დასტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დასტა


დასტა - აღმოსავლური ჩასაბერი საკრავების ანსამბლი. შემადგენლობა: ორი ზურნა ან ორი დუდუკი და ერთი დოლი. პირველი მეზურნე - უსტა (ოსტატი) ასრულებს მელოდიას, მეორე მეზურნე - დამქაში მიჰყვება მას გაბმული ბანით. მედოლე მომღერალიცაა. დასტის რეპერტუარი მრავალფეროვანია. ასრულებენ უმთავრესად საყოფაცხოვრებო, ლირიკულ-სატრფიალო, სალაღობო, საცეკვაო მუსიკას.

დასტა საქართველოში აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოვიდა XVII ს-დან. იგი ყარაჩოხელებისა და ქართველი არისტოკრატიის დროსტარების თანმხლები იყო. დასტის რეპერტუარი თბილისში განვითარდა და გამდიდრდა. დასტამ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა XX ს-ის 30-იან წლებში, როდესაც მომღერალმა ანა ვარდიაშვილმა მედუდუკეთა ტრადიციულ დუეტს მესამე დუდუკი დაუმატა. ამიერიდან დუდუკზე დაიწყო სამხმიანი ქართული სიმღერების შესრულება და დიდი პოპულარობაც მოიპოვა. ამგვარად „გაქართულდა“ დუდუკი.

თბილისში (და ყველგან სადაც დასტის ტრადიცია გავრცელდა) ქორწილის დაწყება, „მეფის“ მოსვლა აუცილებლად ზურნის დაკვრით უნდა აღნიშნულიყო. ღამით, ქორწილის დროს, ზურნას აღარ უკრავდნენ, მაგრამ დილით ზურნაზე „დილის საარი“ აუცილებლად უნდა შესრულებულიყო. ზურნაზე საგანგებო ჰანგი „საქორწილო“ სრულდებოდა პატარძლის ოჯახში მზითევის გადატანის დროს.

დასტა

დასტის აუცილებელი მონაწილეობა დასტურდება თბილისისა და შიდა ქართლის ზოგიერთ სოფელში (ცხინვალში, ლიახვის ხეობაში) ქორწილის მეორე დღეს „მეფისა“ და მისი მაყრიონის მსვლელობაში წინაპართა საფლავზე საგანგებო ჰანგის („სამგზავრო“) დაკვრით. „მეფეს“ იქ უნდა ეცეკვა, ზოგჯერ ჭიდაობაც იმართებოდა. ამ დროს საცეკვაო და საჭიდაო უნდა შესრულებულიყო. უკან დაბრუნებისასა ისევ საცეკვაო იკვრებოდა.

დასტა გამოიყენება მიცვალებულის კულტთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებში. თბილისში იცოდნენ პანაშვიდზე „დამკვრელების“ - დასტის (უმეტესწილად მეზურნეების) მიწვევა. ამისათვის არსებობს საგანგებო რეპერტუარი („მკვდარზე რასაც იმღერებდნენ, იმას ქეიფში არ მღეროდნენ, იმას თავისი სიმღერა აქვს“). ცხედრის მიწად მიბარების შემდეგ სრულდება საგანგებო სამგლოვიარო ჰანგი - მასრაფი. თბილისურ ქორწილში მესაკრავეთა მონაწილეობა მოწმდება ჟ. შარდენის ცნობითაც.


წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები