსაც წარმატებით ამთავრებს 1927 წელს და იწყებს სოფლად პედაგოგიურ მუშაობას. ლიტერატურის სიყვარული ვანიონ დარასელს მოწაფეობის პერიოდში გაეღვიძა; მოწაფეობიდანვე წერდა ლექსებსა და პატარა მოთხრობებს, მაგრამ ნამდვილი ლიტერატურული შემოქმედებითი მუშაობა სწორედ მასწავლებლად ყოფნის პერიოდიდან დაიწყო. 1928 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა ქუთაისში, სადაც აქტიურად ჩაება ლიტერატურულ-შემოქმედებით საქმიანობაში და თავისი ნაწარმოებებიც გამოაქვეყნა ჟურნალ–გაზეთებში. ამავე პერიოდში იგი გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში.

1934 წელს ქუთაისში გამოვიდა მისი ლექსების კრებული „ჩემი ტყვია და ჩემი ლექსების“ სახელწოდებით. ვანიონ დარასელს მრავალი ლექსი, პოემა, მოთხრობა და პიესა დარჩა, ბევრი გამოქვეყნებული, ზოგიც ხელნაწერის სახით. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.


ბანაკის დილა
შემოი პარა სიო დილისა,
მზე იხედება მთიდან ბავშვივით,
ჯერ არ მინახავს ასე თბილი ცა
კარავის თავზე ფართოდ გაშლილი.
მზეზე ძლიერად თვალი ენთება,
მზიურ ანთია გული მებრძოლთა,
ჩვენთან ლამაზი დილა თენდება,
კავკასიონის ქედის მეზობლად.
მტკვარი მოშხუის, მისი ტალღები
ლიახვის ზვირთებს როგორ შეება...
და შორს ღრუბლებმა ცაში დაიწყეს
ფერად-ფერადი მთების შენება.
ვეღარ მოგვასწროს მზემ გაღვიძება,
მორიგის ძახილს ავყევით უმალ...
მე აღარ მინდა მზის დამცირება,
მაგრამ მას დავძლევთ მხედრები მუდამ.
ჩვენ ვასწრებთ ახლაც, მუდამ ენთება
მებრძოლის ცეცხლი ასე მაღალი,
ჩვენთან შუქსავსე დილა თენდება,
დილა თვით მზეზე უზარმაზარი.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები