დარვინი ჩარლზ (ფსიქოლოგიის ლექსიკონი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩარლზ რობერტ დარვინი

დარვინი ჩარლზ - Darwin Harles, Чарлз Дарвин, 1809-1882

გამოჩენილი ინგლისელი ბიოლოგი და ნატურალისტი, ევოლუციური მოძღვრების ავტორი. ეს მოძღვრება ჩამოყალიბებულია სახელგანთქმულ თხზულებაში „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი შერჩევის გზით” (1859), რომელიც, ფსიქოლოგიის ისტორიკოსის თქმით, „ეპოქის ინტელექტუალურ ფენომენად იქცა და მის გავლენას დაემორჩილა ბიოლოგიაც და ფსიქოლოგიაც” (ე. ბორინგი).

ევოლუციური თეორიის მიხედვით, ევოლუციის პროცესში მოქმედებს „ბუნებრივი შერჩევის” პრინციპი, ანუ ცოცხლი რჩება ის ორგანიზმი, რომელსაც აღმოაჩნდება გარემოსთან შეგუების ყველაზე ქმედითი მექანიზმები და თვისებები. ეს თვისებები ეხება როგორც ბიოლოგიურ, ისე ფსიქოლოგიურ ფუნქციებს და გადაიცემა მემკვიდრეობით. წარმატებული თვისება ამ გზით ფილოგენეზში ფიქსირდება.

ამ აზრებმა უდიდესი გავლენა მოახდინა ფსიქოლოგიის განვითარებაზე და გახდა მისი, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების აღმოცენების ერთერთი საწინდარი. დარვინიზმის გავლენა მაშინვე აისახა კლასიკური ზოგადფსიქოლოგიური სისტემების შინაარსში, კერძოდ ჰ. სპენსერის „ევოლუციურ ასოციაციონიზმში” , უ. ჯეიმსის და ფუნქციონალიზმის შეხედულებებში. ცნობიერების სტრუქტურის ანალიზიდან ფსიქოლოგების ინტერესმა ფსიქიკის ადაპტაციური ფუნქციის კვლევაზე გადაინაცვლა. ამას ბუნებრივად მოჰყვა გარემო-ინდივიდის ურთიერთკავშირის და მიზანშეწონილი ქცევის პრობლემატიკის წინ წამოწევა. ამდენად, დარვინიზმი და მასთან დაკავშირებული ბიოლოგიური დეტერმინიზმის გავლენა, ასე თუ ისე, თავს იჩენს ახალი ფსიქოლოგიის მიმდინარეობათა უმრავლესობაში (ბიჰევიორიზმი, რეფლექსოლოგია, ჰორმული თეორია, გეშტალტფსიქოლოგია, ფსიქოანალიზი, ზოგიერთი პერსონოლოგიური სისტემა, მარქსისტული ფსიქოლოგია და სხვა).

შეხედულება ორგანიზმების ინდივიდუალური ვარიაციის ანუ სიცოცხლის განუწყვეტელი ცვალებადობის შესახებ ევოლუციური თეორიის აუცილებელი ნაწილია. შესაბამისად, დაისვა საკითხი ინდივიდუალური ვარიაციების შესახებ ფსიქიკაში, რამაც მძლავრი იმპულსი მისცა კვლევის ახალი მიმართულების შემუშავებას. მისი საგანი იყო ადამიანთა შორის მემკვიდრეობის კანონებით განსაზღვრულ ინდივიდუალურ განსხვავებათა შესწავლა, რომლის ინიციატორი გახდა დარვინის ბიძაშვილი, ფ. ჰალტონი. კვლევის ეს მიმართულება დიფერენციალურ ფსიქოლოგიამდე მივიდა.

პირველ რიგში დარვინის გავლენით დაისვა დღის წესრიგში საკითხი ცხოველთა ფსიქიკის შესახებ, ვინაიდან ევოლუციის თეორია მოითხოვს სხვადასხვა სახეობის ცხოველებსა, და შემდგომ, ცხოველებსა და ადამიანს შორის უწყვეტი განვითარების დადასტურებას. დარვინს ეჭვი არ ეპარებოდა იმაში, რომ ცხოველებს აქვთ მრავალი განცდა და ფსიქიკური უნარიანობა/ ფსიქიკური პროცესი. აქედან გამომდინარე, საჭიროა იმის გარკვევა, თუ როგორია, საზოგადოდ, ფსიქიკის თავისებურებანი ფილოგენეზში და როგორ მიმართებაშია ერთმანეთთან ადამიანისა და ცხოველის ფსიქიკური ცხოვრება. მოკლედ, სტიმული მიეცა ზოოფსიქოლოგიისა და შედარებითი ფსიქოლოგიის განვითარებას. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით თავად დარვინმა გადადგა. წიგნში „ემოციის გამოსახვა ადამიანსა და ცხოველებში” (1872), მან აჩვენა მემკვიდრეობითობა და მსგავსება ადამიანისა და ცხოველის შორის ემოციებს შორის, სახელდობრ, მათი სხეულებრივი გამოხატულების მხრივ {გამომხატველი მოძრაობები}.

ფილოგენეზის გარდა ევოლუციურ-გენეტიკური იდეები ონტოგენეზზეც გავრცელდა. ბავშვის ფსიქოლოგიის საწყის ეტაპზევე გავრცელდა ე.წ. რეკაპიტუალციის თეორია, რომლის თანახმად ინდივიდუალური განვითარების პროცესში ბავშვი იმეორებს კაცობრიობის ევოლუციური და კულტურული განვითარების ეტაპებს. ბავშვის ფსიქოლოგიის ფუძემდებლები შეგნებული ევოლუციონისტები იყვნენ (ვ. პრაიერი, ს. ჰოლი, ჯ. ბოლდუინი, ე. კლაპარედი და სხვანი). ეს არაა გასაკვირი, რამდენდაც ეს მოძღვრება პრინციპულად აყენებდა ამოცანას, გარკვეულიყო ფსიქიკური განვითარების მამოძრავებელი ძალები, ამ პროცესში მემკვიდრეობისა და გარემოს როლი, გარემოსთან ბავშვის ურთიერთობის, მასთან ადაპტაციის თავისებურებანი და სხვა. დარვინის ევოლუციურ თეორიას ეყრდნობოდა ჟ. პიაჟე, როცა ბავშვის გონებრივ განვითარებას გარემოსთან აქტიური ადაპტაციის პროცესად განიხილავდა. თავად დარვინი უშუალოდ იყო ჩართული ბავშვის ფსიქოლოგიურ კვლევაში. იგი სისტემატურ დაკვირვებას აწარმოებდა თავის შვილზე დაბადებიდან სამ წლამდე და გამოაქვეყნა მონაცემები მისი სენსომოტორიკის, მეტყველების, აზროვნების, ემოციების, ზნეობრივი ქცევის განვითარების შესახებ (1877).

ბოლოდროინდელ კვლევებში დარვინი ცოცხალ ბუნებაში არსებული სილამაზით დაინტერესდა {ევოლუცია}. დარვინის თეორიის კრიტიკა მის უნივერსალიზმს და ანთროპომორფიზმს უკავშირდება {ევოლუცია}. ზურაბ ვახანია).


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

იხილე აგრეთვე

დარვინი ჩარლზ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები