დარტყმა (სამხედრო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დარტყმა - აგრესიული ან ძალისმიერი სამხედრო ზემოქმედება, რომელიც ჩვეულებრივ, მოულოდნელად ხორციელდება. ოპერაციასა და ბრძოლაში სარაკეტო ჯარების, სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ოპერატიული (საბრძოლო) გამოყენების ფორმა. მისი არსია მოწინააღმდეგის ხანმოკლე მძლავრი დაზიანება ბირთვული, ჩვეულებრივი იარაღით ან ჯარების შეტევით (ჯარების დარტყმა).

მასშტაბის მიხედვით დარტყმა შეიძლება იყოს სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური; გამოყენებულ საშუალებათა კვალობაზე – ბირთვული (ბირთვულ-სარაკეტო) და საცეცხლე (საარტილერიო, სარაკეტო და საავიაციო).

სარაკეტო დარტყმა შეიძლება იყოს ცალკეული, ჯგუფური ან მასირებული. ამ დარტყმის მიყენება ხდება მოწინააღმდეგის ერთ ან რამდენიმე ობიექტზე შეიარაღებული ძალების ერთი, ან რამდენიმე სახეობის საშუალებებით ერთდროულად.

საავიაციო დარტყმა შეიძლება იყოს ცალკეული, ჯგუფური (თავმოყრილი) ან მასირებული. მას ახორციელებს რამდენიმე შენაერთი (ნაწილი, ქვედანაყოფი) ერთდროულად ან თანამიმდევრულად.

ქვეითი ან სატანკო ჯარებისათვის დარტყმა გამოიხატება მოწინააღმდეგის საცეცხლე (ბირთვული) დაზიანებით, ქვეითებისა და ტანკების სწრაფი იერიშით სარაკეტო ჯარების, არტილერიის, ავიაციისა და სამხედრო-საზღვაო (ზღვისპირა მიმართულებებზე) ძალების მხარდაჭერით.

ოპერაციებში ჯარებმა შეიძლება მოწინააღმდეგეს მიაყენონ რამდენიმე დარტყმა, რომელთაგან ერთ-ერთი არის მთავარი. შეტევაში მოწინააღმდეგის თავდაცვის გარღვევასთან ერთად, ჩვეულებრივ, ხორციელდება ფრონტალური დარტყმებიც; მოწინააღმდეგის დაჯგუფების გარშემორტყმის ან შემოვლის მიზნით მას მიაყენებენ ფლანგურ დარტყმას, ხოლო გახლეჩისთვის – გამკვეთ დარტყმას. სამხედროსაზღვაო ფლოტის ხომალდებს შეუძლიათ დარტყმა განახორციელონ ტორპედული იარაღით და წერტილოვანი დარტყმით სხვადასხვა სახეობის იარაღის გამოყენებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები