დარვინი ჩარლზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩარლზ რობერტ დარვინი

ჩარლზ რობერტ დარვინი - ინგლ. Charles Robert Darwin, (12. II. 1809, შრუზბერი, — 19 IV. 1882. დაუნი, ლონდონის მახლობლად), ინგლისელი ბუნებისმეტყველი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დარვინი დაიბადა ქალაქ შრუზბერში. მამა იყო ცნობილი ექიმი, ხოლო პაპა - ერაზმ დარვინი - XVIII საუკუნის მოწინავე მეცნიერი, სახელგანთქმული პოლკოვნიკი, ექიმი, ნატურალისტი, ფილოსოფოსი და პოეტი. დარვინმა დაწყებითი განათლება შრუზბერში, კერძო სკოლაში მიიღო. 1825 წელს მამის რჩევით, ისედინბურგის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე აგრძელებს სწავლას, სადაც მან ორი წელიდაჰყო. დარვინის მამა დარწმუნდა, რომ მისგან ექიმი არ გამოვიდოდა და ურჩია კემბრიჯში ღმრთისმეტყველებას დაუფლებოდა. დარვინმა წინადადება მიიღო. მას სურდა სოფლის მღვდელი გამოსულიყო, მაგრამ, ამასთანავე, ემუშავა ზოოლოგიაში როგორც მოყვარულ ნატურალისტს. 1831 წელს მან დაასრულა კემბრიჯის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტი და ბაკალავრის ხარისხი მიიღო.

უნივერსიტეტში ყოფნის დროს, დარვინი ძლიერ გაიტაცა ზოოლოგიამ და ბოტანიკამ. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დარვინმა გემ „ბიგლით“ დედამიწის გარშემო იმოგზაურა (1831-1836 წწ.). სამეცნიერო ექსპედიციისას ჩატარებული ბოტანიკური, ზოოლოგიური, პალეონტოლოგიური და გეოლოგიური დაკვირვებების საფუძველზე შეაგროვა მდიდარი საკოლექციო მასალა. 1842 წელს ის დასახლდა სოფელ დაუნში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე, ცხოვრობდა. 1842 წელს დარვინმა დაწერა 35 გვერდიანი (თავისთვის და არა გამოსაქვეყნებლად) ევოლუციური კონცეფციის პირველი ნარკვევი. 1844 წელს ევოლუციური თეორია განავრცო და 230 გვერდიანი ნაშრომი შეადგინა. გავიდა შეუპოვარი შრომისა და ძიების კიდევ 14 წელი, ვიდრე დარვინი თავის იდეის გამოქვეყნებას გადაწყვეტდა. მეგობრების ჩ.ლაიელისა და ჯ.ჰუკერის მტკიცე მოთხოვნის შემდეგ, დარვინის შრომის მოკლე რეფერატი, ა.უოლესის სტატიასთან ერთად, 1858 წლის აგვისტოს შრომებში გამოქვეყნდა. 1859 წლის 24 ნოემბერს დაიბეჭდა დარვინის კაპიტალური ნაშრომი „სახეობათა წარმოშობა...“, რომელიც ბიოლოგიაში ახალი ერის დასაწყისს მოასწავებდა. წიგნის ყველა ეგზემპლარი იმავე დღეს გაიყიდა, რაც მოწმობდა პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოების დიდ ინტერესს ამ თხზულებისადმი.

გულმოდგინე მუშაობა, დიდი წინდახედულება, ფართო დიაპაზონი დარვინში შერწყმული იყო არაჩვეულებრივ თავმდაბლობასთან. მან მრავალრიცხოვანი შრომები დატოვა. ისინი ეხება ზოოლოგიის, ბოტანიკის, გეოლოგიისა და ნიადაგმცოდნეობის საკითხებს.

დარვინის დიდი დამსახურებაა, რომ მან დაადგინა ევოლუციურის განვითარების კანონზომიერებები და სახეობათა ჩამოყალიბების პროცესი, აღმოაჩინა ევოლუციის მამოძრავებელი ძალები.

დარვინი გარდაიცვალა 1882 წლის 19 აპრილს. ის დიდი პატივით დაკრძალეს უესტმინსტერის სააბატოში - ინგლისის პანთეონში - ნიუტონის, ფარადეისა და სხვა დიდ მოღვაწეთა გვერდით.

დარვინ-უოლესის თეორია

მეცნიერულად დასაბუთებული ევოლუციური კონცეფცია XIX ს. მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა. საკუთარი დაკვირვებების, თავის დროის მეცნიერული ცოდნისა და სელექციის მიღწევათა განზოგადების საფუძველზე ჩარლზ რობერტ დარვინმა ჩამოაყალიბა ევოლუციური კონცეფცია. თეორია გადმოცემულია ტრილოგიაში: სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ უკეთშეგუებული ჯიშების გადარჩენა სიცოცხლისათვის ბრძოლაში“ (1859); „შინაური ცხოველებისა და კულტურული მცენარეების შეცვლა“ (1868); „ადამიანის წარმოშობა და სქესობრივი გადარჩევა“ (1871).

ჩ. დარვინი „სახეობათა წარმოშობაზე“ დაახლოებით ოც წელს (1837-58) მუშაობდა. 1858 წ. 18 ივნისს ჩ. დარვინმა მიიღო ინგლისელი ზოოლოგის ალფრედ რასელ უოლესისაგან (1823-1913) სტატია, რომელშიც ევოლუციის იგივე კონცეფცია იყო გადმოცემული. ნაშრომში იდეა ნათლად იყო ჩამოყალიბებული, ხოლო შესრულებული იყო ნაჩქარევად. ავტორი სთხოვდა დარვინს სტატია გადაეცა გამოჩენილი გეოლოგისათვის, ჩ. ლაიელისათვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ კონცეფციამდე ორივე ავტორი თომას რობერტ მალთუსის (1766-1834) ნაშრომმა „ხალხთმოსახლეობის ბუნებრივი კანონი“ (1822) მიიყვანა. დადგა პრიორიტეტის პირველაღმომჩენის საკითხი. დარვინს შეეძლო სტატიის გადაცემა საკუთარი ნაშრომის გამოქვეყნების შემდეგ, რაც მან არაკეთილსინდისიერად მიიჩნია და უოლესს თხოვნა შეუსრულა. ორივე ავტორმა თავიანთი თეორია 1858 წ. 1 ივნისს მოახსენეს ლონდონის ლინეს საზოგადოებას და დაიბეჭდა ამავე წელს საზოგადოების აგვისტოს შრომათა კრებულში. მოგვიანებით უოლესი წერდა, რომ ევოლუციის თეორიაზე დარვინი გაცილებით ადრე მუშაობდა და პრიორიტეტი მას ეკუთვნისო. მანვე შემოიტანა ევოლუციის თეორიის აღსანიშნავად ტერმინი „დარვინიზმი“. ხშირად ევოლუციის ამ კონცეფციას დარვინ-უოლესის თეორიას უწოდებენ.

ევოლუციის კონცეფცია

ამ კონცეფციის თანახმად ევოლუციის ფაქტორებია მემკვიდრულობა, ცვალებადობა და ბუნებრივი გადარჩევა. მექანიზმი, რომელიც წინარე სახეობიდან ახალი სახეობების წარმოშობას აპირობებს, არის ბუნებრივი გადარჩევა. ბუნებრივი გადარჩევის პრინციპი სამ მთავარ დაკვირვებასა და ორ დასკვნაზეა დაფუძნებული.

დაკვირვება 1. დარვინმა შენიშნა, რომ ყოველ ინდივიდს დიდი რეპროდუქციული პოტენციალი გააჩნია. მათ გეომეტრიული პროგრესიით გამრავლების უნარი აქვთ.

დაკვირვება 2. ყოველ სახეობაში ინდივიდთა რაოდენობა თაობათა მანძილზე თითქმის უცვლელია. რეალურად არსებულ ინდივიდთა რაოდენობა არ შეესაბამება გამრავლების ინტენსიობას (ჩნდება მრავალი შთამომავალი, მაგრამ სქესობრივ მომწიფებას მხოლოდ ერთეულები აღწევენ).

დასკვნა 1. ვინაიდან მშობლები დიდი რაოდენობით იძლევიან შთამომავლობას, ხოლო ზრდასრულ ასაკს ერთეულები აღწევენ, მათ შორის წარმოებს კონკურენცია საარსებო რესურსებისათვის, ანუ მიმდინარეობს „არსებობისათვის ბრძოლა“.

დაკვირვება 3. დარვინმა შენიშნა, რომ ერთსა და იმავე სახეობაში ორი აბსოლუტურად იდენტური ინდივიდი არ გვხვდება. შეინიშნება ნაირგვარობა (პოლიმორფიზმი), სხვაგვარად, ცვალებადობა ცოცხალი ბუნების ერთ-ერთი თვისებაა. თუ განსხვავდებიან ზრდასრული ფორმები, იმავე მოვლენას უნდა ვხვდებოდეთ მოზარდებშიც.

დასკვნა 2. არსებობისათვის ბრძოლაში იმარჯვებენ ის ინდივიდები, რომელთაც მოეპოვებათ სასარგებლო ნიშან-თვისებები, რითაც უკეთ ეგუებიან გარემო პირობებს და ამიტომ, ისინი დიდი რაოდენობით ტოვებენ შთამომავლობას, ე.ი. მათ „რეპროდუქციული უპირატესობა“ აღენიშნებათ ნაკლებ შეგუებულებთან შედარებით. დროთა განმავლობაში ამ პროცესის მრავალჯერადი განმეორება საზიანო ვარიაციების ელიმინაციას, და სასარგებლო ვარიაციების გადარჩენას იწვევს. უკეთ შეგუებულთა გადარჩენა არსებობისათვის ბრძოლაში ბუნებრივი გადარჩევის საფუძველია.

დარვინმა დამაჯერებლად აჩვენა, რომ ბუნებრივი გადარჩევის მეშვეობით შესაძლებელია აიხსნას ორგანული სამყაროს ყველა მახასიათებელი, ტაქსონომიურ-იერარქიული სისტემიდან მოყოლებული, ფარშავანგის კაშკაშა შეფერილობის წარმოშობით დამთავრებული, როგორც რუდიმენტული ორგანოების არსებობა, ისე დედამიწაზე ორგანიზმთა განსახლების თავისებურებანი. დარვინის მეცნიერული მემკვიდრეობა მეტყველებს იმაზე, თუ როგორ ღრმად და მრავალმხრივ სწავლობდა იგი ბუნებას, რაოდენ დიდი იყო მისი სამეცნიერო ერუდიცია. ასევე განსაცვიფრებელია მისი თეორიული ნოვატორობა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად დარვინ-უოლესის კონცეფცია სწრაფად დამკვიდრდა მეცნიერებაში და საფუძვლად დაედო თანამედროვე ბიოლოგიას. დარვინის თეორია განუწყვეტლივ ვითარდება და მასში შეიძლება სამი პერიოდი გამოვყოთ: რომანტიკული, უარყოფისა და სინთეზური თეორიის (ნეოდარვინიზმი).

იხილე აგრეთვე

დარვინი ჩარლზ

წყარო

შათირიშვილი, ა. მიკროევოლუციის საფუძვლები : [სახელმძღვ. ბიოლ. სპეც. სტუდ. / რედ.: ი. ელიავა, თ. ლეჟავა] ; თსუ. - თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2005. - 311გვ. : სურ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 298-300

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები