დარძა-ნიანილგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დარძა-ნჲანილგ-ი / დერზ ნჲანა (ინგ. Дардза-наьнильг – “ქარბუქის დედა“; ჩეჩნ. Дерз наьна – „წვრილი წვიმის დედა“) – ქარბუქისა და მთის სული ვაინახურ მითოლოგიაში. ზოგიერთი გადმოცემით, იგი ადამიანთა მიმართ კეთილისმყოფელი ქალღვთაება და ღმერთის თანაშემწე იყო, მაგრამ, იქცა რა ავსულად, უზენაესი განუწყრა და ბაშლოამის/ბეშლამის (ყაზბეგის) თოვლიან მთაზე ცხოვრება მიუსაჯა. როცა დარძა-ნჲანილგი განრისხებულია, ადამიანებისა და ცხოველებისკენ მიმართავს საშინელი ძალის ღრუბელს, რომელსაც მთების (ბაშლოამის გარდა) გადმოპირქვავება შეუძლია. ამ დროს ქარბუქის დედას თვალები ცეცხლოვან ისარს მიუგავს, ხოლო მისი ხმა ისე ქუხს, რომ ქვები და ყინულები დაბლა ცვივა; როცა განაწყენებულია, ტირის და ხეობას ცრემლით ავსებს.

ყაზბეგის რაიონის სოფ. გველეთში ინგუშეთიდან გადმოსახლებული ქისტების რწმენით, ბაშლოამის მწვერვალზე მცხოვრები დარძა-ნჲანილგი მთის სულია, რომელთანაც მუდმივად ანთია ხის სამი მორი; მას აქვს მუდმივი პური და მოხარშული ცხვრის ბარკალი, რომელთა ნაწილის შეჭმის შემდეგ იგი აღდგება. დარძა-ნჲანილგის გულის მოსაგებად, მდ. ყაბახის გაყოლებაზე, დევდორაკის ხეობაში მოწყობილი იყო სამსხვერპლო, ე. წ. დაბა, სადაც მას თხისა და ჯიხვის რქებს სწირავდნენ. ზაფხულში გველეთელი ქისტები დაბასთან იკრიბებოდნენ და, სათანადო ლოცვისა და მსხვერპლშეწირვის შემდეგ, დროს ცეკვა-თამაშში ატარებდნენ. ადგილობრივებს სწამდათ, რომ დარძა-ნჲანილგს ბაშლოამის მთის თოვლიან მწვერვალზე შემოხაზული ჰქონდა მაგიური წრე, რომლის გადაკვეთისა და წმ. მთის მწვერვალთან მიახლოების უფლება მოკვდავებს არ ჰქონდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი დადგენილი წესის დამრღვევს გადმოაგდებდა და ზედ ყინულის ლოდებს დააყრიდა; დარძა-ნჲანილგი არავის უნახავს, მაგრამ მრავალს მოუსმენია მისი მამლისებური ძახილი, რითაც იგი ჯადოსნურ წრესთან მიახლოებულებს აშინებდა. აგრეთვე, გავრცელებული იყო რწმენა, რომ დიდი დათვის თანავარსკვლავედი წარმოქმნილია დარძა-ნჲანილგის შვიდი ვაჟისგან, რომლებმაც მდნარი სპილენძი დალიეს და ზეცაში ადრე ასული მერვე ძმის მოსაძებნად ავიდნენ და ვარსკვლავებად იქცნენ. ვაინახები დიდი დათვის თანავარსკვლავედს „ქარბუქის ვაჟებს“ (Дардза-къонгаш) უწოდებენ. ზოგიერთი მითოლოგიური გადმოცემის თანახმად, დარძა-ნჲანილგს ჰყავს ქმარიც („თყა“)


ლიტერატურა

  • Висковатов С. С Казбека // РВ. СПб., 1865. Т. X;
  • Далгат Б. К. Первобытная религия чеченцев и ингушей. М., 2004;
  • Дахкильгов И. А. Мифы и легенды вайнахов. Грозный, 1991;
  • Светлов В. Я. Сочинения. Т. 2. СПб., 1910.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები